ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული სპეცრაზმის მხრიდან დივერსიის მცდელობის აღკვეთის შესახებ იუწყება
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 22 ივნისის ღამით აზერბაიჯანულმა სპეცფორმირებებმა დივერსიული შეღწევა სცადეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თავდაცვის ჯარის მორიგე საბრძოლო ქვედანაყოფებმა, მაღალი ტაქტიკური მზადყოფნისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, დივერსიული დაჯგუფების გადაადგილება დროულად დააფიქსირეს“.
აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები საწყის პოზიციებზე გადაისროლეს. სომხურ მხარეს მიაჩნია, რომ ამ დროს მათ, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაკარგეს. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სომხეთის პოზიციათაშორის ზონაში პირადი ნივთები დატოვეს. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას დართული აქვს დივერსანტების კუთვნილი ნივთების ამსახველი ფოტოები.
სომხური მხრიდან დანაკარგი არ აღნიშნულა.
გაერომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია იზიარებს ეუთოს მინსკის ჯგუფის შეშფოთებას მთიან ყარაბაღში გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახლახან მომხდარი შემთხვევების გამო. გაერო მოლაპარაკებების განახლების თაობაზე თანათავმჯდომარეების მოწოდებას უერთდება, და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას.
წინა დღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა რეგიონული ვიზიტის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მოუწოდეს მხარეებს, რომ გამყოფ ზოლსა და აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად ზომები მიიღონ, ასევე გამოავლინონ პოლიტიკური ნება მოლაპარაკებების განსაახლებლად, რადგან ეს ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის თავდაცვითი უწყებისა და სომხეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გაკეთებული განცხადება უარყო.
„სომხეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ შეთითხნილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ხერხს კიდევ ერთხელ მიმართა. ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი დანაკარგებისა და ფრონტზე წარუმატებლობის სარეაბილიტაციოდ ხდება“, – ციტირებს სააგენტო „მინვალი“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებს.