რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სომხური ოჯახი ამოხოცა, რუსეთშია ექსტრადირებული
რუსი სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც ქალაქ გიუმრიში ერთი სომხური ოჯახის 6-ვე წევრი ამოხოცა, რუსეთის ფერდერაციაშია ექსტრადირებული.
ჯერ კიდევ 3 მაისს სამინისტროში დაადასტურეს, რომ პერმიაკოვის ექსტადიციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მომდევნო დღეს კი, 4 მაისს, რუსეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პერმიაკოვი სასჯელს სამშობლოში მოიხდიდა.
ვალერი პერმიაკოვი რუსეთის მოქალაქეა. 2015 წელს ის სამხედრო ბაზიდან გაიქცა, ავეტისიანების სახლში შეაღწია და ამ ოჯახის ხუთი წევრი გასროლით მოკლა. ექვსი თვის სერიოჟა ავეტისიანი, რომელსაც პერმიაკოვმა მკერდში შვიდჯერ ჩაარტყა დანა, ცოცხალი დარჩა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის შვიდ დღეში გარდაიცვალა.
პერმიაკოვი სომხეთის სასამართლოს წინაშე წარდგა და 2016 წლის 23 აგვისტოს მას ავტისიანების ოჯახის ამოხოცვისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ხოლო გიუმრიში რუსეთის ფედერაციის საგარნიზონო სამხედრო სასამართლომ, გიუმრიში ჩადენილი მკვლელობის საქმისგან განცალკევებით, ერთი წლით ადრე 2015 წლის 12 აგვისტოს, პერმიაკოვი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის მიხედვით დაადანაშაულა: დეზერტირობა, იარაღის მოპარვა, მისი უკანონოდ ტარება – და მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სომხური მხარე მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ რუსეთი, მოთხოვნის შემთხვევაში, პერმიაკოვის თაობაზე სომხეთს მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და როგორ იხდის ის სასჯელს.
ამ საკითხმა სომხეთის სოციალურ ქსელებში ნეგატიური რექცია გამოიწვია. რამდენიმე სახასიათო კომენტარის მაგალითი:
“პერმიაკოვი სომხეთში დაიჭირეს, და დაიჭირეს მკვლელობისთვის, რომელიც მან სომხეთში ჩაიდინა. მიმიფურთხებია, თუ რამდენად თავსდება ეს საკითხი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში. ჩვენ რუსეთის ფედერაციაში არ ვართ, და მათ კონსტიტუციას პირადად ჩემთვის ნაკლები წონა აქვს, ვიდრე ჩვენსას… რა იყო, ღირსება არ გაგაჩნიათ?“
„ჩვენ რუსეთში ვცხოვრობთ“.
„თურმე სომხეთის რესპუბლიკას ,როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ სახლმწიფოს, არ შეუძლია დასაჯოს ნაძირალა, რომელმაც მისი მოქალაქეები დახოცა. და ვის შეუძლია იმის გარანტია მოგვცეს, რომ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ეს ამბავი თანდათან დავიწყებას მიეცემა, პერმიაკოვს არ გაათავისუფლებენ? ამის გარიანტიას ვერავინ მოგვცემს“.