საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ლგბტ-თემის პრობლემები გაზვიადებულია
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს პირველი კომენტარი გააკეთა “თბილისი-პრაიდის” მომზადების გარშემო მომდინარე მოვლენებზე და იმ მუქარებზე, რაც პრაიდის ორგანიზატორთა მიმართ ისმის.
“თბილისი-პრაიდის” ჩატარებას ლგბტ-თემის წარმომადგენლები 18-23 ივნისს გეგმავენ, საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა მისი ჩატარება არ დაუშვას.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. მან მადლობა გადაუხადა პოლიციას 14 ივნისს, როდესც ლგბტ-პრაიდის მოწინააღმდეგეები ლგბტ-აქტივისტთა აქციის დარბევას ცდილობდნენ, შეტაკების თავიდან აცილებისთვის და “ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვისთვის”.
“თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური”, – განაცხადა ბახტაძემ
მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული ხდება “ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის”.
შსს-ს გამოძიება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაიწყო.
საქმე ეხება ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს გაკეთებულ მოწოდებებს “სახალხო რაზმების” შექმნის თაობაზე, რომლებმაც თბილისში ლგბტ-პრაიდის ჩატარება არ უდნა დაუშვან. ვასაძე პოლიციის წინააღმდეგ ძალადობითაც დაიმუქრა, თუ ის “სახალხო რაზმებს” ხელს შეუშლის.
შსს საზოგადოებას შეახსენებს, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა და ხელმძღვანელობა.
“როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, „სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, შეფასდება კონკრეტული პირის და პირების ქმედებები და მიეცემა ამას სათანადო სამართლებრივი შეფასება. რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველა ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე რეაგირება სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი, ვერავინ ვერ გაარღვევს პოლიციის კორდონებს“.
“კაცების შეკრება”
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს საღამოს თბილისის ცენტრში, ვერის ბაღში, შეკრება გამართა, რომელზეც მხოლოდ მამაკაცები მიიწვია.
ეს შეკრება მას შემდეგ დაანონსდა, რაც ვასაძე, სასულიერო პირები და მემარჯვენე აქტივისტები 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ლგბტ უფლებების დამცველების მიერ აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.
პოლიციამ მათ ლგბტ-აქტივბსტებზე თავდასხმის საშუალება არ მისცა, 28 მათგანი კი დააკავა.
ლევან ვასაძემ შეკრებაზე “სახალხო რაზმების” და “ლეგიონის” შექმნა გამოაცხადა, რომლებიც თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილი ლგბტ-პრაიდის დროს პატრულირებას განახორციელებენ.
“გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა – ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან,” – განაცხადა ვასაძემ. იგი უცხოელ დიპლომატებსაც დაემუქრა, რომლებიც ლგბტ-თემს გამოესარჩლებიან – მისი თქმით, “უცხოელ ელჩსაც” შეუკრავენ ხელებს “თავისი დაცვიანად” და მიიყვანენ საელჩოში.
რეაქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციაში
“ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია!” – ასე გამოეხმაურა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დეპუტატი მმართველი პარტია ქართული ოცნებიდან თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის მოწოდებებს ძალადობისკენ.
მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას, პოლიცია კი თავის ფუნქციას შეასრულებს.
ოპოზიციის წევრები კი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
„ქართული ოცნების ხელისუფლებამ შექმნა გარემო, სადაც პუტინისტური, ექსტრემისტული ძალები ბედავენ ღია ძალადობას და ღია მოწოდებებს, რომელიც შეიცავს მყისიერ საფრთხეს ძალადობისა და ამ სრულიად აღვირახსნილი კამპანიის არ შეჩერება, დაუსჯელობა არის თანამონაწილეობა,“- აცხადებს ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.
„მათ რომ არ ჰქონდეთ ხელისუფლების მხრიდან ხელდასმა, რასაკვირველია პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურები უნდა დაინტერესებულიყვნენ იმით, თუ რა კავშირი აქვთ კრემლთან,“-აცხადებს ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.