კონფლიქტი სომხეთის პრემიერსა და პარლამენტს შორის. ერევანი ისევ მრავალათასიანმა მიტინგებმა მოიცვა
სომხეთში კვლავ საგანგებო ვითარებაა. გვიან ღამით, 2 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც მის რიგგარეშე არჩევნებს აფერხებს. პასუხად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წლის გაზაფხულზე „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა.
პრემიერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა, რადგან ეროვნულ საკრებულოში ხმათა უმრავლესობას ის დეპუტატები ფლობენ, რომლებიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენენ, და ეს ქვეყანაში არსებულ რეალურ პოლიტიკურ სიტუაციას არ შეესაბამება.
პარლამენტარებთან მოლაპარაკებების შემდეგ ფაშინიანი მომიტინგეებთან გავიდა და განაცხადა, რომ კონტრრევოლუცია არ იქნება.
სავარაუდოდ, მასა და პარლამენტს შორის შუალედური თანხმობა მიღწეულია. და მაინც, ნიკოლ ფაშინიანი ამ დღეებში გადადგება, მაგრამ ეს ტაქტიკური სვლაა.
გთავაზობთ დაწვრილებით ნაამბობს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ერევანში 2018 წლის 2 ოქტომბერს.
სომხეთში პოლიტიკურმა პროცესმა ახალი მიმართულება სამშაბათს, 2 ოქტომბერს, დაახლოებით 19.30 მიიღო. სომხეთის ყოფილმა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის გაზაფხულიდან ხელისუფლებაში წარმოდგენილი თითქმის არ არის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
განსახილველად გამოტანილი იყო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნის საშუალებას არ იძლევა.
პროექტს ხმა მისცა რესპუბლიკური პარტიის ყველა დეპუტატმა, ასევე – პარტია „დაშნაკცუტიუნისა“ და ბლოკ „ცარუკიანის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მხოლოდ ბლოკ „ელკის“ – ნიკოლ ფაშინიანის ფრაქციის წარმოამდგენლებს.
რატომ მიიღეს ეს კანონპროექტი სასწრაფოდ?
ყოფილი ხელისუფლება საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს.
საქმე ის არის, რომ 2017 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო. შემდეგ კი 2018 წლის გაზაფხულზე „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანაში არაადეკვატური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა.
სომხეთში ხელისუფლების სათავეში მცირერიცხოვანი საპარლამენტო ფრაქციის, „ელკის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, მისი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი კი პრემიერ-მინისტრი გახდა, ყოფილმა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება დაკარგა, მაგრამ პარლამენტი მის კონტროლქვეშ დარჩა და მას მთავრობის გადაწყვეტილებების შეფერხება შეუძლია.
ამასთან დაკავშირებით პრემიერი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ეს პუნქტი ჩართულია მთავრობის პროგრამაში, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა.
რატომ გადაწყვიტა პრემიერმა არჩევნების ჩატარების დაჩქარება
23 სექტემბერს ერევანში გავლენიანი ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოს, უხუცესთა საბჭოს არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უჭერდა მხარს – ბლოკმა ხმათა 80 პროცენტზე მეტი მიიღო.
რადგანაც ქვეყნის მაცხოვრებელთა თითქმის ნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს, ექსპერტებმა, ისევე როგორც თავად ახალმა ხელისუფლებამ, ეს მოქმედი ხელისუფლების მძლავრ მხარდაჭერად მიიჩნიეს.
და თუკი ჯერ კიდევ ახლახან ფაშინიანი ამბობდა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ერთი წლის განმავლობაში ჩატარდება – ანუ 2019 წლის მაისამდე, ერევანში მიღწეულმა წარმატებამ მას პროცესის დაჩქარებისკენ უბიძგა.
2 ოქტომბერს პრემიერმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები უკვე 2018 წლის 18 დეკემბერს გაიმართება.
იმავე დღეს, საღამოს, როდესაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის შესახებ შეიტყო, პრემიერმა ფაშინიანმა მას „ კონტრრევოლუციური უწოდა“.
„თუკი სომხეთის კანონმდებლობაში „ეროვნული საკრებულოს რეგლამენტის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ… იძულებული გავხდები, დასახმარებლად ხალხს მივმართო“, – განაცხადა ფაშინიანმა.
რაც მან გააკეთა კიდეც.
მინისტრების და გუბერნატორების თანამდებობიდან საჯაროდ გათავისუფლება
პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მაცხოვრებლებს სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის გვერდიდან მიმართა. მან ადამიანებს მოუწოდა, ქუჩებში გასულიყვნენ, და „ხავედროვანი რევოლუციის“ მონაპოვარი დაეცვათ.
მის მოწოდებას ერთი საათის განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოეხმაურა, პროტესტანტებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს.
პირდაპირ მიტინგზე ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ მოაწერა პარტია „დაშნაკცუტიუნის“ და „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენელი ყველა მინისტრისა და გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებებს.
2018 წლის გაზაფხულზე ამ პოლიტიკურმა ძალებმა მხარი რევოლუციას დაუჭირეს და მინისტრთა კაბინეტში პორტფელები, და გუბერნატორების თანამდებობები მიიღეს.
მაგრამ ახლა მათ ყოფილი მმართველი პარტიის მიერ საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მცდელობას დაუჭირეს მხარი.
თუმცა, პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ პრემიერის გადაწყვეტილებამდე გაიწვია საკუთარი მინისტრები მთავრობის შემადგენლობიდან, და ეს „ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციით“ ახსნა.
ფაშინიანი გადადგომას აპირებს
მინისტრების გათავისუფლებისთანავე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის თავადაც გადადგება.
ამის შემდეგ – შვიდი დღის განმავლობაში – პარლამენტმა ახალი პრემიერი უნდა აირჩიოს. და თუ პრემიერის არჩევა ორჯერ ჩაიშლება – ქვეყანაში კანონით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
პაშინიანმა დემონასტრანტებს განუცხადა: თუკი ხალხს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სურს, მაშინ ის ახალი პრემიერის არჩევას არ დაუშვებს – და სასურველ შედეგს მიაღწევს.
მოლაპარაკებები კანონპროექტის მიმღებ დეპუტატებთან
საკუთარი გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატებთან მოსალაპარაკებლად გაემართა. ამავდროულად ისევ, როგორც რევოლუციის დღეებში, ადამიანებს სიმშვიდის და მშვიდობიანი, აგრესიისა და ძალის გამოყენების გარეშე პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა
დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე პაშინიანი ისევ გამოვიდა თავის მომხრეების წინაშე, რომლებიც მას ეროვნული საკრებულოს შენობასთან ელოდებოდნენ, და განაცხადა, რომ „კონტრრევოლუცია“ არ იქნება. „ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაილახოს. ფრაქცია რესპუბლიკური პარტიის, ბლოკ „ცარუკიანისა“ და „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენლები ამას ეთანხმებიან. შემდეგი ვარიანტი შევთავაზე: უახლოეს დღეებში მე გადავდგები და მოველი, რომ რესპუბლიკელები და სხვა დეპუტატები ადამიანების გაღიზიანებას არ დაიწყებენ“, – თქვა ფაშინიანმა. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას, ბლოკ „ცარუკიანსა“ ან პარტია „დაშნაკცუტიუნს“ შეუძლიათ პრემიერის თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატები წარმოადგინონ. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რეაქციას გამოიწვევს ეს ადამიანებში:
„ეს … გამოიწვევს, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურ რეაქციას. უფრო სწორი იქნება იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომლის თანახმადაც მე გადავდგები, არჩევნები კი ორჯერ არ ჩატარდება. შემდეგ დეკემბერში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთ.
საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხალხის მესიჯი გაიგეს, და მას აფასებენ. მათ ზეპირსიტყვიერად დამარწმუნეს, რომ … პრემიერის კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებენ“.
ამრიგად, მოცემული მომენტისთვის ცნობილია, რომ ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა და მასთან მიკედლებულმა ძალებმა ჯერჯერობით ზეპირი თანხმობა განაცხადეს: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შედგება.
სოციალურ ქსელებში
სომხეთის სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტად სწორედ ისინი აქტიურობენ, ვინც „რევოლუციურ“ მთავრობას ემხრობა. სახასიათო კომენტარები:
„მან (პრემიერმა ფაშინიანმა) დაუძახა, და ერთ საათში ქუჩები ადამიანების ზღვამ გაავსო. რამდენჯერ უნდა აღდგეს ხალხი, რომ მათ (ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა) საბოლოოდ გაიგონ: დარჩენა არ გამოვა, პარლამენტის კაბინეტების კარსა და იმ ქაღალდებს ამოფარება, რომელიც ჩუმად და ერთმანეთში გარიგებით მიიღება, არ გამოვა, მოცდა, და ჭკუაში მოტყუება – არ გამოვა! თქვენი დანახვა არ უნდათ, წადით, გაგვათავისუფლეთ თქვენი აქ ყოფნისგან, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების საშუალება, დაგვეხსენით!“
„ყოფილ ხელისუფლებას არ ესმის, დაჯერება არ სურს, ვერ აღიქვამს, რომ ხალხი, რომელიც მათ სძულდათ, რომელიც მათ მიერ უარყოფილი იყო, შეიძლება რაიმეს წყვეტდეს! ამათ ამდენ წელიწადს როგორ გავუძელით. ეს აღარასდროს მოხდება!“