ახლანდელ პარლამენტში 132 დეპუტატი შევიდა - წინა მოწვევის ეროვნულ საკრებულოში 105 დეპუტატი იყო" />

სომხეთში ახლად არჩეული ეროვნული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ახლანდელ პარლამენტში 132 დეპუტატი შევიდა - წინა მოწვევის ეროვნულ საკრებულოში 105 დეპუტატი იყო

სომხეთში ეროვნული საკრებულოს მეშვიდე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. მასში 132-ვე დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

რით დაიწყო სხდომა

„ეროვნული საკრებულოს რეგლამენტის“ კანონის თანახმად, პირველი სხდომა ყველაზე უფროსი ასაკის დეპუტატმა, ქურთული თემის წარმომადგენელმა – 73 წლის კნიაზ ჰასანოვმა გახსნა.

ქვეყნის ჰიმნის შემდეგ სრულიად სომხეთის უზენაესმა კათოლიკოს -პატრიარქმა გარეგინ მეორემ დეპუტატებს დალოცვის სიტყვებით მიმართა.

სხდომას ასევე ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი.

ოფიციალური გახსნის შემდეგ არმენ სარქისიანი სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლად არჩეულ პარლამენტს მძიმე შრომა მოუწევს, იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემები დგას მის წინაშე.

 „პარლამენტი – ეს ის ადგილია, სადაც იდეების და შეხედულებების შეჯახება უნდა ხდებოდეს. იყავით ოპონენტები, და ნურასდროს გახდებით მოწინააღმდეგეები“ .

• სომეხ დეპუტატებს მანდატები თავად ამომრჩევლებმა პირველად გადასცეს

• სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ახალი პარლამენტის პირველი გადაწყვეტილება

პირველი სხდომის დროს ეროვნული საკრებულოს დეპუტატებმა სპიკერის თანამდებობაზე ერთხმად აირჩიეს არარატ მირზოიანი. მირზოიანის კანდიდატურას 132-დან 131 დეპუტატმა მისცა ხმა. ერთი ბიულეტენი გაუქმებულად მიიჩნიეს.

ეროვნული საკრებულოს ახლად არჩეულმა სპიკერმა დეპუტატებს მისდამი გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, და ვეცდები, რომ ეს პასუხისმგებლობა სპიკერად მუშაობის მთელი დროის განმავლობაში მახსოვდეს“.

როგორ განაწილდა ვიცე-სპიკერების თანამდებობები

ვინ გახდნენ ვიცე-სპიკერები?

ადრე ვიცე-სპიკერების თანამდებობაზე მმართველი ფრაქციიდან წამოყენებული იყო ალიონა სიმონიანისა და ლენა ნაზარიანის კანდიდატურები.

ოპოზიციური ფრაქციებიდან ვიცე-სპიკერების თანამდებობის კანდიდატები გახდნენ:ვაგე ეფიაჯიანი „აყვავებული სომხეთიდან“ და მანე თანდილიანი „განათლებული სომხეთიდან“.

პირველი გაუგებრობა

პირველი სხდომის დროს ახალი პარლამენტის წევრებს კენჭი უნდა ეყარათ ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობისთვის. ეს საკითხი ახლად გამომცხვარი მთავრობისთვის განხეთქილების ვაშლად იქცა.

ხმის მიცემის წინ კნიაზ ჰასანოვმა განაცხადა, რომ კომისიის შემადგენლობაში შვიდი დეპუტატი შევიდოდა – ხუთი ფრაქციიდან „ჩემი ნაბიჯი“ და თითო ადამიანი თითოეული ოპოზიციური პარტიიდან – „აყვავებული სომხეთი“ და „განათლებული სომხეთი.“

ჰასანოვის განცხადების შემდეგ „განათლებული სომხეთის“ დეპუტატმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ ადრე კომისიის სხვა შემადგენლობაზე იყვნენ შეთანხმებულები – „განათლებული სომხეთიდან“ და „აყვავებული სომხეთიდან“ ორ-ორ წარმომადგენელსა, და სამ კანდიდატზე ფრაქციიდან „ჩემი ნაბიჯი.“

„გამოდის, რომ ფრაქციიდან ერთი კანდიდატის შემთხვევაში, მისი არყოფნის დროს, კომისიის საქმიანობის შედეგებს ერთმნიშვნელოვნად ვერ ვენდობით. გთავაზობთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ორ-ორი ადგილი შევინარჩუნოთ, „ჩემი ნაბიჯის“ კანდიდატების რაოდენობა კი ხუთამდე გავზარდოთ“.

საბოლოოდ, შესვენების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა – ხუთი ადამიანი ბლოკიდან „ჩემი ნაბიჯი“,  ოპოზიციური ფრაქციებიდან კი – თითო კანდიდატი.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

არმენ სარკისიანმა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ფაშინიანის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანებულების ხელმოწერისას სომხეთის პრეზიდენტი სომხეთის კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელმძღვანელობდა – სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მეთაური ეროვნული საკრებულოს უფლებამოსილების ვადის დაწყებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად ნიშნავს.

ფაშინიანის კანდიდატურა ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ მიერ იყო წარდგენილი.


ასევე წაიკითხეთ