კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში. ინფიცირებული იტალიიდან ჩამოვიდა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით , ინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კვირას, 1 მარტს იტალიიდან ჩამოვიდა.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა გუშინ ღამით დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ.
• 2-წუთიანი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
ინფიცირებული 44 წლის კაცია.
“ სიმპტომრბის გარეშე იყო, მაგრამ შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს” – ამბობს გამყრელიძე.
წინა სამ შემთხვევასთან შედარებით, რომლებიც მსუბუქად მიმდინარეობს, ახალი, მეოთხე შემთხვევა “უფრო საყურადღებოა კლინიკურად”, ამბობს გამყრელიძე.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დაავადება გამოვლინდა მაღალი, 38,5-ზე მეტი ტემპერატურით და შედარებით მძიმე კლინიკით.
“დაწყებული მკურნალობით მდგომარეობა დასტაბილურებულია ისე, რომ მძიმე სიტუაციის შემდგომი პროგრესირება ჯერჯერობით არ გამოვლენილა და ალბათ, დაემორჩილება მკურნალობას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
გუშინ ღამიდან სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი ინფიცირებული ადამიანის ეპიდემიოლოგიური ისტორიის შესწავლა – ადგენენ ვისთან ჰქონდა კონტაქტი საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, უკვე გამოვლენილია 20 კონტაქტი, მათ შორის ძირითადად თვითმფრინავის კონტაქტებია, რადგან საქართველოში შმოსვლის შემმდეგ, ეს ადამიანი თვითიზოლაციაში მყოფებოდა.
„ჩამოვიდა თუ არა, იყო სახლში თვითიზოლაციაში და მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალ დაფიქსირდა. შემდეგ გამოვლინდა კიდევ ორი. სამივე პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს – ორი ირანიდან შემოვიდა, ერთი იტალიიდან.
ამ სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ისინი კვლავ რჩებიან ვირუსის მატარებლებად – გუშინ ორ მათგან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ გადაუმოწმეს სინჯები და კვლავ დადებითი იყო.
სულ 5 მარტის 11 საათისთვის საქართველოს მასშტაბით 162 ადამიანია კარანტინში; 31 მკურნალობას გადის საავადმყოფოებში,; 300-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში.