ტურიზმი და ვაჭრობა ეჭვებისა და შიშის ფონზე. JAMnews-ის კორესპონდენტები რთულ ქართულ-ოსურ კონტექსტს ადგილზე სწავლობდნენ" />

ჩრდილოეთ ოსეთი-საქართველო: უხილავი კავშირები

ტურიზმი და ვაჭრობა ეჭვებისა და შიშის ფონზე. JAMnews-ის კორესპონდენტები რთულ ქართულ-ოსურ კონტექსტს ადგილზე სწავლობდნენ

ვლადიკავკაზი,  აპრილი 2017, თამარა აგკაცევა, JAMnews

საქართველო და რესპუბლიკა ჩრდილოეთი ოსეთი-ალანია (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი) – უახლოესი მეზობლები არიან. მათ დედაქალაქებს – ვლადიკავკაზსა და თბილისს – ერთმანეთისგან დაახლოებით 200 კილომეტრი აშორებს.

1990 წლების დასაწყისში საქართველო-სამხრეთი ოსეთის კონფლიქტსა და 2008 წელს სამხრეთი ოსეთის ირგვლივ მომხდარ ომს, თითქოს ძალიან უნდა შეეშალა ხელი მეზობლებისთვის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებაში.

მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე არ მოხდა. რუსული რეგიონი  მეზობელ ქვეყანასთან აქტიურად განვითარებად ტურისტულ და სავაჭრო ურთიერთობასა და უწყვეტი ნათესაური კავშირების დამყარებას ისევ აგრძელებს.

იმ დროს, როდესაც საქართველოსგან დამოუკიდებლად თავის გამომცხადებელ და რუსეთის მიერ 2008 წელს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებულ სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საზღვარი აქამდე ჩაკეტილი აქვს, რუსეთის რეგიონი – ჩრდილოეთი ოსეთი თბილისთან თავის ურთიერთობებს არ ზღუდავს.

მეტიც, ჩრდილოეთი ოსეთი – დღესდღეობით რუსეთსა და საქართველოს შორის   ერთადერთ და ლეგალურად მოქმედ სახმელეთო კარიბჭეს წარმოადგენს.

ზემო ლარსის სასაზღვრო გადასასვლელი 2006 წელს რემონტის გამო დაიკეტა, რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მკვეთრად გაუარესებას დაემთხვა – და, რასაკვირველია, ძლიერი დარტყმა მიაყენა უშუალო მეზობლების ურთიერთობასაც, რომლებს შორისაც კონტაქტი, პრაქტიკულად, გაქრა.

გადასასვლელი 2010 წელს გაიხსნა, და რადგანაც საქართველომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა (ცალმხრივად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზები ესაჭიროებათ) – ქვეყნებს შორის ვაჭრობა და ადამიანებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა.

და ვლადიკავკაზში საქართველოში დასვენება  მოდური გახდა.

ტურიზმი – ვლადიკავკაზიდან საქართველოში 

ვლადიკავკაზში ბევრი ამბობს, რომ საქართველო სამოგზაუროდ პოპულარული მიმართულებაა, და თან – არამარტო თხილამურებით სრიალისა და შავ ზღვის სანაპიროზე გარუჯვის მიზნით. აქაურები ამბობდნენ, რომ მათთვის საქართველო თავისი ისტორიით, კულტურითა და გასართობი ინფრასტრუქტურითაც საინტერესოა.

ვიდეო გამოკითხვა: თამარა აგკაცევა

ამავდროულად, საქართველოში დასვენების ხარისხი მოსალოდნელი ერთმნიშვნელოვნებით არ ფასდება.

დიასახლისი ალიონა საქართველოში პირველად გასულ წელს იმყოფებოდა – ქმართან და ორ შვილთან ერთად ზღვაზე დაისვენა. ამბობს, რომ მოეწონა, და ოჯახი ამ სეზონზეც იქ აპირებს შვებულების გატარებას:

ბინა ზედ ზღვის პირას დავიქირავეთ, მაგრამ საჭმელს მე თვითონ ვამზადებდი. სახლიდან  კარტოფილი, მაკარონი, ყველი, და ჭურჭელიც კი წაღებული გვქონდა. აუცილებელ პროდუქტებს ადგილზე ვყიდულობდით. საოცრად კარგი ბუნებაა, დასვენება ძვირი არ დაგვჯდომია. ადგილობრივებთან ურთიერთობა ნეიტრალური იყო, არავინ არავის ხელს არ უშლიდა. წელს დასასვენებლად ისევ საქართველოში ვაპირებთ მთელი ოჯახით ჩასვლას“.

35 წლის ზალინა, განათლებით ეკონომისტი, ორი წლის წინათ ქართველი მეგობრის მიწვევით პოპულარულ საზღვაო კურორტ ქობულეთში  ისვენებდა. თუმცა, დასვენების ხარისხით უკმაყოფილო დარჩა და ამბობს, რომ იქ აღარ წავა:

“საქართველოში სამუშაო არ არის. ადამიანები ყველგან სტუმართმოყვარეები არ არიან, მამაკაცები მუშაობით არ არიან დაკავებულები, განსაკუთრებით სოფლებში, ბევრს სვამენ. ჩემდამი დამოკიდებულება უფრო ნეიტრალური იყო, ვიდრე მეგობრული. მათთვის სულ ერთი იყო, რომ ოსი ვიყავი. თუმცა, არც ის გულითადი დახვედრა და სტუმართმოყვარეობა არ ყოფილა, რაზე ლაპარაკიც ასე უყვართ საქართველოში“. 

იმ საშიშროებაზე, რომ საქართველოში ოს ტურისტებს აგრესიით არ დახვედროდნენ, ბევრი გველაპარაკებოდა. ერთ-ერთი ვლადიკავკაზური ტურისტული ფირმის ხელმძღვანელმა, რომელმაც თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა, თქვა: „თითქმის ყველა ჩვენებური ოსი თავიდან სიფრთხილით  ეკიდება იქაურობას, მაგრამ შემდეგ მიყვებიან ხოლმე, რომ კონფლიქტის შესახებ იქ არავინ ლაპარაკობს, და ყველგან სიმშვიდეა. მოკლედ, შიში ქრება“.

ეს ბიზნესმენი ამბობს, რომ ბევრი მათგანი, ვინც საქართველოში დასასვენებლად არის ნამყოფი, იქ ისევ მიემგზავრება. მისი გამოცდილებით, ყველაზე დიდი მოთხოვნაა ზღვაზე დასვენებაზე: „ბათუმსა და სხვა მის მიმდებარე ქალაქებში ოჯახებით უყვართ ჩასვლა. იქ სამჯერ უფრო იაფია დასვენება, ვიდრე, მაგალითად, კრასნოდარის მხარეში“.

ბათუმი- ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი საქართველოში. ვლადიკავკაზში რამდენიმე ადამიანმა თქვა: „ უკეთესია პლაჟები უფრო მეტი იყოს. ადგილი კატასტროფულად არასაკმარისია“ ფოტო: JAMnews

მურატი – აქტიური დასვენების მოყვარულია. მისი საყვრელი დასასვენებელი ადგილია – ქართული სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

„ ოსეთში ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტი, სადაც დასვენება შეიძლება, არის – ცეი. იქ იდეალური ტრასებია, მაგრამ  მომსახურების ძალიან დაბალი დონეა და უძვირესი ფასები. სამედიცინო მომსახურება საერთოდ არ არის; ინფრასტრუქტურა ძველია. ცეიმდე ორი საათის გზაა – დაახლოებით ამდენივე ხანში კი გუდაურშიც შეიძლება ჩასვლა. იქ პირობებიც მშვენიერია, მომსახურებაც, სათხლამურო ტრასაც მოვლილია, ხოლო საჭმლის ფასი – ცეიზე ბევრად დაბალია. ახლა კობიდან ახალი საბაგირო გზა გაჰყავთ. შესაძლებელი იქნება კობში მანქანის დატოვება, და საბაგიროთი გუდაურში ასვლა“.

არჩევანის ყაზბეგის სასარგებლოდ  გაკეთების შესახებ ბევრმა გვითხრა. და ეს არჩევანი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აუცილებლობამაც კი ვერ შეარყია. „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტების ნაკადიც ემატება, და აქ, განსაკუთრებით რუსულ მხარეს, შეიძლება რამდენიმე საათი დაიკარგოს – გააჩნია რიგის სიგრძეს.

ვლადიკავკაზი, აპრილი 2017, ფოტო: თამარა აგკაცევა , JAMnews

ტურისტული ფირმის იგივე ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცეის კურორტებისა და სასტუმროების მფლობელები თავადაც გუდაურში ისვენებენ. „ხშირად მხვდებიან ხოლმე იქ! რა ქნან – ცეიში ინფრასტრუქტურა არ არის, არც აღჭურვილობა, თანაც  უზარმაზარი ფასებია. გუდაური – საერთაშორისო დონის კურორტია, ცეის ხეობაში კი, ჩრდილოეთ ოსეთში, მხოლოდ რუსი ტურისტები ჩამოდიან წარსულის ხსოვნით“.

საზოგადო მოღვაწე ტამერლან ცომაევს, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს, მიაჩნია, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის კულტურული, ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობები „გაუწონასწორებელი, სპორადული ხასიათისაა, და უფრო მეტად ნათესაურ კავშირებსა და პირად კონტაქტებს ეფუძნება“. მისი თქმით, ოსებისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარსულის სისხლიანი ფურცლები ახსოვდეთ“.

“არ უნდა დაგვავიწყდეს ის ტკივილი, რაც საქართველომ ჩვენს ხალხს მოუტანა. მაგრამ რაც შეეხება კითხვას: ვიმეგობროთ, ვიომოთ, თუ ავკრძალოთ – ჯობს ვიმეგობროთ, ვიდრე ვიომოთ. ჩვენი საერთო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ახლებური ურთიერთობები უნდა დავამყაროთ“, – ამბობს ცომაევი.

ხათუნა, ახალგაზრდა, ენერგიული ქალი ჰყვება, რომ „ის წარმოშობით საქართველოდანაა“.

“ჩვენ ოსები ვართ, მაგრამ ჩვენი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ, ახმეტის რაიონში. 1990 წელს (როდესაც კონფლიქტი დაიწყო) მამაჩემი ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა. აქ  შეირთო დედაჩემი, რომელიც წარმოშობით სამხრეთი ოსეთიდანაა. მე კი უკვე ვლადიკავკაზში გავჩნდი“.

ხათუნა ამბობს, რომ საქართველოში პირველად 11 წლის ასაკში იყო – ოჯახიანად კახეთში ნათესავებს ესტუმრნენ. ამ მოგზაურობიდან მას ძალიან თბილი მოგონებები შემორჩა. შემდეგ, როცა გაიზარდა, უკვე დამოუკიდებლადაც ჩავიდა საქართველოში.

„ჩემმა ნათესავებმა მთელი ქვეყანა დამათვალიერებინეს, თბილისშიც ვიყავით, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, მაღალმთიან სოფლებშიც კი. იქ უკვე ცოტა ოსური სოფელია, თითქმის აღარ არის. ბევრი რუსი და უცხოელი დამსვენებელი შემხვდა“.

ხათუნას მოგზაურობა მოეწონა: „ გემრიელი სამზარეულოა, რესტორნებში კი არ არის სიძვირე. მდიდარი და ძალიან ლამაზი ბუნებაა“. თუმცა, ბევრ რამეზე გულის დაწყვეტით საუბრობს.

“არ მომწონა, რომ ადამიანები სიღარიბეში ცხოვრობენ. პროფესორებიც კი მიწისქვეშა გადასასვლელებში ათას წვრილმანს ყიდიან. სამუშაოს მხრივ დიდი სიძნელეებია, ხელფასი და პენსია ძალიან მწირია. ჩემმა იქაურმა თანატოლებმა მითხრეს, რომ ჩვენთან ჩამოსვლას ისურვებდნენ, აინტერესებთ, აქ როგორ ვცხოვრობთ. ახალგაზრდებმა რუსული თითქმის არ იციან – და არ მომეწონა, რომ ყველაფერ დასავლურზე აფანატებენ. გოგონები საჯაროდ ეწევიან, არც მთლად კავკასიური საქციელი აქვთ. მომეჩვენა, რომ ისინი უკვე ქართველები აღარ არიან – თუმცა, ჯერ არც ევროპელები არიან. საქართველო სულ სხვანაირი გახდა“.

ვაჭრობა – საქართველოდან ვლადიკავკაზში

იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც ჩრდილოეთ ოსეთს საგარეო ვაჭრობა აქვს, საქართველო დომინირებს. „საქართველოს მოსდევს ჩინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, თურქეთი და სამხრეთი ოსეთი“, –  ასეთი სია წარმოადგინა 2017 წლის 12 აპრილს ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბაგირ მამიევმა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოსთან ან საქართველოს გავლით ვაჭრობაში ჩაბმულია ამ ქვეყნიდან დევნილი ოსების უმრავლესობა, რომლებმაც, როგორც ამბობენ, 1990-იან წლებში, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნაციონალისტური პოლიტიკისა და, ასევე, საქართველო-სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის გამო, მიატოვეს საკუთარი სახლები.

ამ ოსებისთვის უფრო ადვილია მშობლურ მხარეში ჩამოსვლა, და თან საქართველოში მათ ნათესაური და მეგობრული კავშირებიც შემორჩენილი აქვთ. ეს კონტაქტები დიდად უწყობს ხელს ერთობლივი ბიზნესის წარმართვას.

“ბევრი ჩვენებური იძენს უძრავ ქონებას საქართველოს საკურორტო ადგილებში. ეს ურთიერთობების აღდგენაზე მეტყველებს“, – ამბობს ტურისტული ფირმის ისევ ის ჩვენი ნაცნობი მფლობელი.

 რუსეთის ფედერაციის  სტსტისტიკის სამსახურში ჩრდილოეთი ოსეთის შესახებ არსებული მონაცემებით, 2010 წელს ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ 2014 წლამდე (სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები)   საქართველოსთან ვაჭრობა განუხრელად იზრდებოდა. 

  • 2010 წელს საქართველოსა და რესპუბლიკა ჩრდილოეთი ოსეთი ალანიას შორის ბრუნვა 1 მილიონ 800 ათას დოლარს შეადგენდა;
  • 2014წელს – უკვე 6 მილიონ 200 ათას დოლარს მიაღწია;
  • 2014 წელს რესპუბლიკის საგარეო სავაჭრო  ბრუნვის 15 პროცენტზე ოდნავ მეტი საქართველოზე მოდიოდა.

საფიქრებელია, რომ ოფიციალური სტატისტიკა სრულად ვერ ასახავს ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის არსებულ  სავაჭრო ვითარებას. კერძოდ, პრაქტიკულად შეუძლებელია ოფშორული ზონებიდან და რუსული ფირმებიდან განხორციელებული სავაჭრო ოპერაციების გათვალისწინება, არადა მათი წილი ალბათ ფრიად მნიშვნელოვანია.

ასევე არ არის გათვალისწინებული „წვრილმანი ვაჭრობა“, რომელსაც აქტიურად ეწევიან ისევ ის საქართველოდან დევნილი ოსები.

ვლადიკავკაზის ბაზრობების მოვაჭრეთა თქმით, საქართველოდან რუსეთში ყველაზე ხშირად სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მინერალური წყალი „ბორჯომი“, ლიმონათები და ღვინოები ჩააქვთ.

„ბორჯომის“ წყლის რუსეთში შეტანის უფლება „ალფა-ჯგუფს“ ეკუთვნის, თუმცა ეს პოპულარული მინერალური წყალი წვრილმან კომერსანტებსაც შეაქვთ მცირე პარტიებად, თუმცა, საერთო ჯამში – საკმაოდ დიდი რაოდენობით. საქონელს თბილისის ან სხვა ქალაქების ბაზრობებზე იძენენ, ჩამოაქვთ და ვლადიკავკაზში გადამყიდველებს აბარებენ. ვლადიკავკაზის სუპერმარკეტებში ქართული ღვინოების და ლიმონათების ყიდვა შეიძლება.

ფოტო  ქართული კომპანია „ ბორჯომის“ პროექტიდან სახელწოდებით „ როგორ იცვლებოდა თბილისი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დარიალის“ ხელმძღვანელი ჰაირბეკ სალბიევი საქართველოს ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ოსი მოსახლეობის პრობლემებით არის დაკავებული. ასეთი სტიქიური საზღვრისპირა ვაჭრობით ის უკმაყოფილოა და ურჩევნია, რომ, ქართული საქონლის ნაცვლად, ადგილობრივ ბაზარზე რუსეთის რეგიონების პროდუქცია იყიდებოდეს.

„რესპუბლიკას  ქართული პროდუქციის გარეშეც შეუძლია თავის გატანა. ამ ბიზნესით, პირადი გამდიდრების მიზნით, დაკავებულები არიან  კერძო პირები, რომლებსაც საქართველოდან კორუფციული სქემებით შემოაქვთ პროდუქციის მცირე პარტიები“.

„საქართველოდან შემოსული საქონელი უნდა გაფორმდეს, ჰქონდეს სააქციზო მარკები, და ისევე როგორც ნებისმიერმა იმპორტულმა პროდუქციამ, უნდა გაიაროს კონტროლი. ეს ყველაფერი არ ხდება, და დახლებზე საეჭვო წარმოშობისა და ხარისხის პროდუქცია აწყვია“, – ამბობს სალბიევი.

მას მიაჩნია, რომ მეზობლებს შორის ეკონომიკური ურთერთობების ნორმალურად განვითარებას ხელს ის უშლის, რომ ბევრი ოსი სამშობლოში – საქართველოში ვერ ბრუნდება.

“ქართული კურორტების რენტაბელურობა და  სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიურობა ჩრდილოეთ ოსეთსა და სააქართველოს შორის გაიზრდებოდა, ოფიციალურ თბილისს ოსები იმ მიწებზე რომ დაებრუნებინა, სადაც ისინი უხსოვარი დროიდან სახლობდნენ – გუდას ხეობაში, კობში, თრუსოს ხეობაში. ოსი მოსახლეობა მათ ყოფილ მიწებზე რომ შეუშვან, თავინთ მიტოვებულ სახლებში – ოსები და ქართველები საერთო ენას გამონახავდნენ“, – ამბობს ჰაირბეკ სალბიევი“.

 საქართველოს კურორტებზე  ნამყოფი  ბევრი ადამიანი შემდეგ კითხვებს სვამს-რატომ არაფერს აკეთებენ ოსეთში ტურიზმის განვითრებისთვის,განსაკუთრებით კი სამთო ტურიზმის?-გვიყვებოდა ბიზნესმენი ვლადიკავკაზიდან, რომელიც საქართველოში  ტურების  დაგეგმვითაა დაკავებული. ფოტო: თამარა აგკაცევა JAMnews

თუკი 2014 წლამდე სტატისტიკა მეზობლებს შორის საქონელბრუნვის სწრაფ ზრდაზე მეტყველებდა, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში  ჩრდილოეთი ოსეთიდან ექსპორტის მოცულობა სტაბილურად კლებულობს.

რესპუბლიკის ძირითადი საექსპორტო საქონელი – ეს არის მეტალები (კერძოდ, ცინკი და ტყვია), მათგან დამზადებული ნაკეთობები, სხვა ნედლეული, და ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

ვითარდებოდა კიდევ სხვა ბიზნესი – საქართველოში უცხოური მაქნქანების ნაწილების შესაძენად ჩასვლა. მაგრამ ესეც შემცირდა მას შემდეგ, რაც რუსეთში უცხოური მანქანების შემოყვანაზე საბაჟო გადასახადმა მოიმატა. „ ისევ უკან, „ჟიგულებში“ გვაბრუნებენ“, – თქვა მოკლედ ამის შესახებ ტაქსის მძღოლმა, რომელსაც საზღვართან მივყავდით.

ტამერლან ცომაევი, რომელიც ვლადიკავკაზში თავისი საზოგადებრივად მნიშვნელოვანი პროექტებით არის ცნობილი, ამბობს, რომ ჩრდილო ოსეთი-საქართველოს მიმართულებას სავაჭრო და ტურისტული თვალსაზრისითაც კარგი პერსპექტივები აქვს.

“ჩვენც შეგვიძლია საქართველოში პროდუქცია შევიტანოთ – მარცვლეული, ხორბალი, სიმინდი და ლუდის სახდელი პროდუქცია, ალკოჰოლი, ღვინისა და ბრენდის ნედლეული“.

“ოსებს ქართველებთან ასევე ბევრი ისტორიული კავშირიც აქვთ – ეს არის მეფის ასული ბურდუჰანი, თამარ დედოფალი, და მეფე დავით სოსლანი. მაგრამ, ეს შესაძლებლობები რომ განხორციელდეს – ურთერთობა თანასწორუფლებიანი და გააზრებული უნდა იყოს“.

გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ჩრდილოეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე. 2016 წლის ივლისი. ფოტო: ალან ცხურბაევი

ასევე წაიკითხეთ