მომაკვდავი სომეხი გენერალი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს
სომხეთში სასამართლომ ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, გადამდგარი გენერლის, მანველ გრიგორიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მიზეზი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გახდა. ის სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობს.
63 წლის მანველ გრიგორიანი, უკვე წელიწადნახევარზე მეტი ხანია, პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ექვსი მუხლის მიხედვით აქვს წარდგენილი. მთელი ამ დროის განმავლობაში, გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დაცვამ მისი გირაოთი გათავისუფლების თაობაზე არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა. ყველა ეს შუამდგომლობა უარყოფილ იქნა.
ამ დროის განმავლობაში გენერალი რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზებული. მას მძიმე დაავადებები აქვს, მათ შორის – დიაბეტი და ონკოლოგია. ახლა მისი გულის გაჩერების საშიშროებაც გაჩნდა. და ამჯერად პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობა ბრალდებამ წარადგინა.
• ცნობილი დეპუტატი, სავარაუდოდ, ჯარისკაცების ულუფებს იპარავდა
• კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში
რაში ადანაშაულებენ მანველ გრიგორიანს
2018 წელს „ხავრდოვანი რევოლუციისა“ და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სომხეთის გენერალურმა პროკურორმა გენერალ მანველ გრიგორიანისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის ჩამორთმევის შუამდგომლობა დააყენა. ის იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენასა და შენახვაში იყო ეჭვმიტანილი. იმ დროს გრიგორიანი ეროვნული საკრებულოს ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის დეპუტატი იყო.
ეროვნული უშიშროების სამსახურმა გრიგორიანის კერძო სახლსა და აგარაკზე ჩხრეკა ჩაატარა. დიდი ოდენობით იარაღის გარდა, იქ ბევრი ჰიგიენური საშუალებები, ქვედა საცვლები და ჯარისთვის განკუთვნილი კონსერვები აღმოაჩინეს. ამ პროდუქტებს 2016 წლის აპრილში ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების დროს როგორც რიგითი, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, ისე სხვადასხვა საზოგადოებრივი და კომერციული ორგანიზაციები აგროვებდნენ.
ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეოზე სომხეთის მოქალაქეებმა გრიგორიანის ავტოპარკი – ათეულობით მანქანა, მათ შორის – რარიტეტულებიც, ასევე – უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მრავალი დოკუმენტი იხილეს.
აღმოჩნდა, რომ გენერალს ჰქონდა ერთგვარი მინიზოოპარკიც – ვეფხვებით, დათვებითა და სირაქლემებით, და ამ ცხოველებს ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ულუფებით კვებავდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანველ გრიგორიანის საქმეს დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კორუფციული მხილება უწოდა.
ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეოს სოციალური ქსელების მომხმარებლები მწვავედ განიხილავდნენ.
გრიგორიანს ბრალი წარდგენილი აქვს
• იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის;
• 101 მილიონ დრამზე [დაახლოებით $208] მეტი ოდენობის ქონების მითვისებისთვის;
• 1 მილიარდ დრამზე [დაახლოებით $2 მილიონი] მეტი ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის;
• 1 მილიარდ დრამზე მეტი [დაახლოებით $2 მილიონი] ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის;
• გამოძალვის გზით, 37 მილიონ დრამად [დაახლოებით $76 ათასი] შეფასებული ქონების მოპარვისთვის.
ექს-დეპუტატი 2018 წლის ივნისში დააპატიმრეს.
როგორ გაათავისუფლა სასამართლომ სამარცხვინო გენერალი
გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროკურატურის ინიციატივით, 15 იანვარს 18.30 რიგგარეშე სასამართლო სხდომა ჩატარდა, რათა გაერკვიათ, საჭირო იყო თუ არა გრიგორიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა.
ეს იმიტომ მოხდა, რომ 14 იანვარს ექს-დეპუტატი, რომელიც სამედიცინო ცენტრ „ნაირიში“ მკურნალობდა, რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა შეფასებულია როგორც – სტაბილურად მძიმე.
15 იანვარს გამართულ სასამართლოს სხდომაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად შექმნილი უწყებათაშორის კომისიის ექსპერტმა განაცხადა, რომ „მანველ გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განისაზღვრება როგორც სიცოცხლისთვის საშიში“.
ორ საათში გაჩნდა ცნობა მისი გათავისუფლების შესახებ.
აქტივისტები კორუფციონერის განკურნებას და მის დასჯას მოითხოვენ
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ეჩმიადინის (გრიგორიანის მშობლიური ქალაქი) აქტივისტი მოქალაქეები ერევნისკენ, სამედიცინო ცენტრ „ნაირისკენ“ მიემართებიან იმის შესამოწმებლად, მართლაც გაუარესდა თუ არა გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შესახებ თავის Facebook- გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს ერთ-ერთმა აქტივისტმა ჯივან აბრამიანმა განაცხადა:
„საავადმყოფოდან მაცნობეს, რომ ის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. მის გამოწერას არ აპირებენ, თუმცა გრიგორიანს შეუძლია სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვას და შინ წავიდეს. ჩვენ კი გვინდა, რომ ის გამოჯანმრთელდეს და კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“.
სამოქალაქო აქტივისტმა დასძინა, რომ ვიდრე გრიგორიანი საავადმყოფოშია, ისინი საპროტესტო აქციების ორგანიზებას არ აპირებენ. თუმცა, როგორც კი ის გაეწერება, აქტივისტები პროტესტს გააგრძელებენ და მის დაპატიმრებას მოითხოვენ.