JAMnews-ის რეპორტაჟი ამერიკული სამხედრო ხომალდიდან Sea Breeze 2019 წვრთნების დროს " />

“უსაფრთხოდ და პროფესიონალურად” – როგორ გამოიყურება ახლოდან აშშ-რუსეთის სამხედრო მეტოქეობა შავ ზღვაზე

JAMnews-ის რეპორტაჟი ამერიკული სამხედრო ხომალდიდან Sea Breeze 2019 წვრთნების დროს

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

ოდესის სანაპიროს სწრაფად ვშორდებით. “კარნი” (USS Carney) – ესპანეთში ბაზირებული აშშ-ის მე-6 ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე ხომალდი, ღია ზღვაში მიემართება, საერთაშორისო წვრთნებში Sea Breeze 2019 მონაწილეობის მისაღებად.

მთავარი, რითიც 1994 წელს გამოშვებული Carney არის ცნობილი – მისი ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო შეიარაღება და ფრთოსანი რეკეტები “ტომაჰავკებია”. ხომალდი ამერიკული ანტისარაკეტო გლობალური პროგრამის “იჯისი”-ს (AEGIS) ნაწილია. 

12 ივლისს მორიგი უკრაინულ-ამერიკული სამხედრო-საზღვაო წვრთნები Sea Breeze 2019 დასრულდა, რომლებიც უკრაინაში 1997 წლიდან, სხვა შავიზღვისპირა სახელმწიფოების მონაწილეობით ტარდება.

წელს წვრთნებში მონაწილეობა 27 ხომალდმა და 3 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო 19 ქვეყნიდან. მათ შორის  – საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღამ “ოჩამჩირე” და თავდაცვის ძალების სპეცრაზმის ქვედანაყოფებმა.

• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

• თვალსაზრისი: რატომ გვაძლევენ ჯაველინებს?

• ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე

Carney-ს გარდა, აშშ წვრთნებზე უახლესი სადესანტო ხომალდით YUMA იყო წარმოდგენილი. თუმცა, წვრთნების საზღვაო კომპონენტში, რომელსაც ჩვენ Carney-ს ბორტიდან ვადევნებდით თვალს, ამ საშიში შესახედაობის უზარმაზარ კატამარანს მონაწილეობა არ მიუღია.

დაუპატიჟებელი თანამგზავრები 

ზღვაში ოთხი გემი გადის – “კარნი”, უკრაინის ფლოტის ფლაგმანი “ჰეტმან საგაიდაჩნი”, რუმინული კორვეტი  Contraamiral Eustaciu Sebastian და ბულგარული კორვეტი “Bodri”.

პორტიდან გამოსვლიდან რამდნიმე საათის შემდეგ გემები ერთად იყრიან თავს ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად. რუმინული კორვეტი ცას დაუნდობლად ჭვარტლავს და შავი კვამლის კვალს ტოვებს, როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის ორთქლისძრავიანი გემი. ორი დღის განმავლობაში ის კოლეგების ხუმრობების მთავარ საგნად იქცევა გემბანზე გამოსვლის დროს.

ოფიცრებისგან ვიგებთ, რომ წვრთნების მონაწილეების გარდა, ახლოს რუსეთის სამხედრო ხომალდიც იმყოფება. ერთ მომენტში ის ჰორიზინტზე ჩნდება – ეს დიდი სადესანტო ხომალდია.

რუსული სამხედრო გემი აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს სიახლოვეს. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews 

უცებ ჰაერში სამხედრო თვითმფრინავი ჩნდება და ამერიკული ხომალდის გარშემო წრეს კრავს. «Aircraft attack” (“საჰაერო შეტევა”)  – აცხადებენ სამართავ კოშკურაზე. ეკიპაჟის სიმშვიდით ვხვდებით, რომ ეს წვრთნების ნაწილია.

თვითმფრინავი ისევ ჩნდება. ამჯერად ამას აშკარა გამოცოცხლება მოჰყვება – ეკიპაჟის წევრები გარშემო სხვადასხვა ზომის ფოტო და ვიდეოკამერებით ხელში დარბიან და ცას ყურადღებით აკვირდებიან.

თვითმფრინავი გემის გარშემო კიდევ რამდენიმე წრეს არტყამს, ერთხელ ხომალდის თავზე ცაში ვერტიკალურად იჭრება და ბოლოს ქრება.

რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს თავზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

როგორც მოგვიანებით უკვე კაპიტნისგან ვიგებთ, პირველი თვითმფრინავი უკრაინული იყო და გეგმის მიხედვით წვრთნებში მონაწილეობდა. მას მალევე უკან რუსული ბომბდამშენი სუ-24 მოჰყვა.

კომენტარი ინციდენტთან დაკავშირებით გემის კაპიტანმა ტაისონ იანგმა მხოლოდ მეორე დღეს გააკეთა.

“ჩვენ და რუსეთი ერთ და იგივე წყლებში ვოპერირებთ”,  – ამბობს ის. 

ტაისონ იანგი თავის კაბინეტში დიდ ერკანს გვიჩვენებს, რომელზეც წითლადაა მონიშნული რუსული დიდი სადესანტო ხომალდი, რომელიც Sea Breeze-ის მონაწილეებს უკან მიჰყვება.

თუმცა, კაპიტნის თქმით, როგორც წვრთნების მონაწილეები, ასევე რუსეთის ხომალდები “უსაფრთხოდ და პროფესიონალურად” მოქმედებენ, ერთმანეთს ზედმეტად არავინ დაახლოებია და რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა.

“რაც შეეხება თვითმფრინავს, რუსული სუ-24 ოპერირებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, სადაც ასევე წვრთნების მონაწილეები მოქმედებენ. საგანგაშო არაფერი მომხდარა, ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ და პროფესიონალურად მანევრირებდა”, – ამბობს კაპიტანი.

აბორდაჟის ჯგუფი 

კაპიტანი წვრთნების მიმდინარეობაზე საუბრობს და სიტუაციას რუკაზე გვიჩვენებს – ოთხი ხომალდი ზღვაში ერთობლივ მანევრებს, ერთმანეთში კომუნიკაციას, ასევე  სააბორდაჟო-მოიერიშე “VBSS ჯგუფების” (Visit, board, search and seizure) მოქმედებებს ამუშავებს. ამ ჯგუფების ამოცანა მოწინააღმდეგის ან სამართალდამრღვევი ხომალდის ბორტზე ასვლა, მათი გაწმენდა და კონტროლის დამყარებაა. რაიმე ცვლილება წვრთნების გეგმაში რუსული ავიაციის გამოჩენას არ მოჰყოლია.

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ერთობლივი წვრთნა უკრაინულ, რუმინულ და ბულგარულ სამხედრო ხომალდებთან . ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

კაპიტანი იანგი ძალიან თბილად იხსენებს ვიზიტს ბათუმში 2018 წლის მაისში. მაშინ ამერიკელმა მეზღვაურებმა საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარეს.

ოფიცერი კარსონ რონიც, რომელიც ტორპედოს გამშვებ აპარატებზე აგებს პასუხს და ასევე VBSS ჯგუფში მონაწილეობს, ქართველ ოფიცრებთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.

“ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან. მათმა სააბორდაჟე ჯგუფმა თავისი საქმე იცის. მეამაყება, რომ მათთან ერთად ვმუშაობ, მათგან ვსწავლობ და იმედი მაქვს,  რაღაცეებსაც ვასწავლი. ამიტომაც ყოველთვის, როდესაც შესაძლებლობა მეძლევა ქართველ სამხედროებთან ვიმუშავო, აღფრთოვანებული ვარ”, – ამბობს რონი.

რონი, VBSS ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, იცვამს კამუფლაჟს და ჯავშანჟილეტს, იხურავს ჩაფხუტს, ხელში იღებს ავტომატის ცისფერ მულაჟს და ისმენს მოკლე ინსტრუქტაჟს, სანამ წვრთნების მორიგ ეტაპს შეუდგება, რომელიც გემის “წმენდის” და დაცვის დამუშავებას გულისხმობს.

სააბორდაჟე ჯგუფი სხდება ნავში აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტიდან. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

ჯგუფი ჯერ ხომალდის ბორტზე ვარჯიშობს, შემდეგ სადესანტო ნავზე სხდება და მეზობლების – ბულგარული კორვეტის “ბოდრის”  “დასალაშქრად” მიემგზავრება.

ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა, რაც მეზღვაურების შეთანხმებული მოქმედებების შედეგია. ამ მეზღვაურებს შორისაა ალექსანდრ კაჩინსკი, რომელიც პასუხს სადესანტო ნავებზე აგებს.

ალექსანდრი პოლონეთში დაიბადა. აშშ-ში კი საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც დედამისი ამერიკელ სამხედროზე გათხოვდა.

“თავიდან კოლეჯში სწავლა ვცადე, მაგრამ არ მომეწონა. მინდოდა მოგზაურობა, თანაც არა უბრალოდ მოგზაურობა, არამედ ქვეყნისთვის რამის გაკეთებაც.  ჩემი სამუშაო ძირითადად მომწონს, ბევრ ქვეყნებში ვმოგზაურობ. მაგალითად, უკრაინა ძალიან მომწონს”, – ჰყვება კაჩინკსკი.

თუმცა, რეგიონის ამბებით იგი დიდად არ ინტერესდება და, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შესახებ თითქმის არაფერი იცის.

სააბორდაჟე ჯგუფი აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-დან ბულგარულ კორვეტ “ბოდრის” “იერიშით იღებს”. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

გემი და ეკიპაჟი 

ხომალდზე 300-ზე მეტი ადამიანი მსახურობს. მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა. დრო, როდესაც გემებზე ქალების ყოფნას არ მიესალმებოდნენ, ამერიკულ ფლოტში კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. ეკიპაჟის დაახლოებით მეოთხედი ქალები არიან.

მათ ხომალდზე საკუთარი საცხოვრებელი სივრცე აქვთ, სადაც მამაკაცები არ დაიშვებიან.

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

ამერიკულმა სარდლობამ საშუალება მოგვცა რა არა მხოლოდ დაგვეთვალიერებინა, არამედ ორი დღე ამერიკელი მეზღვაურების ცხვრებით გვეცხოვრა. მათ შორის გვეჭამა გემის სასადილოში და ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ადგილებზე დაგვეძინა. სამ-სამად ჩამწკრივებული ვიწრო “თაროებს” და თითქმის მუდმივ სიბნელეს  ძილისთვის განკუთვნილ სივრცეში, ასევე გემზე ფანჯრების არარსებიბას და რწევას საკმაოდ მალე ეჩვევი.

საძილე ადგილები ეკიპაჟისთვის აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

ყოველ ჯერზე, როდესაც სუფთა ჰაერზე გასვლა გინდება, საჰაერო შლუზი უნდა გაიარო, სადაც გარეთა კარს ვერ გააღებ, სანამ შიდას არ დახურავ – თითქმის ისევე, როგორც კოსმოსურ ხომალდზე. ამის წყალობით მიკროკლიმატი და ჰაერი შიგნით გარეთ არსებულ გარემოსთან შეხებაში თითქმის არ მოდის.

კაფე აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews

ადამიანებისთვის, რომლების ამგვარ დახშულ სივრცეში იმყოფებიან, მთავარი საფრთხე ხანძარია. დერეფნებში ყოველ ნაბიჯზე სახანძრო აღჭურვილობის კომპლექტები კიდია. ჩვენ ეკიპაჟის სახანძრო წვრთნას შევესწარით – ყველა მეზღვაურმა ზუსტად უნდა იცოდეს, ხანძრის დროს რა გააკეთოს.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი განყოფილება ხელოვნური კვამლით გაივსო, მეზღვაურებმა სასწრაფოდ ჩაიცვეს სახანძრო ფორმები ჟანგბადის ბალონებით და სათავსოს იზოლირების მიზნით ყველა კარი და ლუკი გადაკეტეს. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის მოქმედებებს ამუშავებდნენ.

სახანძრო წვრთნა აშშ-ის სამხედრო ფლოტის ნაღმოსან Carney-ს ბორტზე. ფოტო: დიმიტრი ავალიანი, JAMnews 

რუსეთს არ სძინავს

უკვე უკანა გზაზე ძალიან ახლოს რუსეთს სამხედრო ვერტმფრენმა გადაგვიფრინა. როგორც აღმოჩნდა, მასში რუსული სამთავრობო ტელეარხის “ზვეზდას” ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. რომლებმაც მაყურებელს სიხარულით ამცნეს, რომ ამერიკული გემის გვერდებზე ჟანგი აღმოაჩინეს.

რუსეთმა არაერთხელ როგორც სიტყვით, ასევე საქმით აჩვენა, რომ წვრთნები Sea Breeze არ მოსწონს. განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ მოსკოვში ამერიკული ხომალდების ვიზიტებს შავ ზღვაში 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

თუმცა, არც აშშ  და არც უკრაინა ამ წვრთნებზე უარის თქმას არ აპირებენ.

 


ასევე წაიკითხეთ