ტურისტული ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველწლიურად იზრდება. რა განაპირობებს ამას?" />

ძველი თბილისი და ახალი საქართველო. არის თუ არა ქვეყანა მზად ტურისტული ბუმისთვის

ტურისტული ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველწლიურად იზრდება. რა განაპირობებს ამას?

საქართველოსა და მისი დედაქალაქის მიმართ ტურისტული ინტერესი ყოველწლიურად მატულობს. შესაბამისად, აქ ტურისტი უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი: 2016  წელს 3,7 მილიონი ადამიანით დასახლებულ ქვეყანაში დაახლოებით 6 მილიონი სტუმარი ჩავიდა.

და ეს ზედა ზღვარი არ არის! – დარწმუნებულია საქართველოს ხელისუფლება. ადგილობრივი მთავრობის პროგნოზით, ათწლეულის შემდეგ უცხოელი ტურისტების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება, 2020 წელს მათი რიცხვი რვა მილიონს მიაღწევს, 2025 წელს კი – 11 მილიონს. საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში წლის ნებისმიერ დროს მსოფლიო დონის მომსახურება იქნება… მაგრამ რამდენად რეალურია ეს დაპირებები თბილისისა და საქართველოს  სხვა ტურისტული ადგილებისთვის? რა სიძნელეები ხვდება ხელისუფლებას ტურისტული სტრატეგიის შემუშავებისას, და როგორ უწყობენ ხელს რიგითი თბილისელები მის რეალიზებას? ჟურნალისტი ეკა მინასიანი ტურისტულ თბილისს შიგნიდან გაეცნო.  

ტურისტული სამზარეულო: როგორ ამზადებენ „სატყუარებს“

ხელისუფლება, ტურისტების მოზიდვის მხრივ, ყველაზე მეტად მარკეტინგულ კამპანიებს ეყრდნობა. საქართველოს ტურიზმის ხელშეწყობის  კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება.

„წელს სახელმწიფომ 25 მილიონი დახარჯა“, – განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა. შედარებისთვის, 2016 წელს მარკეტინგული კამპანიისთვის გამოყოფილი იყო 22,5 მილიონი ლარი.

„გასულ წელს ჩვენთან  სხავადასხვა ქვეყნის 600 ჟურნალისტი იყო ჩამოსული“, – ამბობს მამაცაშვილი.

ტრადიციული სახლი თბილისში წარმოუდგენელია აივნის გარეშე.  თბილ ამინდებში თბილისელები აივანზე დიდ დროს ატარებენ

მისი თქმით, მარტში დაიწყო მარკეტინგული კამპანია, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეიტყობენ 14 ქვეყანაში, რომელთა შორის არის – რუსეთი, გერმანია, იტალია, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი.

საქართველოს ხელისუფლებას მარკეტინგული კამპანიის წარმართვაში კომპანია Google ეხმარება“, – ამბობს მამაცაშვილი. იგულისხმება ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის ერთობლივი მომზადება, ასევე დაგეგმვა, ანალიზი და  Google-ის სპეციალისტების კონსულტაციები.

ხედი  აპარტამენტის შიდა  ეზოდან

სარეკლამო რგოლებმა – Winter in Georgia – ტურისტული კინოს სამ საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა აღიარება. ეს კლიპი თვალსაჩინოდ გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება, საქართველოს უნიკალური კლიმატის წყალობით, ქვეყნიდან გაუსვლელად სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება, მაღალმთიანი რეგიონების მონახულება და შავი ზღვის სანაპიროებზე გარუჯვა.

მოხუცი თბილისი

თუმცა, საქართველოს ბუნების მთელი მრავალფეროვნების მიუხედავად, ტურისტების უმრავლესობა ქვეყნის გაცნობას სამართლიანად  იწყებს დედაქალაქიდან…

ამბობენ, რომ თბილისის გაგება შეუძლებელია, ის უნდა შეიგრძნო; ამისთვის კი მის რომელიმე ძველ უბანში უნდა დასახლდე და მის ვიწრო და ოღრო-ჩოღრო ქუჩებში ფეხით ისეირნო. ძველი ქალაქის  ერთ-ერთი ასეთი უბანია ბეთლემის ქუჩა. ამ ქუჩის სახელი ბეთლემის უბნიდან მოდის, იგივე – კლდისუბანი – „კლდეების უბანი“.

 

აბანოთუბანი-  გოგირდის აბანოების უბანი თბილისის ისტორიულ ცენტრში.  თქმულების თანახმად ამ ადგილიდან იწყება თბილისი.

ეს თვალწარმტაცი ქუჩა თითქოს მართლაც კლდეშია გამოკვეთილი. თუ მას დასაწყისიდან, პურის მოედნიდან აუყვებით, მაშინ მარჯვენა მხარეს, ზევით გადაჭიმულ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას – ნარიყალას ციხეს დაინახავთ, მარცხენა მხარეს კი ქალაქის შთამბეჭდავი ხედი იშლება.

თბილისის ძველი უბნების მასშტაბური რესტავრაცია, 25-წლიანი უმოქმედობის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დროს მოხდა პროექტ „ძველი ქალაქის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომელიც 2007 წელს დაიწყო, განახლდა თბილისის ცენტრალური ნაწილის ყველაზე ავარიული უბნები – სოლოლაკის, კალაუბნის და ჩუღურეთის უბნები.

აპარტამენტის ტერასა გომის ქუჩაზე

სააკაშვილის გუნდის ოპონენტები სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისის განახლების კამპანიას ისინიც აგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით ნაკლები მასშტაბურობით: ახალი პოლიტიკური გუნდის ხუთწლიანი მმართველობის ხანაში განხორცილედა პროექტი – „ახალი ტიფლისი“, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირის ნახევრის აღდგენას ითვალისწინებდა. ქალაქის ამ ნაწილში რესტავრატორებმა შეძლეს აღმოეჩინათ და აღედგინათ რევოლუციამდელი აბრები, წარწერები და ნახატები.

ხედი ბეთლემის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ფანჯრიდან

თითეულ ეზოში საკუთარი თბილისი

ბეთლემის 17-ში მდებარე სახლის რესტავრაცია, რომელშიც მარინა მესხი დაიბადა, 2011 წელს დაიწყეს. იმ დროისთვის ის უკვე დაძველდა და დაინგრა. სინამდვილეში რამდენი წლისაა ეს სახლი, მარინამ არ იცის. ამბობს, რომ ძალიან ძველია.

მარინას ოჯახს თავიდან ჰოსტელის გახსნაზე არც უფიქრია. და უცებ პეტერბურგში მცხოვრები ნათესავი გამოჩნდა მშველელად. მარინამ და მისმა ქმარმა მეზობლებისგან დანარჩენი ოთახები გამოისყიდეს და დიზაინზე მუშაობა დაიწყეს. შენობის ფასადის გამოცვლა აკრძალულია – სახლი კულტურული მემკვიდრეობის სიაშია  შეტანილი. გარედან გაფორმება – სრულიად დასაშვებია. ჰოსტელის გაფორმებით მარინას ვაჟი – გიგა დაკავდა, რომელიც განათლებით მხატვარი-გრიმიორია.

გიგა საკუთარი ჰოსტელის დიზაინზე ადგილმდებარეობის, პირობებისა და საცხოვრებელი ფართობის გათვალისწინებით მუშაობდა. პატარა ეზოს მეზობლებისგან მომცრო აგურის კერდელი ყოფს. მასპინძლებმა ამ კედელზე პატარა სანათურები, ყვავილებიანი ქოთნები და ჩარჩოებში ჩასმული თაბაშირის კატის თავები დაკიდეს. ჰოსტელის ეზო უფრო ევროპულ სტილშია გაფორმებული, თავად სახლი კი უფრო მეტად ქართულ მოტივებზეა მოწყობილი: ფართო ხის კიბის თავზე, რომელსაც მეორე სართულზე ავყავართ, ფიროსმანის ილუსტრაციებით გაკეთებული კომპოზიცია გვხვდება, მეორე სართულის ვერანდაზე დაბალი მაგიდები და სკამები დგას…

ბეთლემის  ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის შესასვლელი

გამოვიდა ცხრაოთახიანი მყუდრო ჰოსტელი, რომელშიც ყველაზე სადა ორადგილიანი ნომერი 120 ლარი ღირს – დაახლოებით 50 დოლარი. ამ ფასში შედის საუზმეც; თან მარინა ღვინის საფასურს არ იღებს – სტუმრებს გამგზავრების წინ ღვინოს აუცილებლად ჩუქნიან – ასევე ჰოსტელში ყოფნის დროსაც სტუმარს შეუძლია რამდენიც უნდა, იმდენი ღვინო მიირთვას.

“უკვე ვცდილობ, სადილი და ვახშამიც მოვამზადო, რადგან ეს კიდევ დამატებითი ხარჯია, მზარეულის მოწვევაა საჭირო, არადა, ჩვენ ჯერ ეს-ესაა, რაც  ეს საქმე ავამოქმედეთ, – ჰყვება მარიანა, –  სულ წელიწადნახევარია, რაც ამ ბიზნესში ვართ.

ჰოსტელის მფლობელი მარინა მესხი

„ბევრი ადამიანი ჩერდება ჩვენთან, რადგან ოჯახურ სიმყუდროვესა და თბილისურ ატმოსფეროს ეძებენ. უნდათ, რომ ტრადიციულ ქართულ სახლში და სახასიათო ეზოში იცხოვრონ…“

ჰოსტელი – იაფია, თუმცა აქაური მომსახურება შეიძლება ვარსკვლავებიანი სასტუმროსას არაფრით ჩამოუვარდებოდეს. „ბევრი ადამიანი ჩერდება ჩვენთან, რადგან ოჯახურ სიმყუდროვესა და თბილისურ ატმოსფეროს ეძებენ. უნდათ, რომ ტრადიციულ ქართულ სახლში და სახასიათო ეზოში იცხოვრონ, დაახლოებით ისეთში, როგორიც ესაა“ , – ამბობს მარინა.

ჰოსტელებისა და პატარა სასტუმროების არსებითი უპირატესობა ის განუმეორებელი ატმოსფეროა, რომელიც ქართული ეზოების წყალობით იქმნება. როგორ შეიძლება გულგრილად ჩაუარო აპარტამენტს, რომლის ლამაზი ჭიშკრის რიკულიდან თავად ფრიდა შემოგცქერის!

აპარტამენტების დიასახლისი მარიამ საპოიანი საქართველოდან 25 წლის წინათ გაემგზავრა. თბილისში გასულ ზაფხულს ჩამოვიდა. დიდხანს დარჩენას არ აპირებდა. მოსკოვში მას ოჯახი და საკუთარი ბიზნესი ელოდა. მარიამი დეიდის სახლის გარემონტებას და უკან გამგზავრებას გეგმავდა. მაგრამ, როგორც ეს თბილისში ზოგჯერ ხდება ხოლმე, გეგმები მკვეთრად შეცვალა. ეს სახლიც, სადაც ქალი დაიბადა და გაიზარდა, იმ რესტავრირებულ სახლებს შორისაა, ისევე როგორც ამ უძველეს და კოლორიტულ ქუჩაზე მდებარე სახლების უმრავლესობა. მარიამი ჰყვება, რომ სახლი, სულ ცოტა, 200 წლისაა…

“ერთხელ, უკვე რემონტის დასრულების შემდეგ, ვერანდაზე ვიდექი და ქალაქს გავყურებდი. ვფიქრობდი, თუ რა ლამაზი ხედი  და მშვენიერი ეზო გვაქვს, – ამბობს ის, – ბინაც ახლად გარემონტებულია. ზუსტად მეორე დღეს კი, ჯერ ერთი მეზობელი მოვიდა, შემდეგ მეორე – ორივე მზად იყო, რომ არცთუ ძვირად მოეყიდათ ჩემთვის თავიანთი ოთახები“…

ერთ-ერთი უძველესი აბანოს გუმბათი

მარიამი დათანხმდა. ბევრი ურჩევდა, რომ სახლი ტრადიციულ, ეროვნულ სტილში გაეფორმებინა. მაგრამ მან გადაწყვიტა, არ გაემეორებინა მეზობლების სახლების სტილი, რადგან ამ ქუჩაზე თითქმის ყველა მეორე ეზო ასეთი იყო. ამის ნაცვლად, მარიამმა ეკლექტიკას მიმართა. ახლა ამ კარიკატურულად პატარა ზომის თბილისურ ეზოში – ესპანეთსაც შეხვდებით, იტალიასაც და კამბოჯასაც კი. ყველაზე იაფი ორკაციანი ნომერი აქ 120 ლარი ღირს, ხოლო 7 კაცზე გათვლილი ბინა-დუპლექსი – დღე-ღამეში 240 ლარად ქირავდება. აპარტამენტები სულ 40 ადამიანს იტევს. თუმცა, 40-ვე მხოლოდ ზაფხულის პერიოდში სტუმრობს აქაურობას. ამ აპარტამენტების ყველაზე პოპულარული ადგილია ყვავილებიანი ვერანდა. იქიდან ქალაქის უმშვენიერესი ხედი იშლება. ამიტომ,  ტურისტები საღამოს ვერანდაზე ატარებენ.

მარიამი მოსკოვში მაინც გაემგზავრა, თუმცა მანამდე თბილისში ბიზნესი დაარეგისტრირა, მმართველი დანიშნა და პირველი სტუმრებიც მიიღო

„ახლახან  კანალიზაციის შეკეთებასთან დაკავშირებით ჩემი მშვიდობიანი შენიშვნა მმართველს ძალიან  ეწყინა. ისე ეწყინა, რომ მაშინვე სამსახური დატოვა“.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა თბილისურ მენტალიტეტთან შეგუება, რომლესაც მოსკოვში ცხოვრების წლებში გადავეჩვიე, – გვიყვება ის, – მაგალითად, შესაძლოა, დღეისთვის მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საქართველოში არ მოქმედებს კანონი ღამით სიჩუმის შენარჩუნების შესახებ“, – კარნახობს ახალი მმართველი დავითი.

აპარტამენტის დირექტორი, დავით  გარიბიანი

ის გვიყვება მეზობლად მდებარე ოტელის ამბავს, რომლის მცხოვრებლები თითქმის ყოველ ღამით დებოშებს აწყობენ. „მოდის პატრულის სამსახურის ეკიპაჟი, დგას და შემდეგ მიდის მომავალ საჩივრამდე“, – გვიხსნის დავიდი. მომხდარა, რომ მარიამის სტუმრები უფრო მშვიდი ადგილის მოსაძებნად სხვაგან გადასულან, და ამის გამო, აპარტამენტების რეიტინგი ეცემა.

ციფრების  ენით

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანამ 6 მილიონ 350,8 ათასი უცხოელი მიიღო. ეს 7,6% -ით მეტია, 2015 წელთან შედარებით. 2017 წლის იანვარში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი რეკორდულად დასახელდა – საქართველოში 387 ათასი სტუმარი ჩამოვიდა (ზრდა19,8%), ოდნავ ნაკლები იყო თებერვალში – 368 ათსზე მეტი (ზრდა 2,1%), მარტში კი მორიგი ტურისტული ბუმი მოხდა –   511 ათასი ადამიანი (ზრდა13,1%). ეს  გასული წლის მონაცემებზე 59,3 ათასით მეტია.

2017 წლის მარტის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან (ზრდა11,1%), მეორე ადგილზე არიან სტუმრები სომხეთიდან (ზრდა 11, 2%), მათ თურქეთიდან ჩამოსულები მოსდევენ (მაჩვენებელი 17,1%-ით შემცირდა), შმდეგ რუსეთიდან (ზრდა 16,5%) და ირანიდან( ზრდა194,8%). ციფრები ყველაფერზე თავად მეტყველებს…

ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად სტაბილურად მატულობს. მათმა რაოდენობამ ადგილობრივებისას პირველად 2013 წელს გადააჭარბა. მაშინ საქართველოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. შედარებისთვის 2012 წელს საქართველოში აღინიშნა 4 მილიონ 428 ათასი სტუმრის ჩამოსვლა, და ეს 2011 წელთან შედარებით,  56,9%-ით მეტია.

ბუნებრივი გოგორდის წყაროები, რომლითაც თბილისის ცნობილი აბანოები ფუნქციონირებს, მიწაში ღრმად არის განთავსებული, ამიტომ აბანოებიც მიწის ქვეშაა განლაგებული. აბანოს ზედა ნაწილი, გუმბათი, რომელსაც რამდენიმე ფანჯარა აქვს სინათლისა და ვინტილაციისთვის.

გიდი გიდზე…

საქართველოში ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების რიცხვი ტურისტების რაოდენობასთან ერთად იზრდება. პირობითად, ამ სფეროს მუშაკები შეიძლება დავყოთ იმ ადამიანებად, ვინც იმედგაცრუებისგან მიჰყო ამ საქმეს ხელი, რადგან სხვა არაფრის კეთება არ იცოდა, და იმ პროფესიონალებად,  რომლებიც სხვადასხვა რესურსს დებენ თავინთ პროფესიულ განვითარებაშიც და ახალი, საინტერესო მარშრუტების ძიებაშიც.

საქართველოს ტურისტულმა პოტენციალმა ბოლო წლებში, საკუთარი კადრების გარდა, მრავალი ჩამოსული ადამიანიც მიიზიდა – ძირითადად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები. მიმზიდველი ბიზნეს-გარემო, და ის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბიზნესი ნახევარ საათში შეგიძლია დაარეგისტრირო, და თან ამ ქვეყანაში არც უძრავი ქონება გაგაჩნდეს და არც მისი მოქალაქე იყო, ერთნაირად იზიდავს პროფესიონალებსაც და დილეტანტებსაც. შედეგად, უცხოელი მოქალაქეები აქ ტურისტულ ფირმებს ხსნიან, ხოლო საკუთარ ქვეყანასთან კონტაქტები მათ კლიენტების მოზიდვასა წარმატებულ საქმიანობაში ეხმარებათ. ზოგჯერ ჩამოსული გიდების წარმატება მათი აქაური კოლეგების გაღიზიანებას იწვევს…

“ხშირად ისეც ხდება,რომ საქრთველოში ერთი კვირის ჩამოსული ადამიანი უკვე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს – ქვეყანაში ტურის ჩატარების შეთავაზებით“ .

თბილისელი ცოლ-ქმარი ვალენტინა სემილეტი და როლანდ ქართველიშვილი, უკვე ოთხი წელია, ერთობლივ ბიზნესს უძღვრებიან. ვალენტინა კლიენტებს პოულობს, მათთან მიმოწერა აქვს, ტურებს უწევს ორგანიზებას, როლანდს კი გიდის და მძღლის ფუნქცია აკისრია. ის საქართველოში არცთუ ბევრ სერთიფიცირებულ გიდთაგანია.

„ შეყვარებულების ხიდი“  ლეღვთახევში- ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი თბილისში, რომელიც სრულიად მიუწვდომელი იყო ახლო წასრულში.  ხეობა ვიზიტორებისთვის 2011 წელს მთლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გახსნეს.

“როლანდს საქართველოს გიდების ასოციაციის სერტიფიკატი აქვს, თუმცა ოთხ წელიწადში მისი წარდგენა მხოლოდ ერთხელ მოუხდა, – ჰყვება ვალენტინა, – როგორც წესი, საქართველოს ტურისტული კომპანიები ამას არ ითხოვენ, არადა, სამწუხაროა, რადგან ამ სფეროში ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია. ხშირად ისეც ხდება, რომ საქრთველოში ერთი კვირის ჩამოსული ადამიანი უკვე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს – ქვეყანაში ტურის ჩატარების შეთავაზებით“.

„ჩემს სტუმრებს შორის ისეთებიც ყოფილან, ვისაც საქართველოში ჩამოსვლისას არაკვალიფიციური გიდი შეხვდა – ამ სამსახურს ხომ, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ყველა მეორე ტაქსის მძღოლი სთავაზობს, – გვიხსნის როლანდი; – ახლა ეს ადამიანები თავიანთ ქვეყანაში ყველა სხვა მოგზაურობის მსურველს მხურვალედ ურჩევენ, რომ ექსკურსიებისთვის   ფული არ დაინანონ, და კვალიფიციურ გიდებს მიმართონ“.

ლიცენზირება თუ ბუნებრივი შერჩევა?

„საქართველოში ტურისტული ბიზნესი გათავისუფლებულია ლიცენზირებისა თუ აუცილებელი სერტიფიცირებისგან – ბიუროკრატიზაციის თავითან ასაცილებლად, – ამბობს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი რუსუდან მამაცაშვილი, – თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს – მიმდინარეობს კამათი“.

საქართველოში გიდობა ყველას შეუძლია – და ეს კარგია, – მიაჩნია ქეთი მელაძეს, საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტს. თუ ტურისტულ კომპანიას  გიდი არ მოეწონება, მეორედ აღარ მიიწვევს სათანამშრომლოდ. მოხდება ბუნებრივი შერჩევა“,- დარწმუნებულია ის.

საქართველოში გიდების ასოციაცია 2010 წლიდან არსებობს. ასოციაციის წევრობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. დღესდღეობით გიდების ასოციაციის რიგებში 200 გიდია გაერთიანებული.

“არიან ადამიანები, რომლებიც სწავლობენ , მაგრამ გამოცდის ჩაბარებას ვერ ახრხებენ. ზოგჯერ კი ქუჩიდან შემოსული ადამიანი ძალიან მარტივად აბარებს გამოცდას“.

„გიდების ასოციაციის სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია სპეციალობის სამი გამოცდის ჩაბარების შემდეგ. გარდა ამისა, სეტიფიკატის მისაღებად საჭიროა, სულ მცირე, ერთი უცხო ენის ცოდნა. გამოცდებს, როგორც წესი, ესწრებიან საერთაშორისო მწვრთნელი და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ჩვენ მაღალი სტანდარტები გვაქვს, თუმცა სხვადასხვაგვარად ხდება: არიან ადამიანები, რომლებიც სწავლობენ, მაგრამ გამოცდის ჩაბარებას ვერ ახრხებენ. ზოგჯერ კი ქუჩიდან შემოსული, სრულიად მოუმზადებელი ადამიანი ძალიან მარტივად აბარებს გამოცდას“, – ჰყვება მელაძე.

აბანოთუბნის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ზუსტად ამ ადგილას იღებენ ყველაზე მეტ „სელფის“

ტურიზმის სფეროს ექსპერტი მაია სიდამონიძე წინათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, ბოლო წლების განმავლობაში კი კერძო მეწარმეობით არის დაკავებული – სასტუმრო „თბილისის“ მფლობელია. მისი აზრით, გიდების ლიცენზირება უკან გადადგმული ნაბიჯია.

“ეს კორუფციის ერთ-ერთი წყაროა. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორღაც შესაძლებელია ახლი ცოდნის მიღების სტიმულირება. ასეთი სერტიფიკატები აუცილებელი არ არის, მაგრამ სასარგებლოა უფრო მაღალი პროფესიონალური დონის   და შრომით ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნადობის მისაღწევად, ეს არის და ეს, – დარწმუნებულია სიდამონიძე; – გაცილებით მნიშვნელოვანია განათლების დონის ამაღლება, კერძო კომპანიებთან კონტრაქტების დადება, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას სტუდენტებმა სპეციალური სტაჟირება გაიარონ. აუცილებელია ასევე, რომ ტურისტულმა კომპანიებმა რაღაც დამატებითი რესურსები გამონახონ საკუთარი კადრების მენეჯმენტში გადასამზადებლად. განათლება ნებისმიერ სფეროში პრიორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ ტურიზმში – განსაკუთრებით“.

ამ დროს თავად ტურისტები ყოველთვის სულაც არ ეძებენ პროფესიონალ გიდებს. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია დასვენების ეროვნული კოლორიტი და ელემენტარული სერვისი.

„საქართველო მშვენიერია, მაგრამ … ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვეღირსეთ, რომ სასტუმროს მესვეურებს ჩვენს ნომერში ტელეფონი შეეკეთებინათ“.

„საქართველო მშვენიერია, მაგრამ დიდი ტურისტული ნაკადებისთვის ბოლომდე მზად არ არის, – ამბობს ოქსანა მიროშნიჩენკო კიევიდან; – თბილისში ერთი კვირის ცხოვრების განმავლობაში ვერ ვეღირსეთ, რომ სასტუმროს მესვეურებს ჩვენს ნომერში ტელეფონი შეეკეთებინათ. თანამშრომლები, უბრალოდ, მხრებს იჩეჩავდნენ და მორჩა. ტურისტულ კომპანიას კი, რომელსაც ექსკურსიები და აეროპორტიდან ტრანსფერი შევუკვეთეთ, ჩამოსვლის თარიღი აერია და აეროპორტში არ დაგვხვდა. აი, ასეთ მომენტებში თვალსაჩინო ხდება, რომ ეს ადამიანები სტუმრების ძალიან დიდ ნაკადს ვერ უმკლავდებიან“.

„საქართველოს მომხიბლაობა – სუპერპროფესიონალი გიდების სერტიფიკატებით არ განისაზღვრება და არც სისტემით „ყველაფერი ჩართულია“, – მიაჩნია ვლადიმირ სუხოვეის, რომელიც საქართველოში ბარნაულიდან უკვე მესამედ ჩამოდის, – აქაურობის მთავარი ხიბლი თავად ქართველების უშუალობაა, და ის კეთილგანწყობა, რომლითაც აქაურები ნებისმიერ სტუმარს ხვდებიან, ასევე ცხოვრების ზომიერება“.

პუბლიკაციის ორიგინალი “კავკაზსკი უზელის” ვებ გვერდზე 


ასევე წაიკითხეთ