დავიდ ტონოიანმა დახურული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა" />

სომხეთის თავდაცვის მინისტრი რუსული ბაზისა და “აპრილის ომის” შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა

დავიდ ტონოიანმა დახურული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

თავდაცვის მინისტრი, დავიდ ტონონიანი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომისია, აპრილის ომი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომისიის მედიისთვის დახურულ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ეს განცხადებები შეეხებოდა

• სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი შეიარაღების შესყიდვებს;

• გიუმრიში განლაგებულ რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას;

• 2016 წლის აპრილის „ოთხდღიან ომს“.

ქვემოთ დაწვრილებით გთავაზობთ ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებზე მის მიერ გაცემულ პასუხებს.

სამი წელი ყარაბაღში მომხდარი „აპრილის ომიდან“ – რა შეცვალა მან? 

 „აპრილის ომის დროს სომხეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა უმოქმედობას“

2016 წლს აპრილში, აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ზოლზე ესკალაციის დროს, რომელსაც „ოთხდღიანი ომის“ სახელი დაერქვა, დავიდ ტონოიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მან განაცხადა, რომ ამ დღეების განმავლობაში „სომხეთის მხრიდან  ადგილი ჰქონდა უმოქმედობას“,  რის შესახებაც მისთვის ცნობილია, და ის მზადაა, ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას, რომელიც ახლა მომხდარის ყველა გარემოების გამოძიებას ცდილობს. თუმცა, ჯერჯერობით კომისიას ის ჩვენებების მისაცემად არ მიუწვევია.

საგამოძიებო კომისია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაახლოებით ნახევარი წლის წინათ შეიქმნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ დადგა დრო, რათა 2016 წლის 2-დან 5 აპრილამდე  სომხეთ-აზერბაიჯანის ჯარების გამყოფ ზოლზე მომხდარი სამხედრო მოქმედებების ყველა გარემოება გაირკვეს.1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი გამწვავება იყო. ოფიციალური მონაცემებით, ოთხი დღის განმავლობაში ორივე მხრიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ოპერატიულად რეაგირებდა თუ არა სომხეთის სამხედრო ძალები აზერბაიჯანის ჯარის მოქმედებებზე?

ქვეყანაში უჩნდებათ შეკითხვა, თუ რამდენად ეფექტიანად მოქმედებდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა, იყო თუ არა ჯარი აუცილებელი აღჭურვილობით უზრუნველყოფილი. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კომისიის წინაშე დასმულ კითხვებზე პასუხები მან თავად იცის, თუმცა მისი მუშაობის დადებით შედეგებს ელოდება, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია მთელი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება:

 „აპრილის ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ყველა ეჭვი გაიფანტება. ჩემთვის ცხადია, რომ აპრილის ომის დროს მოწინააღმდეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთქმულებით ქმედებებს. სომხეთის მხრიდან იყო უმოქმედობა, რის შესახებაც ვიცით, და ეს გაანალიზებულია. თავდაცვის სამინისტროს ნაწილში, ჩვენთვის ნათელია, თუ რა და როგორ გაკეთდა“.

სომხეთმა რუსეთისგან ოთხი ახალი გამანადგურებელი შეისყიდა

Photo/ yerkir

სომხეთი ახალ შეიარაღებას იძენს

მინისტრის თქმით, სომხეთი მხოლოდ ახალ და მოდერნიზებულ შეიარაღებას იძენს და მის შესყიდვას 2020 წელსაც გააგრძელებს.

ეს თემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი და ერევანი ოთხი მრავალფუნქციური  „Су-30СМ“ ტიპის გამანადგურებლის შესყიდვაზე შეთანხმდნენ. საქმე ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში სომხეთის საჰაერო სამხედრო ძალები ახალ, და არა ხმარებაში არსებულ ავიატექნიკას იძენს.

 „თვითმფრინავები სომხეთში  მიმდინარე წლის დეკემბერში, ან 2020 წლის იანვარ-თებერვალში ჩამოვა – კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში“, – აღნიშნა ტონოიანმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეიარაღების შეძენა სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება და არა მხოლოდ რუსეთიდან, როგორც ეს წინათ იყო:

 „გაითვალისწინეთ – ოთხი ქვეყანა“.

სხვათა შორის, რუსეთმა თვითმფრინავები შიდა რუსულ ფასად მოგვყიდა,  და არა საექსპორტო ფასად.  მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთიდან  ახალი შეიარაღების შესყიდვა შეღავათიანი თავდაცვითი სესხით წინდაწინ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გრძელდება.

ამავდროულად, უკვე ცნობილია, რომ 2020 წელს სომხეთის სამხედრო ხარჯები, გასულ წელთან შედარებით,  25,3% -ით გაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ საბიუჯეტო მოსმენებზე თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მან მიუთითა, რომ ეს კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისა და მოპარული სახსრების ქვეყნის ბიუჯეტში დაბრუნების წყალობით გახდა შესაძლებელი.

რუსული ბაზის შესახებ: „ბაზის ტერიტორიის გაფართოება არ ხდება“

თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის სამხედრო ბაზა ახალთახალ შეიარაღებას იღებს, და ტექნიკური საშუალებებითა და სამხედრო მოსამსახურეებით კომპლექტდება.

 „ასევე უმჯობესდება სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობები“, – აღნიშნა ტონოიანმა.

გარდა ამისა, მინისტრმა რუსული ბაზის ტერიტორიის გაფართოებისა და მისთვის მიწის ახალი ნაკვეთების გადაცემის თაობაზე ინფორმაცია უარყო.

 „ბაზის ტერიტორიის გაზრდა არ მოხდება. შეთანხმებების თანახმად, თუკი ბაზის რომელიმე ფართობი არ გამოიყენება, ის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს უბრუნდება, ან პირიქით, ბაზის სარგებლობაში ბრუნდება. მაგრამ, მთელი ეს ტერიტორია არის და რჩება სომხეთის იურისდიქციაში და მხოლოდ სარგებლობისთვის გადაეცემა“.

ბაზის ტერიტორიის გაზრდასთან დაკავშირებული ხმები 29 დეკემბერს სომხეთში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ჩასვლას უკავშირდება. ვიზიტის წინა დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტიმურ ივანოვმა შოიგუს მოახსენა, რომ 2020 წელს სომხეთში არსებული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კულტურული დასასვენებელი ცენტრი შეიქმნება. 2021 წელს კი სპეციალური სპორტული კომპლექსიც აშენდება.


ასევე წაიკითხეთ