სომხეთი. სასამართლომ წარმოებაში მიიღო 30 სკოლის დირექტორების სარჩელი
დანიელ იონისიანმა – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ პროგრამების კოორდინატორმა, რომელიც 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა, გამოაქვეყნა სკოლისა და საბავშვო ბაღების დირექტორების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ისინი სომხეთის “რესპუბლიკურ პარტიას” იმ ამომრჩეველთა სიებს გადასცემდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის დაეჭირათ მხარი.
“ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის “ თანამშრომლები სამუშაო დროის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს ურეკავდნენ, თავს რესპუბლიკელების შტაბის წარმომადგენლებად აცნობდნენ, და ამა თუ იმ კანიდატის სასარგებლოდ ჩატარებული საქმიანობის მოცულობით ინტერესდებოდნენ. სკოლების დირექტორები მიუთითებდნენ 12 კანდიდატზე, რომელთა სასარგებლოდაც ეწეოდნენ აგიტაციას. სკოლებისა და საბავშვო ბაღების 114 დირექტორი ადგენდა სიებს იმ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მშობელთა პირადი მონაცემების მითითებით, რომლებსაც სახელისუფლებო პარტიისთვის უნდა დაეჭირათ მხარი.
იონისიანის მტკიცებით, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლება არჩევნებზე ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რათა თავისი გამარჯვება უზრუნველეყო, რითაც კანონს არღვევდა. მას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სომხეთის “რესპუბლიკური პარტია” საარჩევნო მარათონიდან არ მოხსნა, ამ სკანდალს პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, ვერავინ შეძლებს იმის თქმას, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურია.
დირექტორების სარჩელები შტანილია როგორც დანიელ იონისიანის, ისე „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ წინააღმდეგ. სკოლების დირექტორები იონისიანსა და ორგანიზაციას ცილისწამებაში სდებენ ბრალს, მოითხოვენ ამ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფას და, კომპენსაციის სახით, თითოეული მათგანისთვის 2 მილიონი დრამის ($4.123) გადახდას.
თავის მხრივ, სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” აღნიშნა, რომ სატელეფონო ჩანაწერები არ იძლევა ქვეყნის საარჩევნო კოდექსის დარღვევის მტკიცების საფუძველს. პარტიამ განაცხადა, რომ დირექტორები აგიტაციას არასამუშაო დროს ეწეოდნენ. პარტიამ „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირი“ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში დაადანაშაულა: „ორგანიზაციამ, რომელმაც წესიერი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სადამკვირვებლო მისია ითავა, მოქმედების პოლიტიკურად არასწორ გზას მიმართა“.