ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება
თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება დატოვა.
ციხის დატოვებისთანავე მერაბიშვილმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ პარტიას და პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება ან რა პოლიტიკური გეგმები აქვს, თუმცა თქვა, რომ ივანიშვილის მმართველობა ერთ წელიწადში დასრულდება და ის პირადად შეიტანს წვლილს ამაში.
„მე ვარ კმაყოფილი იმითი, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, მოვიხადე სასჯელი ბოლომდე. მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილს ციხესთან მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ელოდნენ.
მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.
მოგვიანებით მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.
• სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. გახმაურებული საქმის დეტალები მოკლედ
2014 წელს სასამართლომ იგი ყველა ამ საქმეებზე დამნაშავედ სცნო.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მერაბიშვილმა სრულად მოიხადა სასჯელი. თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ის ე.წ. :მატროსოვის ციხის სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს.
________________________
• 52 წლის მერაბიშვილი ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად ითვლებოდა “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩატარებული პოლიციის რეფორმა.