აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბნენ " />

ტაქსის მძღოლებმა თბილისში რეგულაციების შემოღება მსვლელობით გააპროტესტეს

აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბნენ

თბილისში ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართა. მანქანების კოლონამ, მთელი ქალაქის გავლით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე ჩაიარა. მძღოლები თბილისის მერიის მიერ შემოღებული რეგულაციების გაუქმებას ან გადავადებას ითხოვდნენ.

აქცია ივანიშვილის სახლთან

საქართველოს ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერთან კახა კალაძესთან მოლაპარაკების დაწყება მოითხოვეს. აქციაზე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მძღოლების მოთხოვნებს მხარი დაუჭირეს.

• ერევანში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

• მარჯვენა საჭესთან გამომშვიდობება?

 „გადადონ ეს რეგულაციები, რომლებიც ამ ადამიანებს აკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ტოვებს მათ უმუშევრად, უსახსროდ, უპუროდ,“ – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.

“ლეიბორისტები” ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორ დღეს აძლევენ და პერმანენტული აქციების დაწყებით ემუქრებიან.  ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვლის სახლთან აქციას მართავენ.

Posted by რადიო თავისუფლება on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019

რა არ მოსწონთ ტაქსის მძღოლებს?

მთავარი, რის გამოც მძღოლები ქუჩაში გამოვიდნენ, ავტომობილების გადაღებვის მოთხოვნაა. ქალაქის მერიის დადგენილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ქალაქში მოძრავი ყველა კერძო ტაქსის ფერი თეთრი უნდა იყოს. მერიამ მძღოლებს 800 ლარიანი გადაღებვის ვაუჩერი შესთავაზა. თუმცა, მძღოლები ამით უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან, მათი თქმით, მანქანის შეღებვის ფასები მერიის მიერ გამოყოფილ თანხაზე მაღალია. გარდა ამისა, გადაღებილი მანქანის ფასი მისი გაყიდვის შემთხვევაში კლებულობს.

გარდა ამისა, შეღებვის პროცესი მანქანის რამდენიმე დღით გაჩერებას ნიშნავს, რაც მძღოლებისთვის დაკარგული შემოსავალია.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაღებვის ვალდებულება საბოლოოდ გაუქმდეს, ამასთანავე მარჯვენა საჭიან მანქანებს მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა და მგზავრის აყვანა შეეძლოთ ყველა მძღოლს ქუჩიდან”, – განაცხადა აქციის დაწყებამდე მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

Posted by რადიო თავისუფლება on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019

რას პასუხობს მოთხოვნებს მერია?  

თბილისის მერია ტაქსებს თეთრად გადაღებვას აღარ მოსთხოვს და ალტერნატივის სახით მანქანებზე თეთრი ფერის ფირის გადაკვრას სთავაზობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფირის გადაკვრის ხარჯებსაც სარეკლამო კომპანია დაფარავს, სანაცვლოდ კი ტაქსები 2 წლის განმავლობაში მისი რეკლამით იმოძრავებენ.

ელოშვილის თქმით, სამაგიეროდ ლიცენზიის მფლობელი ტაქსები რამდენიმე შეღავათით ისარგებლებენ – მათ უფასოდ გადაეცემათ მანათობელი ნიშნები, უფასოდ ისარგებლებენ სპეციალური საპარკინგე ადგილებით, არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, ასევე გადაეცემათ ვაუჩერები მანქანის ღებვასა და ქიმწმენდაზე.

რას ითვალისწინებს რეგულაციები?

ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაქსების ბიზნესი თბილისში კანონით არ რეგულირდებოდა. “ტაქსაობა” ნებისმიერ ავტომფლობელს შეეძლო, რომელიც მანქანაზე მანათობელ ნიშანს დააყენებდა.

ქალაქში ტაქსების ლიცენზირების აუცილებლობის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წელს განაცხადა.

თბილისის მერიამ ტაქსის რეგულაციების ამოქმედება ეტაპობრივად გადაწყვიტა. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კანონი ტაქსების მფლობელებს ლიცენზიების აღებას ავალდებულებს. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი – 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისის ტაქსების ფერად თეთრი განისაზღვრება. მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება.


ასევე წაიკითხეთ