დაპატიმრებულია სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სამი თანამშრომელი " />

სომხეთში რევოლუციის შემდეგ ქრთამის აღების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დაპატიმრებულია სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სამი თანამშრომელი

სომხეთში სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სამი თანამშრომელი დააპატიმრეს. ყველა მათგანს ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

ვინ და რამდენი აიღო?

სომხეთის საგანგებო საგამოძიებო სამსახურში ვარაუდობენ, რომ მცირე გადასახადების გადამხდელთა სამმართველო-ინსპექციის შემოწმებების განყოფილების მე-10 განყოფილების უფროსმა ს.ე.-მ, განყოფილების უფროსის მოადგილემ ს.ა.-მ და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის იმავე განყოფილების თანამშრომელმა ვ.ლ.-მ, ქრთამის სახით, 1 მილიონი დრამი (დაახლოებით 2 ათასი დოლარი) აიღეს.

გამოძიების მონაცემების თანახმად, კომიტეტის სამმა თანამშრომელმა, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულები იყვნენ, ერთ-ერთი სომეხი მეწარმე უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს დარღვევებში და მას ქრთამის სახით, 1 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვეს.

ფულის გადაცემის დროს სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები პოლიციამ დააკავა.

სიტუაციის შესახებ უკვე გააკეთა კომენტარი კომიტეტის თავმჯდომარემ, დავიდ ანანიანმა – მან განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურაში მექრთამეობის სისტემური გამოვლინება არ არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლები კომიტეტში მანამდეც მუშაობდნენ, ვიდრე სტრუქტურას ის ჩაუდგებოდა სათავეში.

„სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარედ ჩემი ყოფნის პერიოდში განხორციელდა როტაციული გადაადგილებები. ანუ ეს თანამდებობის პირები ახლა არ დანიშნულან. ისინი უბრალოდ როტაციის გზით მოხვდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ათვითცნობიერებენ, თუ რა არის ახალი რეალობა. არიან ისეთებიც, და ჩემი აზრით ასეთი ადამიანი მეტია, ვინც ახალი რეალობა მიიღო. მაგრამ არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენი მხედველობის არეს  სცდება“.

კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში რევოლუციის შემდეგ

„ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების მათ მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელებმა კორუფციის წინააღმდეგ მწვავე ბრძოლა დაიწყეს. დაიწყო კორუფციული მხილებების მთელი რიგი ღონისძიებები, რის შედეგადაც დააკავეს სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატი მანველ გრიგორიანი.

კორუფციული სკანდალის ცენტრში ახლა უკვე ერევნის ყოფილი მერი ტარონ მარგარიანი აღმოჩნდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებული კორუფციის მასშტაბებით გაოგნებულია.

 „ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, დაუჯერებელია. და კორუფციის შესახებ ჩემი ყველაზე მწვავე გამოსვლაც კი უბრალოდ სასაცილოა ძარცვის და კორუფციის იმ რეალურ მასშტაბებთან შედარებით, რაც სომხეთში ხდებოდა“.

ფაშინიანი არაერთხელ შეეხო „50 პროცენტის“ თემასაც. სომხეთში მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმა მსხვილი ბიზნესის წილში იყო და საერთო შემოსავლის 50 პროცენტს იღებდა.

 „თავს ვერავინ დაიძვრენს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ბოლო ორი თვის განმავლობაში უბრალოდ არაქათი აქვთ გამოცლილი, და ისეთი შემთხვევაც ხდება, როდესაც ისინი ამბობენ: არ შეიძლება, რომ კვირაობით, დღის მეორე ნახევარში მაინც  არ ვებრძოლოთ კორუფციას?“

სომხეთში კორუფცია აღარ არსებობს

კორუფციასთან ბრძოლის გარკვეულ ეტაპზე პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში კორუფცია აღარ არსებობს.

 „თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სომხეთში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ არის, რომელიც ქრთამს იღებს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს შორის კორუმპირებულები არ არინ და არც იქნებიან. ამას პირადად მე გპირდებით“.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სამი თანამშრომლის დაპატიმრება რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში მექრთამეობის პირველი შემთხვევა იყო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ