სამი წელი ყარაბაღის „აპრილის ომიდან“. რა შეცვალა მან?
2-5 აპრილს, კავკასიაში ყოველწლიურად იხსენებენ 2016 წლის ყარაბაღის ე.წ. “აპრილის ომის” მოვლენებს.
ეს, 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ, ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი დაპირისპირება იყო. ოფიციალური მონაცემებით, ოთხი დღის განმავლობაში ორივე მხრიდან, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
• როგორი იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყარაბაღის კონფლიქტის ეტაპები და მისი გადაჭრის მცდელობები
გავიდა ზუსტად სამი წელი. რა შეცვალა იმ „ოთხდღიანმა ომმა“? ამის შესახებ ექსპერტებს ბაქოსა და ერევანში ვკითხეთ.
აზერბაიჯანი
JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:
„2016 წლის „აპრილის ომის“ ხუთ ძირითად შედეგს დავასახელებ: პირველი – დაირღვა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის არმიის შესახებ არსებული მითი, როგორც „ყველაზე ძლიერი არმიისა მთელ სამხრეთ კავკასიაში“. აპრილის შემდეგ, ფაქტობრივად შეწყდა ზოგიერთი სომეხი ნაციონალისტის მხრიდან მუქარა იმის შესახებ, რომ „მალე ჩაის ბაქოში დალევდნენ“.
მეორე – სომხეთში ცვლილებები მოხდა, რამაც ყველაფერი 2018 წელს სერჟ სარგსიანის ხელისუფლების ჩამოშლამდე მიიყვანა.
• სომხეთი – „ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთი წლის შესახებ
მესამე – ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შუამავლად გამოდის, შეწყვიტა „კონფლიქტის სამხედრო შედეგებისა“ და „ტყვიებით კენჭისყრის“ (გამონათქვამი ეკუთვნის მინსკის ჯგუფის ერთ-ერთ ყოფილ თანათავმჯდომარეს ვლადიმერ კაზიმიროვს) შედეგების შეხსენება. შუამავლებმა დაინახეს, რომ სამხედრო შედეგები შეიძლება შეიცვალოს, ისინი კი არ არიან დაინტერესებულნი „ტყვიებით კენჭისყრის მეორე ტურით“ ანუ ახალი ომის დაწყებით.
მეოთხე – აზერბაიჯანულ საზოგადოებაში შესამჩნევი გახდა პატრიოტული განწყობების ამაღლება და საგრძნობლად შემცირდა პესიმისტური დამოკიდებულებები, რომელიც დამარცხებულ მხარეს ახასიათებს. ამასთან, გაძლიერდა რევანშისტული მოწოდებები.
და მეხუთე – ბრძოლის შედეგებმა მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანული მხარის პოზიციები გაამყარა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა – 20, როგორც აზერბაიჯანში წერენ თუ 8, როგორც სომხეთში აღნიშნავენ. 2016 წლის აპრილში, აზერბაიჯანული არმიის კონტროლქვეშ გადავიდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლეები. 1992 წლის შემდეგ, სომხეთი პირველად გახდა იძულებული, მიეღო დევნილები – ასობით ადამიანი სამხრეთ ყარაბაღში დანგრეული სოფელ ტალიშიდან“.
პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე:
„დიდი ხნის განმავლობაში – 20 წელზე მეტის – სომხური მხარე საუბრობდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ სტატუს-კვოზე, რომლის დარღვევაც არ შეიძლებოდა, რამდენადაც ის უზრუნველყოფდა ყარაბაღის მცხოვრებთა უსაფრთხოებას.
საბაზისო კონსტანტას წარმოადგენდა გამყოფი ხაზი, გავლებული ზავის დადების შემდეგ 1994 წელს, სადაც მძლავრი დამცავი სიმაგრეები იყო აღმართული. სომხური მხარის აზრით, სწორედ ასე გავლებული ხაზი (სომხური მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება მთელი ყარაბაღი და აზერბაიჯანის მიმდებარე 7 რაიონი – JAMnews) იცავს ყარაბაღს აზერბაიჯანული მხარის თავდასხმისგან და ეფექტური თავდაცვის აგების საშუალებას აძლევს.
მას შემდეგ, რაც აპრილის ბრძოლების დროს აზერბაიჯანულმა ჯარმა მოახერხა ბევრ ადგილას ამ ხაზის გარღვევა და სომხური მხარის დაცვა ჩამოიშალა – ისევ აქტუალური გახდა აზერბაიჯანისთვის თუნდაც ამ შვიდი ოკუპირებული რაიონის ნაწილის გადაცემის საკითხი.
პრინციპული მომენტი – მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, მასობრივი დანაკარგების, კერძოდ, მშვიდობიან მოსახლეობაში, თავიდან არიდება მოხერხდა. დღეს ყველას ესმის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივმა დაღუპვამ, შესაძლოა, დიდი ომის გაღვივება გამოიწვიოს, რომლის თავიდან არიდებასაც კონფლიქტის ორივე მხარე ცდილობს.
მოლაპარაკებების პროცესმა, რომელიც 2016 წლის გამწვავების შემდეგ დაიწყო, გარკვეული იმედები გააჩინა. მაშინ, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, ეს იმედები არ გამართლდა. მაგრამ ახლა, ჩვენ თვალს ვადევნებთ სწორედ იმ მოლაპარაკებების განახლებას, რომლებიც 2016 წლის გაზაფხულზე იყო ინიცირებული – მართალია, უკვე ახალი პირობებით.
• რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა
ამ სამი წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, აუცილებელია მოლაპარაკებების ახალი დღის წესრიგი. და ის, რომ ვენაში ბოლო შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ სურთ, ყველაფრის თავში საზოგადოების, მათ შორის, კონფლიქტის ზონის მცხოვრებლების ინტერესები დააყენონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, ეს როგორ მოხდება. ვფიქრობ, მალე იქნება შესაძლებელი საუბარი ტყვეთა გაცვლაზე, რომელიც დაეფუძნება „ყველას-ყველაზე“ პრინციპს. თუ ეს მოხდება, მაშინ ორივე მხარის მიერ მარტში გამოთქმული განზრახვის – „მშვიდობისთვის ხალხების მომზადების“ – შესახებ საუბარი შესაძლებელი გახდება. ეს იქნება კეთილი ნების ჟესტი, რომელიც აჩვენებს, რომ მხარეები სიტუაციის შესაცვლელად მზად არიან.
სომხეთი
სამხედრო მიმომხილველი, ლეონიდ ნერსისიანი:
„2016 წლის აპრილში ლოკალური ომი მოხდა, მათ შორის, პოლიტიკური მიზეზებით. ერთ-ერთი მათგანი იყო თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებში იმ მომენტისთვის არსებული ღრმა კრიზისი.
• თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. რუსეთმა თურქეთის ტურისტული სეზონი ჩააგდო
ამას გარდა, იმ მომენტში ბაქოში მიაჩნდათ, რომ ძალა მათ მხარეს იყო – ეს იმ ინვესტიციების გამო, რომელიც 2008-2014 წლებში მათ არმიაში ჩადეს, როდესაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინეს.
ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია იმის მცდელობა, რომ შეემოწმებინათ, რამდენად იყო სომხური თავდაცვა მზად ასეთი დარტყმის გასაძლებად.
მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ ოთხი დღის განმავლობაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. შედეგიანი მხოლოდ პირველი დღე იყო, როდესაც შედარებით მოულოდნელად დაესხნენ თავს. დანარჩენ დღეებში კი სომხური მხარე ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს.
2016 წლის აპრილი ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი დარტყმა სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პოზიციებზე. კერძოდ, მაშინ გამოვლინდა თანხის გაფლანგვა არმიაში.
ზოგადად, 2016 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტის კონტექსტში ახალი რეალობა გაჩნდა. სომხეთი დარწმუნდა, რომ მოლაპარაკებების პროცესი და საუბრები დათმობებზე მშვიდობის გარანტია არ არის. და ამან ძლიერ უარყოფითად იმოქმედა მოლაპარაკებებზე სომხეთის პოზიციებზე.
ლოგიკურია, რომ ასეთი მოვლენების შემდეგ სომხურმა მხარემ აღარ ილაპარაკოს არანაირ დათმობებზე – არც ტერიტორიულზე და არც კიდევ რაიმე სხვა სახის. მთლიანობაში, სომხურ მხარეს სტატუს-კვო აკმაყოფილებს. აზერბაიჯანი კონფლიქტის წაგებული მხარეა – დაე, მან ეძებოს კონფლიქტის დარეგულირების გზები“.
პოლიტოლოგი, ერვანდ ბოზოიანი:
„2016 წელს აზერბაიჯანმა სამხედრო პროვოკაცია მოაწყო, რომელსაც რამდენიმე მიზანი ჰქონდა.
აზერბაიჯანს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არცთუ ისე კარგი სიტუაცია ჰქონდა. აშშ-ის კონგრესში განიხილებოდა სერიოზული სანქციების დაწესების საკითხი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებისთვის, თუკი ქვეყანა არ წავიდოდა დათმობებზე პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით.
მაშინ ილჰამ ალიევმა უკან დაიხია (150 ადამიანის ამნისტირება მოხდა, მათ შორის, 12 პოლიტპატიმრის – JAMnews).
აზერბაიჯანში ეს პრეზიდენტის სისუსტედ მიიჩნიეს, რისი კომპენსირებაც რაღაცნაირად უნდა მოეხერხებინა. მას სჭირდებოდა თუნდაც მცირე გამარჯვება საზოგადოების თვალში.
შედეგად მათ დაიკავეს 800 ჰექტარი ტერიტორია – მაგრამ დიპლომატიური თვალსაზრისით სერიოზული მარცხი იწვნიეს. სომხურმა მხარემ მოახერხა წინა პლანზე იმ ფაქტის წამოწევა, რომ საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ არის, მათ შორის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების დონეზეც. შედეგად, ადამიანების გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები მითებმა და სტერეოტიპებმა. და ამ ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა და უკან დახია საზოგადოება ორივე მხარეს.
იმისათვის, რომ რაიმე შეიცვალოს – აუცილებელია განხილვები, დიალოგი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის სწორედ საყოფაცხოვრებო დონეზე. თუკი ეს არ იქნება – არ მგონია, რომ გარკვეულ დათმობებზე პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს“.
საბრძოლო მოქმედებების დღეებში, 2016 წლის აპრილში, JAMnews აწარმოებდა უწყვეტ რეპორტაჟს მოქმედების ადგილებიდან ყველა მხარეს, ცდილობდა რა ყოველმხრივი და მაქსიმალურად ობიექტური სურათის ჩვენებას. JAMnews იქცა სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ანალიზის, დისკუსიებისა და პროგნოზების მუდმივ სივრცედ. ქვემოთ მოცემულია იმ რეპორტაჟებისა და კომენტარების ნაწილის ბმულები.
• ყარაბაღში ბრძოლაა. ვინ დაიწყო პირველმა? არკვევენ ბაქოში, ერევანში, სტეპანაკერტსა და მოსკოვში
• ვიდეორეპორტაჟი აზერბაიჯანული ფრონტისპირა სოფლიდან
• რეპორტაჟი სომხეთიდან: კიდევ ცოტაც და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება
• ყარაბაღში ძლიერი სროლები და სოფლებზე თავდასხმის საფრთხეა. რას ამბობენ ერევანსა და ბაქოში
• ადამიანები აზერბაიჯანულ სოფელში ფიზულის რაიონში ცეცხლის ქვეშ არიან
• როგორ მოიქცევა საქართველო, თუკი ყარაბაღში ომი დაიწყება?
• ყარაბაღის კონფლიქტის შეჩერებას საერთაშორისო მომლაპარაკებლები ცდილობენ
• როგორ მარხავდნენ ყარაბაღში 12 წლის ვაგინაკ გრიგორიანს ზავის დადებამდე ერთი დღით ადრე
• აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ყარაბაღული დღიური: 2016 წლის 2-12 აპრილი
• რუსეთი და მინსკის ჯგუფი: ყარაბაღის კონფლიქტის შუამავლები ერთდროულად ყველგან არიან
• ბაქოსა და ერევანში ერთნაირად ხდება: სევდა, ბრაზი და საკუთარი სიმართლის რწმენა
• 2016 წლის აპრილი – ბაქოს არშემდგარი ბლიცკრიგი თუ რუსეთის „ფარული ხელი“? მოსაზრება ერევნიდან
• და თქვენთან სამზარეულოში როგორ განიხილავენ ყარაბაღის კონფლიქტს?
• ახალი სტატუს-კვო? ბაქოსა და ერევანში ქცევის უფრო მკაცრ მოდელზე საუბრობენ
• აზერბაიჯანის პირორისეული გამარჯვება – მოსაზრება ბაქოდან „აპრილის ომზე“