შერემეტის საქმეზე დაპატიმრებულთა შორის ომის ვეტერანები და მოხალისეები არიან" />

უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელები დააპატიმრეს. მკვლელობის დამკვეთი უცნობია

შერემეტის საქმეზე დაპატიმრებულთა შორის ომის ვეტერანები და მოხალისეები არიან

კიევში ცნობილი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობიდან თითქმის სამნახევარი წლის შემდეგ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და ეროვნული პოლიციის უფროსმა განაცხადეს, რომ ამ საქმეში ეჭვმიტანილები დააკავეს.

უკრაინული ტელეკომპანიის ჰრომადსკოეს ცნობით, სულ ხუთი ეჭვმიტანილია დაკავებული: დონბასის ომის ვეტერანები, ცოლ-ქმარი ინა და ვლადისლავ გრიშჩენკო, სამხედრო მედდა იანა დუგარი, ბავშვთა ქირურგი იულია კუზმენკო და მუსიკოსი და სამხედრო მოსამსახურე ანდრეი ანტონენკო.

გამოძიების მთავარი ვერსიით, მკვლელობის მოტივი ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია იყო.

დადასტურებულია: რუსი ჟურნალისტები ცენტრალურ აფრიკაში მათი გამოძიების გამო მოკლეს და არა ძარცვისას

ჟურნალისტის მკვლელობისთვის საუდის არაბეთს მკაცრი სანქციები ემუქრება

სლოვაკეთი: ჟურნალისტის მკვლელობამ პოლიტიკური კრიზისი წარმოშვა

შერემეტის მკვლელობა

პაველ შერემეტი ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში მუშაობდა, ხოლო სიკვდილამდე ორი წლით ადრე საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. 2016 წლის 20 ივლისს იგი კიევში საკუთარ  მანქანაში ააფეთქეს.

შერემეტი ადგილზე გარდაიცვალა.

2017 წლის მაისში უკრაინული ტელეკომპანიის ჰრომადკოეს საგამოძიებო რედაქციამ, საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის OCCRP- დან კოლეგებთან ერთად, წარმოადგინეს საგამოძიებო ფილმი პაველ შერემეტის მკვლელობის შესახებ.

ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ, რომ ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს, რასაც გამოძიებამ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქცია. მათ შორის – გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებზეც სავარაუდო მკვლელებია აღბეჭდილი.

მტკიცებულებები და ვერსიები

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელთა განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ გარე კამერების ჩანაწერები გახდა ის ინფორმაცია გამოძიებისთვის, რომელმაც ძიება ეჭვმიტანილებამდე მიიყვანა.

გარდა ამისა, სპეციალურ ბრიფინგზე აუდიოჩანაწერი წარმოადგინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილ იულია კუზმენკოს ეკუთვნის. ჩანაწერზე ის თანამოსაუბრესთან ერთად ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აუცილებლობას განიხილავს, რაც “საკრალურ მსხვერპლს” საჭიროებს.

დაკავებულთა ნაწილი უკრაინაში ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც პატივისცემით სარგებლობენ ომის ვეტერანებსა და მოხალისეებს შორის.

ჯერჯერობით გამოძიებას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ სჭირდებოდათ ამ ადამიანების ასეთი გზით ქვეყნის დესტაბილიზაცია.

ასევე  არ არსებობს ვერსიები მკვლელობის სავარაუდო დამკვეთის შესახებ. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა,

 

«დღეს  სავარაუდო მკვლელები დააკავეს. ჩვენ ბევრი პასუხი მივიღეთ – თქვენ თვითონ ნახეთ ეს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კითხვა: ვინ არის დამკვეთი? დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე ამ კითხვაზეც პასუხს მივიღებთ».

კითხვაზე მკვლელობის შესაძლო ”რუსული კვალის” შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა არსენ ავაკოვმა აღნიშნა, რომ ეს ვერსია ამჟამადაც არ არის გამორიცხული.


ასევე წაიკითხეთ