ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, 74 წლის რაგიმ გაზიევს 26 დეკემბერს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გაზიევი წინა ღამით დააკავეს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.
გაზიევის არც ადვოკატები და არც ნათესავები არ ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, სადაც მას განაჩენი გამოუცხადეს. დაპატიმრებულის ძმამ რაჰაბ გაზიევმა სააგენტო Turan-ს განუცხადა, რომ ბაქოს ნარიმანოვის ოლქის პოლიციის 17-ე განყოფილებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მას მხოლოდ სამუშაო დღის დასასრულს აცნობეს. თანაც პოლიციის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ გაზიევი ამ განყოფილებაში იმყოფებოდა. მისი დაკავების ადგილის შესახებ არც ადვოკატ ზიბეიდე ადიგოვასთვის გადაუციათ რაიმე ინფორმაცია.
ადგილობრივი უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაკავების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო ყოფილი მინისტრის მიერ ინტერნეტ-ტელევიზია Kanal-13-ისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც youtube-ზე 21 დეკემბერს გავრცელდა და რომელშიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტი მკვეთრად გააკრიტიკა.
74 წლის გაზიევის დაპატიმრება ასევე ეწინააღმდეგება აზერბაიჯანულ კანონმდებლობასაც, რადგან ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ კოდექსის თანახმად, 65 წელზე უფროს მამაკაცს არ შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.
რაგიმ გაზიევი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის მმართველობის წევრი იყო. 1992 წლის მარტიდან 1992 წლის თებერვლამდე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას მძიმე დანაშაულებებში დასდეს ბრალი, დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი ჯერ სამუდმო პატიმრობით შეიცვალა, შემდეგ კი თავისუფლების 15 წლით აღკვეთით. 2005 წელს ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.