მხითარიანმა, შესაძლოა, ბაქოში გასამართი ევროპის ლიგის ფინალი პოლიტიკის გამო გამოტოვოს
ლონდონის „არსენალმა“, რომელშიც სომხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გენრიხ მხითარიანი თამაშობს, ესპანეთის „ვალენსიას“ევროპის ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი მოუგო (2-4). შესაბამისად, კლუბი გავიდა ტურნირის ფინალში, რომელიც ბაქოში ჩატარდება. თუმცა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბული მდგომარეობის გამო, მხითარიანმა ეს თამაში შეიძლება გამოტოვოს.
როგორ ერევა პოლიტიკა სპორტში
გენრიხ მხითარიანს თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში ბაქოში გამგზავრებაზე უარის თქმა ორჯერ მოუწია. სამი წლის წინათ ნახევარმცველმა ვერ შეძლო დახმარებოდა დორტმუნტის „ბორუსიას“, რომელიც ევროპის ლიგის ფარგლებში აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალას“ ეთამაშებოდა. მაშინ უეფას ხელმძღვანელმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, მოქალაქეობისა და ვიზის მიღების აუცილებლობის მიუხედავად, ტურნირებზე გამოსვლის უფლება აქვს.
ბაქოში მეორე თამაში მხითარიანმა უკვე „არსენალის“ მოთამაშედ ყოფნისას გამოტოვა.
ახლანდელი სიტუაცია იმით არის განსხვავებული, რომ ევროპული ტურნირის ფინალი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ კლუბისთვის, არამედ მოთამაშისთვისაც. მხითარიანისთვის ფინალი, შესაძლოა, ევროპის ლიგის თასის მეორედ მოგების მცდელობა იყოს. მას ამ თასის ფლობის ბედნიერება პირველად 2017 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ყოფნისას ხვდა წილად.
რატომ სურს აზერბაიჯანს მხითარიანის დაპატიმრება?
შექმნილი სიტუაციის მიზეზს ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენს. ერევანსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. აზერბაიჯანში სომხური გვარის ადამიანებს ყოველთვის არ უშვებენ, მაშინაც კი, თუ ისინი სომხეთის მოქალაქეები არ არიან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ შეჰყავს ის ადამიანები, რომლებიც ყარაბაღში, აზერბაიჯანის შემოვლით, სომხეთის საზღვრის გავლით ჩადიან. გენრიხ მხითარიანი კი არაღიარებულ რესპუბლიკაში ხშირად ჩადის.
უეფას განცხადება
სომხეთის მედია ციტირებას უკეთებს უეფას განცხადებას იმის თაობაზე, რომ გენრიხ მხითარიანს აზერბაიჯანში გამგზავრების დროს პრობლემები არ შეექმნება:
უეფას ეგიდით, სხვა ქვეყნებში გამართულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, მოთამაშეებისთვის ვიზების მიღების მიზნით, საფეხბურთო ასოციაციებში წერილების გაგზავნა ორგანიზაციისთვის სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, უეფამ და არსენალმა მოითხოვეს დადასტურება, აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციების ასოციაციამ კი დაადასტურა, რომ ხსენებულ მოთამაშეს ქვეყნაში შესვლასა და ყოფნასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება, ასევე, მიღებული იქნება უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა“.
რას ფიქრობენ გულშემატკივრები
მხითარიანის ბაქოში შესაძლო გამგზავრების თემა და ევროპის ლიგის ფინალში მონაწილეობა სომხეთის ფეხბურთის მოყვარულთა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბევრი მიიჩნევს, რომ თუკი აზერბაიჯანი მხითარიანს უსაფრთხოების გარანტიას არ მისცემს, აუცილებელია ფინალის სხვა ქალაქში გადატანა:
„თუკი ყველაფრის სათანადოდ ორგანიზება არ შეუძლიათ, მაშინ ფინალი საერთოდ არ უნდა ჩაატარონ“.
გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მხითარიანი აუცილებლად უნდა გაემგზავროს და ფინალში მონაწილეობა მიიღოს:
„ეს არის დიდი ტიტულის მოგების, და სომხეთის დროშით სტადიონზე გარბენის შანსი. უნდა წავიდეს“.
გულშემატკივართა მეორე ნაწილი მხითარიანს ამ მატჩში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევს:
„მხითარიანის რისკის ქვეშ დაყენება არ ღირს“ .