სომხეთში ერევნის ეუთოს ოფისის დაკეტვაში მხოლოდ აზერბაიჯანს არ ადანაშაულებენ
სომხეთში ერევნის ეუთოს ოფისის დაკეტვასთან დაკავშირებით მსჯელობას განაგრძობენ. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებში ცდილობენ, გაიგონ, თუ როგორ შეძლო აზერბაიჯანმა ოფისი საქმიანობის გაგრძელებისთვის ვეტოს დადება.
ფონდ „ევრაზია-თანამშრომლობის“ ხელმძღვანელმა გევორგ ტერ გაბრიელიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ეუთოს ერევნის ოფისის დაკეტვა აზერბაიჯანის დიდი თამაშის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მაგრამ, არ აღნიშნა, თუ მისი აზრით, რა ქმედებები მოჰყვება ამას. ყოველ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ წარმომადგენლობის დახურვას უშუალო ნეგატიური გავლენა არ ექნება, რადგან ეუთოსა და სომხეთის ერთობლივი პროგრამები სხვა გზებით განხორციელდება.
ტერ გაბრიელიანს მიაჩნია, რომ სომხეთის მხარეს შეეძლო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ოფისის დაკეტვა არ დაეშვა, საამისოდ კი მანამდე უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ ეს საფრთხე თავიდან აეცილებინათ.
ფონდის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მოცემულ პროცესში რუსეთის დაინტერესებაც არსებობს – ამყოფოს სომხეთი საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან იზოლაციაში. სომხეთმა კი ასეთი სცენარი არც გაითვალისწინა, თუმცა მანამდე რუსეთმა ეუთოს ოფისი საქართველოშიც დახურა.
სომხეთის ეროვნული საკრებულოს საგარეო სქმეთა კომისიის ხელმძღვანელს ოვანეს იგნატიანს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანმა ერევანში ეუთოს ოფისის დახურვის შედეგები უნდა იგრძნოს, ამისთვის კი აუცილებელია, რომ სომხეთმა უკვე ახლავე დაიწყოს ეუთოს მომდევნო სამიტისთვის მზადება და „დესტრუქციული ქმედებების“ დამგმობი განცხადებით გამოვიდეს.
ოპოზიციური დეპუტატი ედმონ მარუკიანი ასევე მიიჩნევს, რომ სომხეთისა და ეუთოს ურთიერთობა პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაზარალდება, მაგრამ არ ეთანხმება იმ აზრს, თითქოს სომხეთმა ყველანაირი ძალა არ იხმარა ორგანიზაციის ოფისის შესანარჩუნებლად. მისი სიტყვებით, „აზერბაიჯანმა სიჯიუტე გამოავლინა და თავისი გაიტანა“.