სეტყვამ და წვიმამ სომხეთის ათ სოფელში მთელი მოსავალი გაანადგურა
12 ივნისს მთელ სომხეთში სეტყვა მოვიდა, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი არმავირის რაიონს მიაყენა.
სეტყვამ უმნიშვნელოდ დააზარალა შირაქი, კოტაიკა და ტავუში, არმავირის ათ სოფელში კი თითქმის მთელი მოსავალი განადგურდა. ოფიციალური მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა გაანადგურა სტიქიამ, ჯერ არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არმავირის გუბერნატორთან ერთად სოფელ-სოფელ დადიან, რათა სიტუაციას დაწვრილებით გაეცნონ.
თავად გლეხები აცხადებენ, რომ სეტყვამ მთელი მათი მოსავალი გაანადგურა – როგორც ხეხილი: გარგარი, ალუბალი, ვაშლი, ისე ბოსტნეული კულტურები – პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი, ლობიო.
სოფლის მამასახლისი მრაგასტანი ირწმუნება: “მოსავლის ასივე პროცენტი აღარ არის, შედით ნებისმიერ სახლში, ჩემი სახლით დაწყებული – არსად არაფერია. სეტყვის დროს სოფელში მიმოვდიოდი – საშინელება ხდებოდა… სეტყვამ მოსავალს წვიმასთან ერთად დაუშინა და ყველაფერი წალეკა“.
მთელი მოსავლის განადგურების შესახებ განაცხადა არმავირის რაიონის სოფელ შაუმიანის მამასახლისმა არუტიუნ ნავასარდიანმა: „ყველაფერი დაინგრა და მიწასთან გასწორდა – ვაზიც და ხეხილის ბაღებიც…“
სხვათა შორის, სეტყვა და წვიმა დედაქალაქშიც მოვიდა. ერევნის ბევრ ქუჩაზე ამ დროს მანქანითაც კი შეუძლებელი იყო გავლა. როგორც სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეტეოროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი გაგიკ სურენიანი იუწყება, სეტყვის და წვიმის დიდი ნაწილი სულ 10-15 წუთს მოდიოდა, ერთ საათში კი იმ საღამოს 13-14 მმ ნალექი მოვიდა. სომხეთისთვის ივნისში ეს დაახლოებით თვიური ნორმის ნახევარია.