11 ვებ-გვერდი, რომელიც გასწავლის
თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, ან სულაც პირიქით – დრო ცოტა გაქვთ, მაგრამ გინდათ, რომ რაიმე ახლის შესწავლას ან უკვე არსებული უნარის განვითარებას მოანდომოთ, ამისთვის უამრავი უფასო თუ ფასიანი ვებ-გვერდი არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რა საკითხი გაინტერესებთ, თქვენთვის ყოველთვის მოიძებნება შესაბამისი ონლაინ კურსი. მათგან ჩვენი რჩეული 11 ვებ-გვერდი ამოვარჩიეთ.
Coursera – ონლაინ სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსი. კურსერა მსოფლიოს მრავალი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის პარტნიორია, და მომხმარებელს სთავაზობს უამრავ საინტერესო ონლაინ კურსს.
აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი პროგრამები და ისწავლოთ როგორც ჰუმანიტარული საგნები, ისე – მედიცინა, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა, ეკონომიკა და ბიზნესი. 2014 წელს კურსერას უკვე 10 მილიონი ონლაინ სტუდენტი ჰყავდა და 800-ზე მეტი სხვადასხვა კურსი.
კურსერას პარტნიორები არიან სტენფორდის, ბერკლის, ბრაუნის, ჯონ ჰოპკინსისა და სხვა ტოპ უნივერსიტეტები. სწავლება აქ უფასოა. სამუშაო ენა – ინგლისური.
Skillshare – ეს ვებ-გვერდი კურსების საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გინდათ ისწავლოთ Adobe Photoshop-ის ან გრაფიკული დიზაინის სხვა პროგრამების ახალი ხრიკები? ან იქნებ სოციალური მედია გაინტერესებთ? ან სულაც გინდათ, რომ თქვენი ინსტაგრამი გახადოთ პოპულარული.
სქილშეარი გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილების კატალოგს, საიდანაც მარტივად შეძლებთ თქვენთვის სასურველი სფეროების ამორჩევას. გარდა ამისა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც მასწავლებელი, ჩაწეროთ გაკვეთილები და ფულიც იშოვოთ.
ყოველ ჯერზე, როცა სტუდენტი თქვენს კურსს გაივლის, ვებ-გვერდი ამისთვის თანხას გადაგიხდით.
KhanAcademy – ეს ვებ-გვერდი რეგისტრაციისას სამ არჩევანს გთავაზობთ:
1. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორ სტუდენტი და ისწავლოთ.
2. დარეგისტრირდეთ როგორც მასწავლებელი და ასწავლოთ სხვებს.
3. დარეგისტრირდეთ როგორს მშობელი და თქვენს შვილებს დაეხმაროთ სწავლაში.
აქ შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთი საგნები, როგორიცაა ისტორია, ბიოლოგია, მათემატიკა და ა.შ. ვებ-გვერდი არაკომერციული ორგანიზაციაა და შესაბამისად, მათი შემოთავაზებული ყველა სერვისი უფასოა. თუ კურსერას სწავლების სტილი უფრო უნივერსიტეტისას ჰგავს, თავისი სილაბუსით, პროფესორებითა და საშინაო დავალებებით, აქ უფრო მეტი თავისუფლება გექნებათ.
თქვენ წყვეტთ, რა ნაწილის სწავლა გინდათ და რისი გამოტოვება, დავალების შესრულებასაც არავინ გთხოვთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ საკუთარი თავის მოტივირება გიჭირთ, თქვენთვის კურსერა უფრო უკეთესი იქნება.
Memrise – თუ ახალი ენის შესწავლა გინდათ და არ გსურთ დრო რეპეტიტორებს დაუთმოთ, ეს ვებ-გვერდი სწორედ თქვენთვისაა. აქ შეგიძლიათ დაიწყოთ ფრანგულის სწავლა, გააუმჯობესოთ თქვენი ინგლისური ან ივარჯიშოთ TOEFL-ის ან IELTS-ის გამოცდებისთვის.
სწავლას მარტივი, საბაზისო სიტყვების შესწავლით იწყებთ. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ თქვენი დღიური მიზნები, შეეჯიბროთ მეგობრებს და სხვა სტუდენტებს.
Duolingo – დუოლინგო გთავაზობთ თვრამეტი სხვადასხვა ენის შესწავლას სრულიად უფასოდ. საიტზე რეგისტრაციისას ირჩევთ დღეში რამდენი წუთის გამოყოფა გსურთ მეცადინეობისთვის. ფოტოების და მარტივი ინტერფეისის საშუალებით მარტივად შეძლებთ კიდევ ერთ ენაზე ალაპარაკდეთ.
Highbrow – ვებ-გვერდი ყველაზე დაკავებული ადამიანებისათვის. ჰაიბროუს შემოთავაზებული ყველა კურსი 10-დღიანია და დაყოფილია სულ პატარა, ხუთწუთიან გაკვეთილებად. ყოველ დილით ამ გაკვეთილს მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე. გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე კურსზე ვერ დარეგიტრირდებით და ახალი კურსის არჩევა მხოლოდ ძველის დასრულების შემდეგ შეგეძლებათ. ყველა კურსი უფასოა. აქ შეგიძლიათ ისწავლოთ იოგას ათი ვარჯიშიც, რომელიც სამსახურში დაძაბულობას მოგიხსნით, და ასევე გაიგოთ მეტი მზის სისტემაზე, ლიტერატურისა და კინოს ისტორიაზე და ა.შ.
Codeacademy – ისწავლეთ კოდის წერა უფასოდ. ვებ-გვერდი გთავაზობთ კურსებს პროგრამირებას სხვადასხვა ენაზე, მათ შორის: PHP, Phython და Ruby. აკადემიის სტუდენტებს საკმაოდ ხშირად კურსის დამთავრებამდე უკვე შეუძლიათ საკუთარი პროექტების შექმნა და გაშვება.
Free Code Camp – მშვენიერი საალებაა ვებ-დეველოპმენტის შესასწავლად. განსაკუთრებით, თუ JavaScript გაინტერესებთ. სწავლის პროცესი იწყება HTML5-ით და CSS3-ით, გრძელდება JavaScript-ითა და JQuery-ით. კოდის წერის შესწავლის გარდა, ამ ვებ-გვერდს კიდევ ერთი პლუსი აქვს – აქ შეგიძლია დაეხმარო არაკომერციულ ორგანიზაციებს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებაში და თან რეალური გამოცდილებაც მიიღო.
Creativelive – ონლაინ კურსები კრეატიული ადამიანებისათვის. ვებ-გვერდს აქვს ფუნქცია ON AIR, სადაც უფასოდ შეგიძლიათ იმ წუთას შემოთავაზებული პროგრამის გავლა. თუმცა, ასევე გაქვთ საშუალება, აარჩიოთ სასურველი ფასიანი კურსი კატალოგიდან. თუ გაინტერესებთ გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაციები, მუსიკა, ფოტოგრაფია და ა.შ, ეს სათქვენო ვებ-გვერდია.
Yousician – ეს ვებ-გვერდი თქვენი პერსონალური მუსიკის მასწავლებელი გახდება. აქ ნახავთ დაწვრილებით ინსტრუქციებს. როცა დაუკრავთ, სათანადო აპლიკაციის მეშვეობით შეგეძლებათ საკუთარ პროგრესს დააკვირდეთ. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ ისწავლოთ დაკვრა გიტარაზე, პიანინოზე, ბასზე და უკულელეზეც კი.
Chessacademy – შესანიშნავი ვებ-გვერდი მათთვის, ვისაც ჭადრაკის შესწავლა ან ცოდნის გაუმჯობესება უნდა. აქ შეგიძლიათ გაიაროთ ვიდეო გაკვეთილები, ისწავლოთ წესები, ივარჯიშოთ და ითამაშოთ კიდეც.