სომხეთში ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეას განიხილავენ
სომხეთში აქტიურად განიხილავენ ბიზნეს-ომბუსმენის ინსტიტუტის შემოღების იდეას. ინიციატორების თქმით, მისი ძირითადი ამოცანა მეწარმეთა ინტერესების დაცვა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენა იქნება.
ვიდრე ექსპერტები და პოლიტიკოსები ამ საკითხს განიხილავენ, სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სურენ კმორიანმა დღეს თქვა, რომ „მეწარმეთა უფლებების დაცვის პროექტი“ უკვე მზად არის, და წარდგენილია ფართო განხილვისთვის. შემდეგ ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება დასრულებული და გასწორებული სახით.
კმორიანმა აღნიშნა, რომ ბიზნეს-ომბუდსმენის ერთ-ერთი ამოცანა იქნება მეწარმეთა საქმიანობის დროს გამოვლენილი პრობლემებზე სწრაფი რეგირება და მათი ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ბიზნეს-ომბუდსმენის წყალობით, შესაძლებელი იქნება ინვესტიციების სტიმულირება, ბიზნესის მხარდაჭერა, ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება და ასე შემდეგ.
ბიზნეს-ომბუდსმენის იდეის წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი გამოვიდა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან ტატოიანი. მან განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა უკვე არსებული ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტის განვითარება, და არა ახლის შექმნა. არმან ტატოიანის აზრით, ბიზნეს-ომბუდსმენი არსებითად მის მოვალეობებს შეასრულებს: „ უკიდურეს შემთხვევაში ამ ადამიანს შეეძლება მე მომმართოს და ამგვარი დუბლიაჟი ჩვენს სამუშაოს ხელს შეუშლის. მე ამის წინააღმდეგი ვარ“.
ეკონომისტმა, სომხეთის ეროვნული საკრებულოს ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა მიკაელ მელკუმიანმა თქვა, რომ ბიზნეს-ომბუდსმენის საჭიროება არსებობს, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებულად სჭირდება დაცვა:“80 ათასი მეწარმის უფლებები უნდა დავიცვათ, ისინი სხვას ვერავის მიმართავენ“.
Facebook-ის მომხმარებლებმა ჯერ ვერ მოასწრეს ამ საკითხის ირგვლივ აქტიური მსჯელობის გამართვა, თუმცა რამდენიმე პუბლიკაცია უკვე გაჩნდა:
“მომუშავეთა უფლებების დამცველის ინსტიტუტი არ გინდათ, რომ შექმნათ? ვითომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია? დღესდღეობით სომხეთში დამსაქმებლები, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, მომუშავეები კი მათი თავხედობისგან დაცულები არ არიან“.
„ბიზნეს-ომბუდსმენი?… და მის ინტერესებს ვინღა დაიცავს“.
„საინტერესოა, ვისთვის იქმნება ეს თანამდებობა“.