აფხაზეთში ერთ-ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ ბუნტი მისი უხელფასო შვებულებით დასრულდა
სამოქალაქო ბუნტი აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონში, ადგილობრივი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა.
21 თებერვალს, მოქალაქეთა ჯგუფმა ალყა შემოარტყა ადმინისტრაციის შენობას და რაიონის ხელმძღვანელის, აიდა ჩაჩხალიას გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – იმავე საღამოს, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ, რომელიც ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, ჩაჩხალია უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
აიდა ჩაჩხალიას 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
მაშინ, მცირე უპირატესობით, რაულ ხაჯიმბა მეორე ვადით აირჩიეს, მაგრამ უკვე იანვარში, მასობრივი პროტესტის შედეგად, ის გადააყენეს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.
• ყველაფერი აფხაზეთის 2019-2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
• მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩამოგდება?
ასევე, ჩაჩხალიას რაიონის ხელმძღვანელის პოსტზე ცუდად მუშაობაში ადანაშაულებენ.
თავდაპირველად, მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დახმარების თხოვნა გამოაქვეყნა.
„მივმართავ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის დეპუტატებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს – სასწრაფოდ ჩამოდით ტყვარჩელში და გაერკვიეთ სიტუაციაში. ვითარება სამართალდამცავი უწყებების კონტროლიდან გამოდის“, – დაწერა ჩაჩხალიამ.
ტყვარჩელში ჩავიდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, დეპუტატები და ჟურნალისტები.
როგორც პროტესტის მონაწილეები ყვებიან, ადმინისტრაციის შენობასთან დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ადგილობრივი ადგილობრივ დეპუტატთა ყრილობის თავმჯდომარე დაზარალდა. მას აიდა ჩაჩხალიას გადადგომის ინიცირება მოსთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა, რასაც ჩხუბი მოყვა.
2020 წლის იანვარში, ახალგაზრდები, რომლების საკუთარ თავს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ წევრებს უწოდებენ, უკვე ითხოვდნენ ჩაჩხალიას გადადგომას და საპროტესტო აქციების მოწყობის პირობა დადეს, თუკი ის არ წავიდოდა თანამდებობიდან. მაშინ, პარტიის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ პარტიას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია და ეს თვითშემოქმედება იყო.
საბოლოო გადაწყვეტილებას ჩაჩხალიას სამომავლო ბედთან დაკავშირებით, აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მიიღებენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო