რა ვითარებაში დატოვა ჯარისკაცმა საბრძოლო პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია" />

როგორ აღმოჩნდა სომეხი ჯარისკაცი ყარაბაღის საზღვრის გავლით აზერბაიჯანში?

რა ვითარებაში დატოვა ჯარისკაცმა საბრძოლო პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია

განახლება

13 აგვისტო    12.30 

სიტუაციის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა:

 „მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. მაგრამ პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ჯარისკაცს გზა აებნა“

დავიდ ტონოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მედიის პუბლიკაციები საჯარისო ნაწილში არაიკ კზარიანის შევიწროების თაობაზე, რის გამოც, თითქოს მან თავის საჯარისო ნაწილი დატოვა, „აზერბაიჯანული მხარის ჩვეულებრივი პროპაგანდაა“. მან ბაქოს ამ კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ სომეხი ჯარისკაცის უფლებების დაცვისა და მისი დაბრუნებისთვის უკვე მიმართა თხოვნით სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურას, მათ შორის – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.

12 აგვისტო

სომხეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურემ საბრძოლო პოზიციის ტერიტორია დატოვა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა. თუ რა ვითარებაში მოხდა ეს, ჯერჯერობით არ იუწყებიან.

ინფორმაცია ერევნიდან

რა არის ცნობილი მოცემული მომენტისთვის

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარმა სომეხი სამხედრო მოსამსახურის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა დაადასტურა:

 „12 აგვისტოს, დაახლოებით12:00, ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ჯარის დაცვის ერთ-ერთი ნაწილის ზონიდან  2000 წელს დაბადებულმა სამხედრო მოსამსახურემ არაიკ კაზარიანმა  საბრძოლო პოზიცია დატოვა“.

სომეხი ექსპერტები ინციდენტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ – ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ასევე თითქმის არ არის კომენტარები. ის მცირე ნაწილი, ვინც აზრი გამოთქვა, მომხდარის გამო წუხს, და წერენ, რომ

• აზერბაიჯანის მხარე ამ ინციდენტს იმისთვის გამოიყენებს, რომ მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს ტალახი ესროლოს;

• არაიკ კაზარიანს დეზერტირად და დივერსანტად გამოაცხადებენ.

ვინ არის არაიკ კაზარიანი?

სამხედრო მოსამსახურე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა, 19 წლისაა. ის ჯარში 2019 წლის იანვარში გაიწვიეს.

როგორც სომხეთის მედია უკვე იუწყება, არაიკს ჰყავს ძმა, რომელიც სომხეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობს. იუწყებიან ასევე, რომ ჯარისკაცი სულ ახლახან შვებულებაში იმყოფებოდა და ჯარში კარგი განწყობით დაბრუნდა. სამსახურში ჯარის ყოველდღურობასა და თანამოსამსახურეებთან ურთიერთობას არ უჩიოდა, მეტიც – ის თავის სამხედრო ნაწილს კარგად ახასიათებდა.

ინფორმაცია ბაქოდან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ 12 აგვისტოს, დილით ფრონტის ფიზულის რაიონის მიმართულებით სომეხი სამხედრო მოსამსახურე არო კაზარიანი დააკავეს.

კაზარიანი დაკითხეს და გაარკვიეს, რომ მან საკუთარი სამხედრო ნაწილი „იქ არსებული თვითნებობის, სამხედრო მოსამსახურეებისადმი აუტანელი და არაადამიანური დამოკიდებულების გამო დატოვა,“ – წერს Report  სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კაზარიანს თავსა და სხეულზე მრავალრიცხოვანი ჭრილობა და ჰემეტომა აღმოუჩინეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა არავითარი ღიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არსებობს, ასევე – არც ექსპერტების კომეტარები.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა კომენტარები სამი ძირითადი ტენდენციით გამოიხატა:

• აგრესია;

• ახალგაზრდა ჯარისკაცისადმი თანაგრძნობა;

• ვარაუდი, რომ კაზარიანი ამ გზით მესამე ქვეყანაში ემიგრირებას ცდილობს.


ასევე წაიკითხეთ