სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი აკრძალეს, საქართველოში მათი რაოდენობის შემცირებას გაძვირებით ცდილობენ " />

მარჯვენა საჭესთან გამომშვიდობება?

სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი აკრძალეს, საქართველოში მათი რაოდენობის შემცირებას გაძვირებით ცდილობენ

სომხეთმა მრჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი აკრძალა. მთავარი მიზეზი უსაფრთხოებას უკავშირდება. ხელისუფლების არგუმენტებს არ ეთანხმებიან მძღოლები, რომლებიც მთავრობის გეგმებს დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ. საქართველოში კი მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვა გადაიფიქრეს, თუმცა ერთი წლის წინ მათ შემოტანაზე აქციზი სამჯერ გაიზარდა. რით იზიდავს მძღოლებს მარჯვენასაჭიანი მანქანები საქართველოსა და სომხეთში და რამდენად გამართლებულია  აკრძალვები? ამ ყველაფერს ერევანსა და თბილისში  JAMnews-ის კორესპონდენტები არკვევდნენ. 

   მარჯვენა საჭისა და დემოკრატიისთვის

30 წლის არა მელიკჯანიანი 12 წელია საჭეს უზის. ბოლო სამი წელია, მარჯვენასაჭიან ავტომობილს მართავს. იმ პრობლემებმა, რაც   მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს შეექმნათ, ათასი სხვა მძღოლის მსგავსად, არაც აიძულა, რომ ქუჩაში გასულიყო და სამთავრობო პროექტის წინააღმდეგ ებრძოლა.

„ჩვენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის წინააღმდეგ ვიბრძოდით, თუმცა, ეს ამავდროულად საკონსტიტუციო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაც იყო. ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი აკრძალვისა და უფლების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანებს მხოლოდ ერთადერთი გეგმა „ბ“ აქვთ – ეს არის ემიგრაცია. ისინი კი, ვინც ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა, ამბობენ: ჩვენ სომხეთში დავრჩებით და საკუთარი უფლებებისთვის ვიბრძოლებთ“, – ამბობს არა.

ყველაფერი დაიწყო 2017 წლის ბოლოს, როდესაც მთავრობა გამოვიდა წინადადებით, რომ 2018 წლის 1 აპრილიდან დროებით აეკრძალათ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანა, მომავალში კი მათი ექსპლუატაციაც. დაშვებული იყო მხოლოდ 2018 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი მანქანების გამოყენება, თუმცა არა – მათი გადარეგისტრირება.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სომხეთში 32 ათასი მარჯვენასაჭიანი ავტომობილია. თუმცა, პროექტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მათი რაოდენობა თითქმის 100 ათსს უტოლდება:

„პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ მანქანის ტექნიკურ წიგნაკში მკაფიოდ არ ფიქსირდებოდა, თუ რომელ მხარეს ჰქონდა მანქანას საჭე – მარჯვნივ, თუ მარცხნივ. ამგვარ პირობებში კი, მთავრობის მონაცემები სარწმუნო ვერ იქნება“, – განმარტავს არა.

ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო პროექტის მიღების არგუმენტად იმაზე მიუთითებდა, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ხშირად საგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება. თუმცა, საგზაო პოლიცია საგზაო შემთხვევების დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების „ბრალეულობასთან“ დაკავშირებით სტატისტიკას არ ფლობს:

„მას შემდეგ, რაც მინისტრთან შეხვედრის დროს განვაცხადეთ, რომ ავარიების სტატისტიკა არ არსებობს, ანუ ის მონაცემები, რომლებიც ამგვარი მტკიცების საფუძვლად გამოდგებოდა, მთავრობაში ეს ციფრები ერთ ღამეში „გააჩინეს“ და თქვეს, თითქოს ეს მონაცემები სადზღვევო კამპანიებმა წარმოადგინეს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება: რატომ აწვდიან სადაზღვევო კომპანიები მძღოლების პირად მონაცემებს მესამე მხარეს? თუნდაც ეს სომხეთის მთავრობა იყოს. რა უფლებით?“ – ამბობს არა.

რამდნიმეკვირიანი ბრძოლა იქამდე მივიდა, რომ პროექტი დასახვეწად გაიგზავნა. შედეგად ის პუნქტი, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას ეხებოდა, პროექტიდან ამოიღეს. დამუშავებული დოკუმენტის თანახმად, 1 აპრილიდან მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანა აიკრძალება, თუმცა მათ, ვისაც ავტომობილები მანამდე აქვთ შეძენილი, შეუძლიათ თავიანთი მანქანები თავისუფლად გამოიყენონ, მოახდინონ მათი რეგისტრირება და გადარეგისტრირება – ანუ, საჭიროების შემთხვევაში გაყიდონ.

თუმცა, არა მელიკიანი ირწმუნება, რომ პრობლემა ჯერ არ არის გადაწყვეტილი და აქტივისტების ბრძოლა გაგრძელდება: აქ ჩვენ სამი უსერიოზულესი პრობლემის წინაშე ვდგებით. ჯერ ერთი, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ არაგონივრული ვადა დაადგინა – 1 აპრილამდე. არსებობენ ადამიანები, ვისაც ასეთი მანქანები გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში აქვს შეძენილი, მაგრამ მათი ავტომობილები სომხეთში 1 აპრილამდე ვერ ჩამოაღწევს. მხოლოდ ერთი საშუამავლო კომპანიის მონაცემების თანახმად, დადგენილ ვადაში სომხეთში 900 ავტომობილის შემოყვანა ვერ მოესწრება, ამ მყიდველებმა რა უნდა ქნან?

“მეორე პრობლემა – უფრო მწვავეა. მარჯვენსაჭიანი ავტომობილები, ძირითადად, იაპუნური წარმოებისაა, და მნიშვნელოვნად იაფია. იმ ადამიანებისთვის, ვინც წლობით აგროვებდა მანქანის საყიდლად ფულს, მაგალითად, ტაქსის მართვისა და შემოსავლის მიღების მიზნით, დღეს პრობლემა შეიქმნა – ეს უკვე შეუძლებელი გახდება. იმავე ფასად, საუკეთესო შემთხვევაში, ისინი შეძლებენ რუსული „ლადას“ ყიდვას, რომელიც უსაფრთხოების არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება“, – ამბობს არა.

პროტესტის აქტივისტებმა მესამე პრობლემა იმ დოკუმენტში აღნიშნეს, რომელიც სომხეთის ხელისუფლებას წარედგინა. საუბარია ეკოლოგიურ ტრანსპორტზე:

„ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს აკრძალვა ნაწილობრივი იყოს და ეკოლოგიურად სუფთა ძრავებზე არ გავრცელდეს, ჰიბრიდული და ელექტროძრავების მქონე მანქანებზე. მათი შემოტანა და გამოყენება მრავალი ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ამ თვალსაზრისით, იაპონური წარმოება წამყვანია, და ეს ქვეყანა მარჯვენასაჭიან მანქანებს უბრალოდ არ აწრმოებს. მაგალითად მხოლოდ იმას მოვიყვან, რომ ელექტრონულძრავიანი ერთი იაპონური ავტომობილი დაახლოებით 4500 ღირს, როდესაც აშშ-ში მისი მარცხენასაჭიანი ანალოგი დაახლოებით 21 ათასი დოლარი ჯდება“, – ამბობს არა.

პროექტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათი წინადადებები განხილული იქნება და გადაწყვატილების მიღებისას მთავრობა დემოკრატიული პრინციპებით იხელმძღვანელებს.

ნაკლები მარჯვენასაჭიანი – მეტი ძველი 

ერთ წელზე მეტია რაც ძალაში შევიდა საქართელოს მთავრობის გადაწყვეტილება მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის აქციზის გასამმაგების თაობაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ  მთავრობის იმედი, რომ ამის შედეგად ქვეყანაში ავტოპარკი განახლდება, არ მართლდება.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოტანის აკრძალვის შესახებ ინიციატივა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის დეკემბერში წარადგინა. მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს ამ ინიციატივისთვის მადლობაც კი გადაუხადა. თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სრული აკრძალვის ნაცვლად ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი შეცვალა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც 2017 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გაიზარდა აქციზის გადასახადი იმ ავტომობილებზე, რომელთა ასაკი 6 წელს აღემატება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების საფასური კი გასამმაგდა.

როგორც შს სამინისტროში აცხადებდნენ, დაბეგვრის რეჟიმის შეცვლის მთავარი მიზანი ქვეყანაში ახალი მანქანების შემოტანის წახალისება და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

„შედარებით ძველი მანქანების შემოსვლა უნდა შეიზღუდოს – ეს არის მთავრობის გათვლა. ცხადია, ვინც ფიქრობს, რომ 14 წლის მანქანას შეიძენს და იმით იტაქსავებს, მისთვის, ალბათ, არ იქნება ეს შეღავათი“, – აცხადებდა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წლიდან მოყოლებული საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 2016 წელს 1 126 470-ს მიაღწია. შსს-ს მონაცემებით, ამ მანქანების თითქმის ნახევარი – 46% 20 წელზე მეტი ასაკისაა და მხოლოდ მთელი ავტოპარკის 3.6%-ია 6 წელზე ნაკლები ხნის. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი კი მთელი იმპორტის 38,9%-ს შეადგენდა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაძვირება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა და რამდენიმე წელიწადში (უახლოეს 5-7 წელიწადში, უწერია შსს-ს) მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობა ერთმანეთს გაუთანაბრდებოდა. ეს კი ქვეყანაში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და საგზაო უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.

როგორც შსს-ში აცხადებდნენ, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობა გზებზე, რომლებიც მარცხენასაჭიან ავტომანქანებზეა დაგეგმილი, ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ რისკს შეიცავს და ასეთი რისკები დგება გასწრების დროს, მგზავრის ჩამოსმის მომენტში ან ღამით შემხვედრი მანქანის მიმართ შუქის ზემოქმედებისას. თუმცა, კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით იყო გამოწვეული, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია.

2017 წელს საქართველოში შემოვიდა 66 479 ავტომობილი, აქედან მარჯვენასაჭიანი იყო 14 578 მანქანა, რაც მთლიანი იმპორტის 21,9%-ია.  ანუ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 17%-ით შემცირდა.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ  მთავრობის მოლოდინი, რომ ავტოპარკი განახლდებოდა, არ გამართლდა, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოთხოვნა ისევ 10-20 წლის მანქანებზე დარჩა.

“მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს მაღალი შემოსავალი, ახალ ავტომობილს ვერ ყიდულობს. მარჯვენასაჭიან მანქანებზე აქციზის გაზრდის შედეგად მივიღეთ ის, რომ მოწესრიგებული და კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი იაპონური ავტომობილების ნაცვლად, ახლა ქვეყანაში ბევრად უფრო ამორტიზებული ავტომობილები შემოდის აშშ-დან და გერმანიიდან. ისინი იაპონურ მანქანებთან შედარებით ბევრად უფრო მეტს წვავენ, ბევრი აქვთ გარბენი და გარემოსაც მეტად აზიანებენ. ტექდათვალიერების შემთხვევაშიც კი, ასეთი მანქანები ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს,” – ამბობს ურუშაძე.


ასევე წაიკითხეთ