ბრძოლა ტერორიზმთან, თუ რასთან?
25 ნოემბერს, ახალი ამბების გაცნობის გარეშეც, დილიდანვე აშკარა იყო, რომ ერევანში რაღაც ცუდი ხდებოდა. ფორმიანმა, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც მანქანებს, უფრო სწორად, მძღოლების საბუთებს ამოწმებდნენ და საბარგულებს ჩხრეკდნენ, ერევნელები შეაშფოთეს. საინფორმაციო სააგენტოებმა ელვისებურად გაავრცელეს განცხადება ერევნის, ნორკ-მარაშის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში 10 პირის დაკავების შესახებ; გამოქვეყნდა შეიარაღებული ჯგუფის, რომლის შემადგენლობაში სამი ქალია.
აყვანის ამსახველი ფოტოსურათები
ჯგუფის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. ინფორმაციაც ამ სამსახურმა გაავრცელა: ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შედეგად გამოაშკარავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის მიზანი იყო ‘სომხეთის ტერიტორიაზე რიგი მძიმე დანაშაულების ჩადენა’. ეუს-მა საინფორმაციო სააგენტოებს იმის ვიდეოკადრებიც წარუდგინა, თუ როგორ მოხდა დაკავება, შეიარაღების რა არსენალი იქნა აღმოჩენილი ოპერაციის მსვლელობისას.
ფრაზამ ‘რიგი მძიმე დანაშაულების ჩადენა’ ყველაზე, მათ შორის საინფორმაციო სააგენტოებზეც, სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილება მოახდინა, ზოგიერთის ფანტაზიამ აჟიოტაჟში დაკავებული ტერორისტების სახე კიდევ უფრო გაამუქა. პირველი, რისი გამოწვევაც მსგავს ინფორმაციას შეეძლო, იყო საშინელება, განსაკუთრებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შემდეგ იწყებოდა პანიკა, რომელიც, საბედნიეროდ, ისტერიკაში არ გადაზრდილა.
საღამოსათვის ვნებები დაცხრა, დაიწყო განხილვები სოციალურ ქსელში – უკვე განსაკუთრებული შეშფოთების გარეშე, იუმორითაც კი. იყო პოსტები კითხვებით: ‘ როდესაც დაკავების ვიდეოს ვუყურებდი, ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, თუ ვინ აუნაზღაურებს სახლის პატრონებს გატეხილი კარის საფასურს’. საქმე ისაა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას დაქირავებული ჰქონდა კერძო სახლი, საიდანაც აიყვანეს, და მეპატრონეს, რომელმაც სულ ერთი თვით გააქირავა, სახუმაროდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე. კარის გატეხვის გარდა, ოპერაციის დროს დაინგრა ღობის ნაწილი, ჩაიმსხვრა ფანჯრები… ვიდეოკადრებს რამდენიმე დუბლით გადაღებულ ფილმს ადარებდნენ.
ხუმრობის გარეშე, გაჩნდა წინადადებები იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის წინ აუცილებელი იყო ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ არ ყოფილიყო მიტინგები, პროტესტი, ამისათვის კი საჭირო იყო ხალხის შეშინება.
ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა: ‘მეცოდება ბიჭები… პროფესიონალები არ იყვნენ და იმიტომაც ჩავარდნენ ასე სულელურად. ძლივს გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სურდათ, რაღაც მაინც მოემოქმედათ ამ დანაშაულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა… ‘ პასუხად ისმოდა: ‘ სულაც არ გვეცოდება! აი, გააკეთებდნენ ‘იმას’ და, ღმერთმა გაშოროთ, იქ რომ თქვენი ოჯახი აღმოჩენილიყო…’ და ჰაერში დარჩა კითხვა: ‘რა გააკეთეს?’, – რომელზეც ჯერ პასუხი არავის აქვს.