სომხეთში ხელი მოეწერა მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მემორანდუმს
სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის ლიდერიცაა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, და 125-წლოვანმა სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია „დაშნაკცუტიუნმა“ კოალიციის შექმნის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს ნიშნავს, რომ ორივე პოლიტიკური სუბიექტი ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას ერთობლივად იღებს.
კოალიციის შექმნა სიურპრიზი არ გამხდარა, რადგან ჯერ კიდევ გასულ წელს “სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასა” და სომხურ რევოლუციურ ფედერაცია “დაშნაკცუტიუნს” შორის ხელი მოეწერა პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რის შედეგადაც „დაშნაკცუტიუნმა“ მინისტრის სამი და გუბერნატორის ორი პორტფელი მიიღო, და ფაქტობრივად, ხელისუფლების შემადგენლობაში შევიდა.
ახლანდელი დოკუმენტით კი ძალაუფლების გაყოფა უკვე კოალიციური თანამშრომლობის სახით არის გამყარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორც “სომხეთის რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, პარტიებს შორის კოალიციური თანამშრომლობის მთავარ მიმართულებები იქნება – კორუფციასთან ბრძოლა, კონცეფციის „ერი-ჯარი“ დანერგვა, სამართლებრივი რეფორმები, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრობლემებით დაკავებული ორგანიზაციებისთვის მომავალში ხელის შეწყობა.
სომხური რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტიუნის” წევრმა აგვან ვარდანიანმა აღნიშნა, რომ ამ ორ პარტიას ფასეულობათა სისტემა აერთიანებს, და კარგი და მტკიცე მუშაობით ისინი ხარისხიანი ცვლილებების მოხდენას შეძლებენ.
“სომხეთის რესპუბლიკური პარტია” და სომხური რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტიუნი” ადრეც იყვნენ კოალიციური პარტნიორები, მაგრამ 2009 წელს, სერჟ სარგსიანის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, “დაშნაკცუტიუნმა” კოალიცია დატოვა და თავი ოპოზიციად გამოაცხადა.
კოალიციურ პარტნიორებს მემორანდუმში არ მიუთითებიათ, თუ ამჯერად როგორ გადანაწილდება სამთავრობო პორტფელები, შეინარჩუნებს თუ არა “დაშნაკცუტიუნი” სამ ადგილს მთავრობაში და გუბერნატორის ორ ადგილს, თუ კიდევ მეტი რაოდენობის თანამდებობებს მიიღებს.
დოკუმენტში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენების უფლებას სომხეთის რესპუბლიკური პარტია ფლობს, ხოლო ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ეს თანამდებობაა სომხეთში წამყვანი – მას შემდეგ, რაც ქვეყანა მართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნებოდა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრის, მთავრობის მოქმედი მეთაურის კარენ კარაპეტიანის კანდიდატურა. ახლახან, თავის ბოლო ინტერვიუში კარენ კარაპეტიანმაც დაადასტურა, რომ მზად არის, კაბინეტის ხელმძღვანელობა გააგრძელოს.
დოკუმენტი კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ ახალი პარლამენტის უფლებამოსილების დასრულებამდე იმოქმედებს – ანუ 5 წელიწადს.