როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საგზური ინტერნეტით - ყალბ ვებგვერდებზე შეიძინა. მოტყუებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თაღლითებს ჯერჯერობით ვერ პოულობენ" />

სკანდალი აფხაზეთში: ყალბი საგზურების გამო, ასობით ტურისტი ქუჩაში დარჩა

როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საგზური ინტერნეტით - ყალბ ვებგვერდებზე შეიძინა. მოტყუებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თაღლითებს ჯერჯერობით ვერ პოულობენ

ფოტო: სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი სწორედ ასე აღმოჩნდა პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში. როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა საგზური ინტერნეტით – ცნობილი აფხაზური სანატორიუმების ყალბ ვებ-გვერდებზე შეიძინა.

როგორ ტყუვდებიან ტურისტები

პირველი, რაზეც ტურისტები „წამოეგებიან“ ხოლმე – ეს არის ძალიან მიმზიდველი ფასები, რასაც მათ ყალბ ვებ-გვერდზე სთავაზობენ. „სარფიანი წინადადებით“ სარგებლობისთვის აუცილებელია 100-პროცენტიანი წინასწარი გადახდა. პანსიონატებში ცხოვრების ფასი ამ ვებგვერდებზე 20 ათასი რუბლიდან [დაახლოებით $350] 120 ათას რუბლამდე [დაახლოებით $ 2,000] მერყეობს.

თაღლითებმა დაიწყეს დაბა ცადრიფშში მდებარე პანსიონატით „ფიჭვის ტყე“ და დასასვენებელი სახლით „ფსოუ“. მაგრამ, უკვე ცნობილია, რომ მათ პანსიონატ „ბაგრიპშამდე“, „მზიურამდე“ და „ლაჟვარდოვან სანაპირომდეც“ მიაღწიეს.

საგზურების ყველა მყიდველს ანგარიშსა და ხელშეკრულებებს უგზავნიან.

პოლიციაში დაზარალებულებისგან ბევრი განცხადება შევიდა, მაგრამ თაღლითების დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველ ჯერზე ირკვევა, რომ საგზურების გამყიდველმა კომპანიამ უკვე რამდენიმე დირექტორი გამოიცვალა, უცვლელად მხოლოდ ვებგვერდი რჩებოდა.

„აღმაშფოთებელია ის, რომ ყველა ეს ორგანიზაცია რუსეთშია დარეგისტრირებული, მოსკოვში, საგადასახადო სამსახურში. არსებობს ყველა სარეგისტრაციო მონაცემი. გამოდის, რომ ნებისმიერ თაღლითს შეუძლია შექმნას კომპანია, რაიმე პანსიონატის ყალბი ვებგვერდი და დაუსჯელად ასობით ადამიანი მოატყუოს? ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს კი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ?! ასე როგორ შეიძლება?“ – სვამს ერთ-ერთ ფორუმზე შეკითხვას თაღლითებისგან დაზარალებული ქალბატონი.

დაზარალებულები ერთიანდებიან

დაზარალებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით რთული დასადგენია, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარი რამდენიმე ასეულ ადამიანს ეხება. მაგალითად, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჯგუფი, რომელიც თაღლითებისგან დაზარალებულ ადამიანებს აერთიანებს. მას „პანსიონატი „ფსოუ“ აფხაზეთი“ ეწოდება, და პუბლიკაციის მომენტისთვის მასში 361 ადამიანია დარეგისტრირებული.

ასევე ცნობილია ბოროტმოქმედების მიერ დაზარალებული 481 ადამიანის შესახებ, რომლებმაც Change.org.-ზე ხელი მოაწერეს  პეტიციას,

უმრავლესობამ, ვინც სოციალურ ქსელებს გამოეხმაურა, პოლიციას განცხადებით უკვე მიმართა და ისინი დაზარალებულებად აღიარეს.

თაღლითებისგან დაზარალებულთა შორის არიან პენსიონერებიც და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიც, რომლებიც აფხაზეთში დასასვენებელ ფულს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ. თაღლითების მიერ დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

„ორი წლის განმავლობაში ვაგროვებდი ფულს ჩემი პენსიიდან. ფული პანსიონატი „ფსოუს“ თაღლითურ ვებგვერდზე გადავრიცხე, ვიყიდე ნოვოსიბირსკი-სოჭის ორმხრივი ბილეთები. აღარც ფულია, და აღარც – ზღვა“, – წერს ლიდია.

„მაისში აფხაზეთში დასვენება დავჯავშნეთ. როგორც გაირკვა, არავითარი ჯავშანი არ არსებობს. ასპროცენტიანი გადასახადი შევიტანეთ. ოჯახი შოკშია! ბავშვი ტირის, ის დასვენების გარეშე დარჩა. როდის შეწყდება ეს უმსგავსობა? როდის დაიწყებენ თაღლითების დასჯას? ასობით დაზარალებულია“, – აგრძელებს მეორე დაზარალებული, სახელად ელენა.

„ყველა ჩვენგანი თაღლითური ქმედების მსხვერპლი გახდა, რადგან ორგანიზაციის სახელმწიფო რეგისტრაციას ვენდეთ“, – წერს გალინა.

დაზარალებულებმა წერილი გააგზავნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ხაზზეც, რომელიც ხუთშაბათს, 7 ივნისს ჩატარდა. ისინი დამნაშავეების მოძებნაში დახმარებასა და თავიანთი სახსრების დაბრუნებას ითხოვდნენ.

მოტყუებული ტურისტების დახმარება

ამჟამად აფხაზეთის ტურიზმის კავშირი დაზარალებულების დასვენების საკითხის ორგანიზების ალგორითმზე მუშაობს. მოტყუებული ტურისტები დაახლოებით ათმა პანსიონატმა, სასტუმრომ და სასტუმროს ტიპის სახლმა განათავსა.

„თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგებს, რომ თაღლითებისგან დაზარალებული აფხაზეთის სტუმრები თავისთან მიეღოთ. ზოგს უფასოდ აბინავებენ, ზოგს კარგი ფასდაკლებით. ჯერჯერობით ცალკეულ ადამიანებთან ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანში ყველა დაზარალებულს დავეხმარებით“, – უთხრა JAMnews-ს აფხაზეთის ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ.

ორგანიზაცია ასევე დაბეჯითებით მოითხოვს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიციისთვის მიმართვას და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისგან მხარდაჭერის მიღებას იმედოვნებს – რადგან თაღლითური ქმედებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა განხორციელებული, იურიდიული პირები და თაღლითების გამოთვლითი ანგარიშებიც ასევე რუსეთის ფედერაციაშია დარეგისტრირებული.

„ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ… რადგან აფხაზეთის პანსიონატები და ტურიზმის მთელი დარგი ხომ ასევე დაზარალებულია. თაღლითების ქმედებებმა საწარმოების და მთლიანად აფხაზეთის იმიჯი დააზარალა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან

რუსეთის ოფიციალურ კურატორ ორგანიზაცია „როსტურიზმ“-ში მიაჩნიათ, რომ კომპანიის ლეგალურობის გარკვევა მარტივია – საჭიროა, რომ  მისი დასახელება „როსტურიზმის“ ვებგვერდზე, მის სიაში მოიძებნოს.

მეორე საშუალება, რომ ყალბ ვებგვერდზე არ მოვხვდეთ, არის ტურფიმების ოფისში საგზურის შეძენა – სალარო ქვითრითა და ხელშეკრულებით. და თუკი ინტერნეტით გადახდა გიწევთ – რესურსის კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს.

„შესაძლებელია კომპანიის რეპუტაციის ნახვა, მისი სამუშაო გამოცდილების გადახედვა და სხვა ტურისტების გამოხმაურებების გაცნობა“, – თქვა „როსტურიზმის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა დმიტრი გორინმა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ