დახურული აზერბაიჯანული ტელეკომპანიის ქონება საფრთხეშია
კომპანია ANS-ის ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის ქონება, კერძოდ 25 წლის განმავლობაში შეგროვილი საარქივო მასალა, განდგურების საფთხის წინაშეა.
განცხადებაში ნათვამია, რომ ტელეკომპანიის შენობის კარი სამართალდამცავმა ორგანოებმა 2016 წლის ივლისში დალუქეს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ANS-ითვის ეთერის ჩამორთმევის და გენერალურ პროკურატურაში ძიების დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. კომპანიას ბრალად ედება ტერორისტული შეხედულებების გავრცელება.
ANS-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საარქივო მასალებს შენახვის საგანგებო რეჟიმი ესაჭიროება და იმის გამო, რომ თანამშრომლებს მათი მოვლის საშუალება არ ეძლევათ, შესაძლებელია, ეს მასალები მალე უსარგებლო გახდეს. საფრთხეშია ასევე ტელეკომპანიის ძვირადღირებული აღჭურვილობა. შენობის დალუქულ ნაწილში დამლაგებლებსაც კი არ უშვებენ.
ANS ასევე აცხადებს მისი საავტორო უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტების შესახებაც. „ ეთერის ჩამორთმევის შემდეგ ჩვენი კომპანია ღია მუქარებსა და ზეწოლას აწყდება. ჩვენი ქონების გაყოფაზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ANS-ის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული და საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, ბოლომდე დაიცავენ თავიანთ უფლებებს.
– დამოუკიდებელი მედია კომპანია ANS 1991 წლის ნოემბერში დააარსეს ძმებმა – ვაჰიდ და სეიფულა მუსტაფაევებმა და ჟურნალისტმა მირშაჰინ აგაევმა. ის მიჩნეულია აზერბაიჯანის პირველ დამოუკიდებელ ტელეკომპანიად.
-ტელეარხმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ყარაბაღის ომის წლებში, როდესაც კორესპონდენტი ჩინგიზ მუსტაფაევი (დამფუძნებლების უფროსი ძმა) ომის მოვლენებს გაშუქებისას 1992 წელს თავად დიღუპა ფრონტზე.
-ტელეარხს თვის საქმიანობის განმავლობაში სამჯერ ჩამოართვეს ეთერი. პირველად ჯერ კიდევ ელჩიბეის მთავრობის დროს, 1993 წელს – რამდენიმე თვით, მეორედ 2006 წელს – 17 დღით. და საბოლოოდ 2016 წელს ინტერვიუს ანონსისთვის – შერისხულ თურქ პოლიტიკოს ფეთულაჰ გიულენთან, რომელიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან იყო დაკავშირებული. ტელეარხი საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიხურა.