გთავაზობთ სამთავრობო პროგრამას და მის შესახებ მოსაზრებებს" />

სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა პროგრამა, რომელმაც „ეკონომიკური რევოლუცია“ უნდა მოახდინოს

გთავაზობთ სამთავრობო პროგრამას და მის შესახებ მოსაზრებებს

სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ  უახლოესი ხუთი წლის სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. პარლამენტის ორმა ოპოზიციურმა ძალამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტს წარუდგინა პროგრამა, რომელიც, მისი თქმით, „ეკონომიკაში რევოლუციას“ მოახდენს. დოკუმენტის განხილვა მთელ სამ დღეს გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მმართველი პარტიის დეპუტატები პრემიერს დაწვრილებით უსვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ეკონომიკური რევოლუცია პოსტრევოლუციურ სომხეთში. ამ დროს ოპოზიცია დაუღალავად გამოთქვამდა კრიტიკას.

გთავაზობთ სამთავრობო პროგრამას მუხლებად, ასევე – მის შესახებ სახელისუფლებო და ოპოზიციონერი დეპუტატების და ექსპერტების მოსაზრებებს.

 • პრემიერსა და პარლამენტს შორის არსებული კონფლიქტი ისევ მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა

•  ბიზნესის ხელისუფლებისგან განცალკევება – რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ

მთავრობა 2023 წლამდე უკიდურესი გაჭირვების სრულად აღმოფხვრას და მთელ ქვეყანაში სიღარიბის დონის მნიშვნელოვნად შემცირებას  გეგმავს.

იგეგმება ყოველწლიურად არანაკლებ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი.

მთავრობა ეკონომიკური ზრდის სტრუქტურის შეცვლას და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენისთვის პირობების შექმნას აპირებს. ამას ექსპორტის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა მოჰყვეს.

ამ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ექსპორტის ზრდას. 2024 წლისთვის ექსპორტმა  მთლიანი შიდა პროდუქტის 43-45% უნდა შეადგინოს.

დოკუმენტში დაფიქსირებულია ასევე მიკრობიზნესის (წლიური ბრუნვა 24 მილიონ დრამს – დაახლოებით 50 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს) გადასახადებისგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ენერგეტიკას, მოულოდნელობას აქ  მზის ენერგიის წარმოებისა და მოხმარების წილის გაზრდის გადაწყვეტილება წარმოადგენს. 2022 წლისთვის ის 10%-ს უნდა მიუახლოვდეს.

პროგრამაში ასევე ნათქვამია ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების გაზრდის შესახებ, თუმცა ზუსტი ციფრები არ არის.

საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკაში მთავრობა, რასაკვირველია, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს ეხება და ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით ეუთოს მინსკის ჯგუფთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.

დოკუმენტში ასევე განსაკუთრებულად განიხილება საკითხი, რომელიც „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ მაშინვე წამოწია პრემიერმა ფაშინიანმა –  მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობა. პრემიერმა საკუთარი მიდგომა კიდევ ერთხელ განმარტა: ის სომხეთის სახელით მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. თუმცა, არ მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებელთა სახელით ლაპარაკის უფლება აქვს, რადგან მათ ის არ აურჩევიათ.

სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება ასევე მთავრობის პრიორიტეტების რიცხვშია.

ცალკეა ნათქვამი რუსეთთან, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის – ანუ რუსეთის ეგიდით მოქმედი ორი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ურთერთობის გაღრმავების შესახებ.

ამავდროულად, დასტურდება ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან, ირანთან, ჩინეთთან, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილებაც.

თავდაცვა

სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის საკითხებს ეთმობა. კერძოდ, ხაზგასმულია  ახალი ტიპის  შეიარაღების – მრავალფუნქციური ავიაციის, თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების შეძენის აუცილებლობა.

კორუფციასთან ბრძოლა

უახლოეს წლებში მთავრობა გააგრძელებს კორუფციასთან ბრძოლას, რომელიც „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ აუცილებელია კორუფციასთან ინსტიტუციური ბრძოლის ორგანოს შექმნა.

 „უახლოეს ხანში ჩვენი სამშობლო კრიმინალურ-ოლიგარქიული და კორუფციული მართვის უკანასკნელი ბაცილებისგან უნდა გავათავისუფლოთ“, –  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობა გააგრძელებს იმისთვის მუშაობას, რომ ნაძარცვი ქონება – სახელმწიფო ხაზინაში, ხოლო  სომხეთიდან უკანონოდ გატანილი კაპიტალი ქვეყანაში დაბრუნდეს.

მოსაზრებები სამთავრობო პროგრამის შესახებ

სამთავრობო პროგრამა პარლამენტში, საზოგადოებაში და ექსპერტებს შორის მწვავე დავის საგანი გახდა.

საბოლოოდ ორმა ოპოზიციური საპარლამენტო ძალამ ხმა დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა. და ის იმის წყალობით მიიღეს, რომ მმართველ პარტიას ეროვნულ საკრებულოში ხმათა უმრავლესობა აქვს.

პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთი“ მეთაურმა, ოლიგარქმა გაგიკ ცარუკიანმა განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამას რევოლუციურად არ მიიჩნევს:

 „არ დავმალავ, რომ არის ორი-სამი მუხლი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, ხალხი დადებით ცვლილებებს იგრძნობს. მაგრამ ეს ეკონომიკური რევოლუციის პროგრამა არ არის“.

მეორე ოპოზიციური საპარლამენტო ძალა, „განათლებული სომხეთი“ სამთავრობო პროგრამას „აბსტრაქტულად“ მიიჩნევს. მისმა წარმომადგენელმა გევორგ გორგისიანმა თქვა, რომ პროგრამის მთავარ პრობლემას კონკრეტული ვადების და შედარებითი მაჩვენებლების ნაკლებობა წარმოადგენს:

 „უბრალოდ ციფრებს ვეძებდი, მინდოდა მენახა, თუ რა ჩარჩოები და ვადებია დასახული. მთელ ამ 69-გვერდიან პროგრამაში ასეთი მხოლოდ 12  ციფრი აღმოჩნდა. რასაკვირველია, ეს ცოტაა, რადგან პროგრამა იმის საგზაო რუკას უნდა წარმოადგენდეს, თუ საით, რისთვის და როგორ მივდივართ“.

იმ აზრს, რომ დოკუმენტს განსაზღვრულობა და მკაფიოდ გამოხატული ციფრები აკლია, მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი, ეკონომიკურ საკითხებში ეროვნული საკრებულოს მუდმივი კომისიის ხელმძღვანელი, ბაბკენ ტუნიანიც ეთანხმება:

 „თანახმა ვარ, ცოტა ციფრია, შესაძლოა, ამ ნაწილში დაცული არ არის კონკრეტული სტანდარტი  – თუ რამდენი ციფრი უნდა იყოს პროგრამაში. ვამჯობინებდი, რომ ციფრით გამოხატული უფრო მეტი მიზანი იყოს, მაგრამ პროგრამაში არსებული მიზნები საკვანძოა. მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური მინიმალურად 5%-იანი ზრდა და ექსპორტის წილი – ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია.

 გარდა ამისა, დარჩენილია ასევე წინა სამთავრობო პროგრამის მიზნებიც [საუბარია ფაშინიანის მთავრობის პირველ შემადგენლობაზე, რომელიც რევოლუციის შემდეგ მაშინვე შეიქმნა, და მის პროგრამაზე – JAMnews]: სიღარიბის დონის შემცირება 10-პროცენტიანი პუნქტით, უმუშევრობის შემცირება – 5 პუნქტით. ეს საკმარისია, რომ 5 წელიწადში საზოგადოებამ განსაჯოს, შევძელით თუ არა ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“.

ექსპერტთა მოსაზრებები

სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის ხელმძღვანელი გაგიკ მაკარიანი ამ პროგრამას „დიდებულად“ მიიჩნევს:

 „პირადად მე ძალიან მომეწონა, რომ აქცენტი მოქმედი საწარმოების მოდერნიზაციაზე კეთდება, და არამხოლოდ ახლების შექმნაზე. ამისთვის გათვალისწინებულია ინსტრუმენტები, მათ შორის შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები და ფინანსური ხელმისაწვდომობა, რისთვისაც ცენტრალური ბანკი და მთავრობა ყველა ზომას მიიღებს”.

ამავდროულად, გაგიკ მაკარიანის თქმით, ამ ყველაფერს ერთგვარი ნაკლიც ახლავს:

 „პროგრამა – ძალიან დატვირთულია, მრავალრიცხოვანი სურვილითა და მიზნით აღსავსე. ის შესაძლოა, გამოწვევად იქცეს  სწორედ სახელმწიფო აპარატისთვის, რომელიც მის განხორციელებას ვერ შეძლებს. პრემიერი, იმის გამო, რომ ის მაქსიმალისტია, შესაძლოა, შეეცადა, პროგრამაში მაქსიმალურად ჩაერთო ყველა კარგი ნაბიჯი, მაგრამ მისი გუნდი ამ ნაბიჯებისთვის მზად არ არის“.

ექსპერტის აზრით, ეს უახლოეს თვეებში ან მთავრობის შემადგენლობის სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს, ან მოსალოდნელ ნეგატიურ მოვლენებს, მათ შორის – მოსახლეობის ნდობის შემცირებას.

დასკვნა პრემიერისგან

პროგრამის სამდღიანი განხილვა პრემიერ-მინისტრმა მთლიანობაში შეაფასა როგორც ეფექტიანი და წარმატებული. თავის დასკვნით სიტყვაში ფაშინიანმა ეკონომიკური რევოლუციის დაწყების შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა:

 „დღეს მე ჩემს მეორე მსვლელობას ვიწყებ – ამჯერად ეკონომიური რევოლუციისა და გამარჯვებისკენ. [„ხავერდოვანი“ რევოლუცია, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი 2018 წლის გაზაფხულზე ჩაუდგა სათავეში, ქვეყნის მეორე ქალაქ გიუმრიდან დედაქალაქისკენ მსვლელობით დაიწყო. ეს აქცია ტარდებოდა დევიზით „ჩემი ნაბიჯი“- JAMnews] და ის, ვისაც ნაბიჯის გადადგმა სურს, დაე, გადადგას თავისი ნაბიჯი. ვისაც ამ გზის გავლა უნდა, მე გამომყვეს. რადგან ჩვენ თავისუფალი, ბედნიერი სომხეთისკენ მივაბიჯებთ.

დიახ, ამ ეკონომიკურმა რევოლუციამ უნდა გაიმარჯვოს. და გაიმარჯვებს. ეჭვი არავის შეეპაროს. პესიმისტური პროგნოზები თქვენთვის დაიტოვეთ. იმიტომ, რომ ეს ძველისძველი ლოგიკაა – იქნება უარესი ან უფრო უარესი. იქნება უკეთესი და უფრო უკეთესი. მაგრამ ამისთვის  ეს იდეა თითოეულმა საკუთარ თავში უნდა ატაროს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ