ექსტრემალები რუსთავიდან
რუსთავში სკეიტპარკი რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა. მას შემდეგ ექსტრემალური ველოსპორტის მოყვარულები აქ ყოველდღიურად იკრიბებიან.
ველოსპორტის ერთ-ერთი პოპულარული მიმდინარეობის BMX-ის მოყვარულები ამბობენ, რომ სკეიტპარკის მოწყობას მერიისგან რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად ითხოვდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
BMX ველოსპორტის ერთ-ერთი პოპულარული მიმდინარეობაა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილებისას სხვადასხვა რთული ილეთის შესრულებას და/ან ბარიერების გადალახვას გულისხმობს.
17 წლის გუგა პერანიძე ამბობს, რომ ექსტრემალური ველოსპორტის მოყვარულები პირველად რამდენიმე წლის წინათ ქუჩაში ნახა და მას შემდეგ ვარჯიშობს.
„ექსტრემალურია და საინტერესოა იმით, რომ ყოველთვის სწავლობ ახალ ილეთს. ახალი ილეთის სწავლის შემდეგ კი უფრო მეტი სწავლა გჭირდება“, – ამბობს გუგა.
BMX-ით ორი წლის წინათ პირველად დაინტერესდა 18 წლის თორნიკე ხუმარაშვილიც.
„მეც ქუჩაში ვხედავდი ბავშვებს და ასე გამიჩნდა ინტერესი. დავიწყე „კატაობა“ და ნელ-ნელა განვვითარდი. ზაფხულობით აქ ყოველდღე დავდივარ, სწავლის პერიოდში უფრო – შაბათ-კვირას.“
ექსტრემალური ველოსპორტის მოყვარულები ამბობენ, რომ საქართველოში BMX ჯერჯერობით ნაკლებ პოპულარულია, ამიტომ ამ სახეობისთვის განკუთვნილი ველოსიპედის ნაწილების შოვნა ჭირს, იშვიათად იმართება ჩემპიონატები და უსაფრთოების ზომები მოედანზე სათანადოდ არ არის დაცული.