თვალსაზრისი: რატომ გვაძლევენ ჯაველინებს?
ჯაველინები პოლიტიკურ კონტექსტში
2008 წლის შემდეგ საქართველოს გამოუცხადებელი სამხედრო ემბარგო დაადეს. დასავლეთში მიიჩნევდნენ, რომ ომის დაწყებაში ნაწილობროვ მაინც თბილისი იყო დამნაშავე და შესაბამისად, მაშინდელ მთავრობასთან ახლო კონტაქტებს ცოტა არ იყოს ერიდებოდნენ.
ამას დაემატა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაც, რომელიც გულისხმობდა საქართველოსთვის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გაყინვას იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი რეგიონში ომის შემდგომ სტატუს-კვოს აღარ დაარღვევდა. საქართველოს მაშინდელ მთავრობას მოუხდა შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზება და შიდა სამხედრო წარმოების განვითარება. თუმცა, ამ მიმამრთულებით მიღწეული გარკვეული წარმატების მიუხედავად (მაგალითად, შეიქმნა ქვეითთა ჯავშნოსანი მანქანები) ემბარგო დიდ პრობლემად რჩებოდა, რადგან ქვეყანა ვერ აწარმოებდა ანტისაჰაერო და ანტისატანკო თავდაცვის საშუალებებს.
ობამას პრეზიდენტობისას საქართველოსთვის ანტისაჰაერო თუ ანტისატანკო თავდაცვის საშუალებების მიყიდვა ნამდვილ რუბიკონად იქცა. ცხადია, ეს მხოლოდ ქართული ფაქტორით არ იყო გამოწვეული. ობამას ადმინისტრაცია მაქსიმალურად თავს იკავებდა ყველა მკვეთრი ნაბიჯისგან, იქნებოდა ეს უკრაინასა თუ სირიაში. მართალია, ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დისკრედიტაცია მოხდა და შესაბამისად, 2008 წლის ომის დაწყების ბრალიც საქართველოს მოეხსნა, მაგრამ თბილისისათვის იარაღის მიყიდვა მაინც გადაულახავ ბარიერად რჩებოდა.
ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილება, ცხადია, ვაშინგტონში ერთბაშად არ მიუღიათ. რუბიკონის ეს გადალახვა განაპირობა მთელმა რიგმა ფაქტორებმა; პირველ რიგში, ალბათ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოაშკარავებამ.
ვაშინგტონი მეტად რთული და მძიმე პოლიტიკური გიგანტია და მისი დაძვრა იოლი არ არის, მაგრამ როცა დაძვრა მოხერხდება შემდეგ ამ გიგანტის შეჩერება შეუძლებელია.
ახლა ვაშინგტონი დაძრული და მომართულია, რათა რუსეთს პასუხი გასცეს. ახალ-ახალი სანქციები, ერთობლივი სამხედრო წვრთნები საქართველოში, ჯაველინები – ამ ყველაფერს ადგილი არ ექნებოდა, რომ არა მოსკოვის მხრიდან უპრეცედენტო თავხედობა.
რუსეთში ახლა წესით მწარედ უნდა ნანობდნენ არჩევნების დროს ჩატარებულ ფარულ ქმედებებს (covert actions – ასე ეწოდება დაზვერვის ენაზე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას, რომელიც გულისხმობს ამ სახელმწიფოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემის დესტაბილიზაციას, დეზინფორმაციისა თუ შავი პროპაგანდის კამპანიას, დივერსიას და ა.შ.) და შემდეგ, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შამპანურით აღნიშვნას. ამერიკამ გაიღვიძა ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.
გარდა ამისა, ჯაველინების მიყიდვა იმას ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს განიხილავს როგორც სერიოზულ და პასუხისმგებელ მოთამაშეს, რომელსაც შეიძლება მსგავსი იარაღი ანდო – ეს იარაღი მხოლოდ საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული და იგი სხვას არ ჩაუვარდება ხელში. ჯაველინების გადმოცემას, ცხადია, უნდა მოჰყვეს ამერიკელი ინსტრუქტორების მომაგრებაც შესამისი ქართული შენაერთებისათვის. ანუ ეს ნიშნავს ამერიკის მხრიდან სამხედრო-პოლიტიკური ჩართულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას.
ჯაველინები სამხედრო კონტექსტში
ასეთი შეიარაღების გადმოცემა მოსკოვის რეაგირების გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის. რუსეთი ესწრაფვის რეგიონში ამერიკის გავლენის შესუსტებას. მას უნდა, რომ საქართველო მაქსიმალურად დაუცველი დარჩეს, რათა მისი დაშანტაჟება და მისთვის საკუთარი პოლიტიკური ნების თავსმოხვევა იოლი იყოს.
სხვა მიზეზი რუსეთის გაღიზიანებას არ შეიძლება ჰქონდეს – ყველას კარგად ესმის, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას და არც თავისი დაკარგული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას.
საქართველოს მხრიდან რუსეთზე თავდასხმა იმდენად აბსურდულად ჟღერს, რომ ამ ვარიანტს თითქოსდა არც უნდა ვახსენებდეთ, მაგრამ 2008 წელს რუსეთი ხომ სწორედ ამას ირწმუნებოდა და ამტკიცებდა, რომ ქართული არმია რუს სამშვიდობოებს დაესხა თავსო. ეს ბრალდება მოგვიანებით არ დაადასტურა ევროკავშირის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (ე.წ. ტალიავინის ჯგუფმა), თუმცა მოსკოვი ამას მაინც ძალიან დიდხანს იმეორებდა და ამაში საკუთარი მოსახლეობის ნაწილი მაინც დაარწმუნა.
მოკლედ, ჯაველინები თავდაცვითი იარაღია და აქედან გამომდინარე მოსკოვს აგრესიისთვის არანაირ ლეგიტიმურ საფუძველს არ აძლევს. თუმცა, ამავე დროს, კარგად ვიცით, რომ მოსკოვისათვის ლეგიტიმურობა არც ისე მნიშვნელოვანია – პუტინის რუსეთი ძალის დემონსტრირებას არ ერიდება განურჩევლად პოლიტიკური ფასისა, რომელსაც ასეთ დროს იხდის.
აცნობიერებენ რა ამ ჭეშმარიტებას, თბილისში რუსეთის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენენ და შედეგად “რუსეთის არგაღიზიანების” პოლიტიკა ზოგჯერ დასაცინიც კი ხდება.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამ “არგაღიზიანების პოლიტიკის” გადახედვაც მოხდა. პირველ რიგში, ალბათ იმის წყალობით, რომ საქართველომ ამერიკის მხრიდან მეტი მხარდაჭერა იგრძნო. მეორეც, ალბათ ხდება იმის გაცნობიერება, რომ ჯაველინებით (და მომავალში იქნებ ასევე სტინგერებით) აღჭურვილი ქართული არმია კერკეტი კაკალი იქნება, რომლის დამტვრევაც რუსეთს ძვირი დაუჯდება.
“არგაღიზიანებაზე” უფრო კარგი შემაკავებელი ფაქტორი საქართველოსთვის სასარგებლო ძალთა ბალანსია. ცხადია, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველო ვერც ჯაველინებით დაამარცხებს, მაგრამ იმდენ ზარალს მაინც მიაყენებს, რომ რუსეთს ახალი აგრესია უბრალოდ არ უღირდეს – არ უღირდეს სამხედრო თვალსაზრისით, თორემ რაც შეეხება პოლიტიკურ მომენტს, ეს შეიძლება რუსეთისთვის დიდად მძიმე არ იყოს, რადგანაც მას უკვე დაადეს სანქციები და ახალი, დამანგრეველი სანქციების დადება დასავლეთის მხრიდან ნაკლებად რეალურია.
გარდა ამისა, თუკი რუსეთის ისტორია რამეს გვასწავლის, პირველ რიგში გვასწავლის, რომ რუსეთი ძლიერ და ღირსეულ მოწინააღმდეგეს სცემს პატივს. საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის მოწინააღმდეგე იყოს. მისი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებშიც კი, საქართველი მეტად მოქნილ და მეგობრულ პოლიტიკას ატარებს – მასპინძლობს მილიონობით რუს ტურისტს და კარს უღებს რუსულ ინვესტიციებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ საქართველო ოკუპაციას ეგუება და საკუთარი თავის დაცვაზე უარს იტყვის.
თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი