სომხეთში მომხმარებელთა 86% არალიცენზირებულ პროგრამებს იყენებს
სომხეთში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენების სიხშირე საკმაოდ მაღალია.
ორგანიზაცია BSA-ს გასული წლის მონაცემების მიხედვით, სომხეთი არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გავრცელების მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა, და მხოლოდ ვენესუელასა და ზიმბაბვეს ჩამორჩება. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ Microsoft-ის სომხური ოფისის ხელმძღვანელმა ლიანა კორკოტიანმა განუცხადა.
მისი თქმით, პერსონალური კომპიუტერების მომხმარებელთა 86% მეკობრულ ასლებს იყენებს, და არა – ლიცენზირებულ პროგრამებს, რასაც სხვადასხვა ნეგატიური შედეგი მოჰყვება.
„მეკობრეობა სერიოზულად აისახება ქვეყნის რეიტინგზე, კერძოდ, უცხოელი ინვესტორების კონტექსტში, რადგან ყოველთვის ექცევა ყურადღება საავტორო უფლებების დაცვასა და მეკობრეობის დონეს. გარდა ამისა, ეს კიბერრისკებსაც ზრდის“, – განაცხადა ლიანა კორკოტიანმა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდა, და მათთვის იმის ახსნა, თუ რით არის საშიში არალიცენზირებული პროგრამების გამოყენება.
რეგიონში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების მხრივ, სომხეთი ლიდერობს. რეგიონის ზოგმა ქვეყანამ, საქართველოსა და რუსეთის ჩათვლით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მაჩვენებლები. სომხური ოფისის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ლიცენზირებული პროგრამების გამოყენებისკენ მოუწოდა, რათა მომხმარებელს დღეს ასე აქტუალური კიბერუსაფრთხოება უზრუნველყოფილი ჰქონდეს და მეკობრეობის დონემ იკლოს.