სამტრედიაში ქმარმა ცოლი განქორწინების პროცესის დროს მოკლა
18 თებერვალს სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში 25 წლის ქალი საკუთარმა ქმარმა დანით მოკლა.
მკვლელობა მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში დღისით, ბევრი მოწმის თანდასწრებით მოხდა. 27 წლის ქმარმა ცოლს დანა ყელში დაარტყა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამოქალაქო რეესტრში ახალგაზრდა ქალი ქმართან განსაქორწინებლად იყო მისული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქმარმა ცოლი განქორწინების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოკლა.
დამნაშავე დაკავებულია. მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
_____________________
• ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ქმარმა ცოლი მოკლა. ორი დღის წინ სოფელ ყარაჯალაში (გარდაბნის რაიონი) დაკრძალეს 23 წლის ქალი, სამი შვილის დედა, რომელიც ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
• ფემიციდი – ქალთა კვლა საქართველოში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. 2014-2019 წლებში საქართველოში 87 ქალი ყოფილმა ან მოქმედმა ქმარმა თუ პარტნიორმა მოკლა.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.