რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოჩარიანისა და იური ხაჩატუროვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურ დევნად შეაფასა " />

სომხეთში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს საგარეო პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს – ერევანმა მოსკოვს უპასუხა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოჩარიანისა და იური ხაჩატუროვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურ დევნად შეაფასა

სომხეთში მწვავე ნეგატიური რეაგირება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება თავისი პოლიტიკური წინამორბედების ჩამოშორებისკენ მიისწრაფვის.

საუბარია სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანისა და რუსეთის ეგიდით მოქმედი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ გენერალური მდივნის, იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ორივე მათგანს „1 მარტის“ გახმაურებულ საქმეზე, „კონსტიტუციური წყობის დამხობაში“ ედება ბრალი.

  • 2018 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმ ბლოკის მომხრეები, რომელსაც სათავეში სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ედგა, არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. მათი მტკიცებით, სინამდვილეში ლევონ ტერ-პეტროსიანმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, კენჭისყრის შედეგებით, პრეზიდენტად სერჟ სარგსიანი აირჩიეს.

საპროტესტო აქციები 10 დღეს გრძელდებოდა. 2008 წლის პირველ მარტს დემონსტრაციის დარბევის დროს გამოყენებული იყო საბრძოლო იარაღი, დაიღუპა 10 ადამიანი. ამ მოვლენების დროს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. მან საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. სერჟ სარგსიანს იმ მომენტისთვის უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.

კერძოდ, სერგეი ლავროვმა განაცხადა:

„რუსეთი, როგორც ერევნის მოკავშირე, ყოველთვის დაინტერესებული იყო სომხური სახელმწიფოს სტაბილურობით. ამიტომაც, შეუძლებელია, იქ მიმდინარე მოვლენები არ გვაღელვებდეს, მათ შორის დსთ-ს  სივრცეში იმ ორგანიზაციების ნორმალურად მუშაობის ჩათვლით , რომლებშიც სომხეთი მონაწილეობს (საუბარია „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ – JAMNews). ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი შეშფოთების თაობაზე სომხეთის ხელისუფლებას რამდენჯერმე ვაცნობეთ. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მაინც კონსტიტუციური გზით წარიმართება“.

•  სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის საქმისა და დაპატიმრების დეტალები 

ლავროვის განცხადებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, მათ შორის სომხეთის სოციალური ქსელებშიც.

თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ოფიციალური, დიპლომატიურად გაწონასწორებული პასუხით, რომელმაც, ექსპერტების შეფასებით, მოსკოვი უნდა დააწყნაროს:

„ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ საერთაშორისო რეაქციას  სომხეთის შიდა საქმეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებით, კორუფციასთან ბრძოლით არის განპირობებული, და რაც ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პროცესებს სომხეთის საგარეო საქმეებთან კავშირი არ აქვს, და უთანხმოების მიზეზად არ უნდა იქცეს“, –  განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ „რუსეთ-სომხეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავება“ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, და გაიხსენა, რომ ეს პრიორიტეტი მთავრობის ახალი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული  პროგრამის ნაწილია.


ასევე წაიკითხეთ