ყარაბაღში გამყოფ ზოლზე დაძაბულობა არ კლებულობს
ინფორმაცია სომხეთიდან
სომხეთის მედია, ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, იუწყება: დღეს დილიდან გამყოფ ზოლზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევენ და იყენებენ სხვადასხვა კალიბრის სასროლი იარაღს, „ჰაუბიცაД-30-ს, დივიზიურ ზარბაზან Д-44-ს, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ასევე იუწყებიან, რომ დაბომბვის შედეგად ჭურვის ნამსხვრევებით მიყენებული სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები მიიღო თავდაცვის არმიის სამმა სამხედრო მოსამსახურემ. აზერბაიჯანული მხარის აქტიურობის ჩასახშობად ხორციელდება საპასუხო ზომები.
ყარბაღის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ფრონტის წინა ხაზზე „სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.“
ინფორმაცია აზერბაიჯანიდან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 7 ივლისს საგანგებო განცხადება გაავრცელა და ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფრონტის ხაზზე სომხეთის პოზიციებზე განხორციელებული მასობრივი დარტყმის შესახებ განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „სომხური მხარის მიერ თავიდან დაგეგმილი მიზანმიმართული დივერსიის აღსაკვეთად და სოფელ ალხანლის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო შურის საძიებლად 7 ივლისს აზერბაიჯანულმა არმიამ ზუსტი საარტილერიო დარტყმები მიიტანა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ძალების, და განსაკუთრებით სომხეთის არმიის თვდაცვის ბატალიონის რაიონში წინასაწარ მონიშნული სამიზნეების მიმართულებით.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ჩვენი ჯარის მიერ ფრონტის ფიზული-ხოჯავენდის მიმართულებით განხორციელებული ქმედებების შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის თავდაცვის ბატალიონის რაიონში შემავალი მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალა, რამდენიმე ერთეული საბრძოლო ტექნიკა სრულიად არის მწყობრიდან გამოსული, დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება სამხედრო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი“.
სამინისტრო ასევე იუწყება, რომ მიღებულია სარწმუნო ინფორმაცია ფრონტის ხაზზე სოხური საჯარისო ნაწილების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე. აზერბაიჯანული ჯარი ასევე საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.