ფაშინიანი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა" />

ფაშინიანი: „ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმზე წარმოდგენა არ გვაქვს“

ფაშინიანი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სხვა საკითხებთან ერთად ის სომხეთის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასაც შეეხო.

 ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრების დროს ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს საკმაოდ გულწრფელად და ღიად ეურთიერთებიან :

 „ჩვენ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეები ვართ. მნიშვნელოვანია ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ჩვენ კონსტრუქციული და დადებითი დიალოგის დაწყება შევძელით. მაგრამ ეს ამ პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საზოგადოებებს შორის დაიწყოს, და რომ ჩვენ ხალხებს – მშვიდობისთვის, და არა ომისთვის ვამზადებდეთ“.

მან ასევე თქვა, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს სომხეთის ხელმძღვანელობის მთავარ მიზანს მშვიდობის მიღწევის ფორმულის შეთავაზება წარმოადგენს. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა ჯერჯერობით არ გამოვიდა:

 „სამწუხაროდ,ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მექანიზმების ნიუანსების თაობაზე ჩვენ ჯერჯერობით ერთიანი წარმოდგენა არ გაგვაჩნია“.

სომხეთის პრემიერმა გაიმეორა საკუთარი თეზისი იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების პროცესი სრულფასოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მასში მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის მხარეც მიიღებს:

 „ ერთ-ერთი საკითხთაგანია – ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების სრულფასოვანი ფორმატის ამოქმედება, რაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მონაწილეობას ითვალისწინებს.  მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში მთიანი ყარაბაღი მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იყო. და ჩვენი მიზანია – ისეთი პირობები შევქნათ, რომ დიალოგი არ შეწყდეს“.

ურთიერთობა მეზობლებთან

ფაშინიანმა ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი ურთიერთობებს მშვიდობის ფარგლებში აგებს:

 „ჩვენ გვყავს არამხოლოდ ისეთი მეზობლები, რომლებთანაც არცთუ საუკეთესო ურთერთობა გვაქვს, არამედ გვყავს ისეთი მეზობლებიც, ვისთანაც მშვენიერი ურთერთობა გვაქვს დამყარებული – ეს არის ირანი და საქართველო. ჩვენ ამ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებისკენ მივისწრაფვით.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთერთობა არ გვაქვს. ჩემი აზრით, აზერბაიჯანთან ყველაფერი ნათელია. თურქეთთან კი საქმე რამდენადმე სხვაგვარადაა. თურქეთი სომხეთთან თავის ურთიერთობას აზერბაიჯანს უკავშირებს“.

ევროპის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებმა ცხადყო, რომ კოლეგებს სომხეთ-ირანის ურთერთობის მნიშვნელობა ესმით, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა:

 „ისინი ირანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების ჩვენეულ კონცეფციას ეთანხმებიან“.

პრემიერი იმედოვნებს, რომ ირანის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია გაირკვევა:

 „უნდა გვახსოვდეს, რომ XXI-ე საუკუნეში, ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე, პრობლემების გადაწყვეტისას „დიალოგი – ერთადერთი გზაა“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ ურთიერთობას სტრატეგიული ხასიათი აქვს.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მომხდარი რევოლუცია შიდა პრობლემების მოგვარებისკენ იყო მიმართული. და ის სომხეთის მაცხოვრებელთა ნებით, რომელიმე გარეშე ძალის ჩარევის, და სხვა ქვეყნების მონაწილეობის გარეშე განხორციელდა:

 „სომეხმა ხალხმა რევოლუცია საკუთარი თავისუფალი მომავლისთვის მოახდინა“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ