აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კონფლიქტში დაზარალებულებს პენსიები გაუზარდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო სამსახურის დროს ინვალიდად ქცეული სხვადსხვა კატეგორიის ადამიანებისთვის დახმარების გაზრდის თაობაზე ერთდროულად სამი განკარგულება გამოსცა. ეს განკარგულებები შეეხებათ: ყარაბაღის ომის ვეტერანებს, 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა ჯარის შეყვანის დროს დაზარალებულებს, მეორე მსოფლიო და ავღანეთის ომის ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის ლიკვიდაციის დროს დაზარალდნენ, ასევე – დაღუპულთა ოჯახების წევრებს.
ეს განკარგულებები სულ 33,6 ათას ადამიანს მოიცავს. პენსიების გასაზრდელად წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით ექვსი მილიონი მანათის ( 3,5 მილიონ დოლარზე მეტი) ოდენობის დამატებითი სახსრები გამოიყოფა.
გთავაზობთ შედარებით ცხრილს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პენსიების დანამატს (მანათებსა და დოლარში) ასახავს:
- აზერბაიჯანის ეროვნული გმირები: ჰქონდათ 1300 AZN (765 USD), გაუხდებათ 1500 AZN (882 USD)
- სამხედრო ოპერაციების ინვალიდები: ჰქონდათ 60 AZN (35 USD), გაუხდებათ 66 AZN (39 USD)
- 20 იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულები: ჰქონდათ 150 AZN (88 USD), გაუხდებათ 165 AZN (97 USD)
- ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები: ჰქონდათ 200 AZN (118 USD), გაუხდებათ 220 AZN (129 USD)
პენსიები 2018 წლის 1 მარტიდან გაიზრდება.