რუსეთი და მინსკის ჯგუფი: შუამავლები ერთდროულად ყველგან არიან" />

ყარაბაღში სამშვიდობო ცემენტი ჩავიდა

რუსეთი და მინსკის ჯგუფი: შუამავლები ერთდროულად ყველგან არიან

კონფლიქტის ზონაში არსებულ მოვლენათა მიმოხილვა 7 აპრილიდან 2016 13:00 9 აპრილამდე

ინფორმაცია ერევნიდან

დადასტურებული წყაროს ცნობა

გუშინ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები 5 საათის განმავლობაში ატარებდნენ სამუშაოებს 2 აპრილს გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედროების ცხედრების მოსაძებნად. ამ საქმეში მხარეებს დახმარება აღმოუჩინეს წითელი ჯვრის თანამშრომლებმა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის, ანჯეი კასპრჩიკის საველე თანაშემწეებმა.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, გვამების ძიების პროცესში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები არ ყოფილა. სომხურმა მხარემ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ორი მოსამსახურის გვამი იპოვა.

გუშინ, 8 აპრილს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ სეირან ოგანიანმა მედიისთვის განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს, ისეთი ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას იურიდიულად დაავალდებულებს.

8 აპრილს სტეფანაკერტში იმყოფებოდნენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები. როგორც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ისინი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის მეთაურს, ლევონ მნაცკანიანს, რომელმაც შუამავლებს წარუდგინა აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო აგრესიისა და მოსახლეობისადმი მათი ბარბაროსული მოპყრობის დამადასტურებელი ფაქტები.

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი, ბაკო სააკიანი ასევე შეხვდა თანათავმჯდომარეებს და განუცხადა, რომ აზერბაიჯანის აგრესია სერიოზულ საფრთხედ იქცა სამხრეთი კავკასიის და მეზობელი რეგიონების მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რის გამოც, ის ეუთო-ს ჯგუფის მხრიდან აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის მკვეთრ და ჯეროვან შეფასებას ელის.

სტეფანაკერტში გამართული შეხვდერების შემდეგ პრესისთვის განხადებები არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებებს დღეს, 9 აპრილს, ერევანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უნდა ველოდეთ.

‘1994 წელს, ბუდაპეშტის სამიტზე არწახი კონფლიქტის მხრედ გამოცხადდა, და ეს გადაწყვეტილება არავის გაუუქმებია. ჩვენი მოთხოვნა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ, არწახის ინტერესების წარმომადგენელი სომხეთის მიმართ უნდობლობით კი არ არის განპირობებული, არამედ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია, მისი მთავარი მხარის მონაწილეობის გარეშე,’- წერს სომხური მედია.

გუშინ ერევანში იმყოფებოდა პრემიერმინისტრი დმიტრი მედვევდევი. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედვედევმა განაცხადა:

‘რუსეთი ძველებურად მზადაა, თავისი გავლენის გამოყენებით შუამავლის როლი შეასრულოს მინსკის ჯგუფის შემადგენლობაში. მთავარია, რომ კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლა გამოვრიცხოთ. რუსეთი იყო და რჩება სომხეთის მეგობრად და სანდო პარტნიორად.’

მაგრამ, მედვედევს სომხეთის პრეზიდენტისგან არცთუ საამური შეტყობინების მოსმენა მაინც მოუხდა.

‘დარწმუნებული ვარ, თქვენც საქმის კურსში ხართ – სომხეთში ფართო გამოხმაურება ჰქონდა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი მთელი ძალით იყენებდა იარაღის იმ სახეობებს, რომლებიც ბოლო დროს რუსეთისგან შეიძინა. სომხეთში კი… ნაციონალურ დონეზე რუსეთს უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ!’

სერჟ სარქისიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთში არ გამორიცხავენ გამყოფ ზოლზე მორიგ პროვოკაციას. ‘ განსაკუთრებულ იმედებს არ ვამყარებთ, თუმცა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან და ჩვენი მოკავშირეებისგან მიზანმიმართულ განცხადებებს და გარკვეულ ქმედებებს მოველით… მეორე მცდელობა ფართომასშტაბიან ოპერაციამდე მიგვიყვანს.’

სომხეთის პრესა ავრცელებს საფრანგეთის ეროვნული საკრებულოსა და სენატის წარმომადგენელთა ჯგუფის წერილს, რომელიც ეუთო-ს მიმართავს მოთხოვნით – მოლაპარაკებების პროცესში დააბრუნოს მთიანი ყარაბაღი. წერილი გამოქვეყნებულია ფრანგულ გაზეთში Le Monde.

სომხურ მედიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ასევე წერენ საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმების შესახებ, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით მთიანი ყარაბაღში სიტუაციის მოგვარებას ეხება.

სოციალურ ქსელებში

პირველი ტრენდი: არ შეიძლება რუსეთისა და ‘კოლექტიური უსფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის’ იმედად ყოფნა.

‘1921 წელს რუსეთმა თურქეთი და სომხეთი გაყო (მოსკოვის შეთანხმება). ვინც ეს ფაქტი იცის, როგორ შეიძლება, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტად მიიჩნიოს?’

‘ღამით, 6 აპრილიდან 7 აპრილამდე – ოფიციალურად გამოცხადებული ზავის პირობებში – აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე (და არა – ყარაბაღის) ვარდენისი დაცხრილა. შეკითხვა: რომელი გინება უფრო მოუხდებოდა ‘კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას’?’

‘ვერ ვიტყოდი, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობები არსებობს. თუმცა ადამიანები თანდათან ათვითცნობიერებენ: რუსეთისთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესებია მნიშვნელოვანი, სომხეთი კი – მოიცდის.’ 

მეორე ტრენდი: ყარაბაღის მოვლენები – რუსეთსა და თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის შედეგია.

‘ყარაბაღი დღეს, როგორც არასდროს, რუსეთისა და თურქეთის ხელში მოქცეულ რუკაზე დევს. ნახეთ, როგორ ისმება მოთხოვნები – ვიდრე თურქეთი რუსეთს პატიებას არ სთხოვს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის, შერიგება არ მოხდება. დღეს კი, იმის ნაცვლად, რომ პუტინი სარგისიანი და ალიევი ხვდებოდნენ ერთმანეთს, რუსეთი ორი სახელმწიფოს დედაქალაქებში ცალ-ცალკე მივლინებული რუსეთის თავდაცვის მინისტრის მეშვეობით მართავს ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს.

სიტუაცია ისეთია, რომ რიგით მეთოთხმეტე რუსულ-თურქული ომი სწორედ ახლა არ აძლევს ხელს მხარეებს, თუმცა ამის ხმამაღლა აღიარება და ყარაბაღის კონფლიქტის ჩახშობაც [არ უნდათ]. არადა, ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს გარდაუვლად შეეტაკებიან, თუკი ლოკალური ომი მასშტაბურში გადაიზრდება.’

მესამე ტრენდი: რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი შეიძლება დიდ ომში გადაიზარდოს.

‘სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთმანეთს შეეჯახონ რუსეთი (სომხეთის მოკავშირე) და თურქეთი (აზერბაიჯანის მოკავშირე), ანუ იგივე – რუსეთი -‘ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიაზაცია’ და თურქეთი – ნატო. შედეგებზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტია.’

მეოთხე ტრენდი: ხუმრობები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის პასიურობაზე.

‘გუშინ საღამოს ოფისში შუქი გამოგვირთეს. გავედი და ვნახე, რომ ელექრიკოსები რაღაცას აკეთებდნენ. ვეუბნები, – რამის გაკეთებას რომ იწყებთ, ეგებ გაგვაფრთხილოთ ხოლმე, ჩვენ აქ ვმუშაობთ-მეთქი! ხმას აუწიეს და მეც ავუწიე, და უცებ მინსკის ჯგუფი გამოჩნდა და გვითხრა, რომ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ჩვენს შორის სიტუაციის უპრეცედენტო გამწვავების გამო, და მხარეებს სიტუაციის ჯანსაღად შეფასებისკენ მოგვიწოდეს.’

მეხუთე ტრენდი: ქვეყანას არჩევანი არ აქვს – დასავლეთი ან რუსეთი.

‘მომავლის ჩვენეული ხედვა მხოლოდ გადრჩენაზე ფიქრით ამოიწურება, ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე; სად ვხედავთ ჩვენს თავს 10 წლის შემდეგ. და ვიდრე ეს ასეა, სულ რუსეთზე ვიქნებით დამოკიდებული, ის კი გვიღალატებს ხოლმე.’

‘უსაფრთხოების საკითხი აშშ-სთან ერთადაც შეიძლება გადაწყდეს. არავინ უარყოფს, რომ ამას რუსეთი ეწინააღმდეგება.’

‘მოსკოვით აღფრთოვენებული არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა არ უნდა დავკარგოთ. აშშ ჩვენი მშველელი არ არის. არსებობს თურქეთის ფაქტორი.’

                                                                         ექსპერტთა შეფასებები

ექსპერტთა მრგვალი მაგიდის (‘ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება – დასკვნები და სამომავლო ქმედებები’) დროს ედმონ მანუკიანის, სომხეთის პარლამენტის დეპუტატის კომენტარი:

‘არ ვიცი მეორე ქვეყანა, რომელიც საკუთარი სტრატეგიული პარტნიორის მოწინააღმდეგეს იარაღს მიჰყიდის, თანაც – თავის დასაცავად კი არა, თავდასხმისთვის. მე წერილობით მივმართე ჩემს რუს და ისრაელელ კოლეგებს: აქამდე მიწოდებულ იარაღში ფულია გადახდილი, მაგრამ დღეიდან… უნდა შეწყდეს იარაღის მიწოდება და მათი მომსახურება.’

‘დღევანდელი დაზავებას, თუკი შეიძლება ამას დაზავება ეწოდოს, შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს. ნურავინ შეეცდება, რომ ხალხს ეს მოსკოვის დამსახურებად მოაჩვენოს.’

სომხეთის მედიასივრცეში ვრცელდება, ასევე, სომხეთის პირველი პრეზიდნტის ლევონ ტერ-პეტროსიანის განცხადება, რომელიც მან 1997 წლის ნოემბერში გააკეთა:

‘არ ღირს თავის მოტყუება და აუხდენელი ოცნებებით ცხოვრება: ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხში ჩვენ მოკავშირეები არ გვყავს. ამ პრობლემას ჩვენს მაგივრად არავინ გადაჭრის. გადავჭრით ჩვენ და ჩვენივე შესაძლებლობის ფარგლებში.’

ლექსანდრ ისკანდრიანმა, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა JAMnews-თან ინტერვიუში განაცხადა:

‘მოცემულ მომენტში ასეთი ამოცანა დგას – შეჩერდეს ძალადობა, სისხლისღვრა, შევაკავოთ მხრეები, რომ კონფლიქტი არ განახლდეს და აღდგეს რაიმენაირი მოლაპარაკებების პროცესი მაინც.

შესაძლებლობები ამჯერად უფრო რუსეთს აქვს. მხარეები მუშაობენ და ერთმანეთს გზას უთმობენ. რასაკვირველია, საფრანგეთი და აშშ-ც მუშაობენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ყველაფერში სერიოზულ როლს რუსეთი ასრულებს; კერძოდ, იგულისხმება სერგეი ლავროვის მოგზაურობა.

ინტერესი ყველა მხარეს საერთო აქვს – რადგან ნამდვილი, დიდი ომი რეგიონში არავის სჭირდება. ჩვენ რამდენიმე ასეული კილომეტრით ვართ დაშორებული ISIS-სგან და ერაყის ქურთისტანისგან, და ჩრდილოეთი კავკასიისგან. სახეზეა, ასევე, უკრაინის კონფლიქტიც თავისი პრობლემებით. ამ ეტაპზე კონფლიქტის მოგვარებაზე არ არის ლაპარაკი. ჯერ მხოლოდ მისი შეკავებაა საჭირო. ძალიან ძნელია სერიოზული ზემოქმედების მოხდენა აზებაიჯანზეც და სომხეთზეც. რეალურად ასეთი ზეწოლის ასპარეზიც უაღრესად მწირია. პრინციპში, ზეწოლა აზებაიჯანს სჭირდება და არა სომხეთს, რადგან ბოლო ესკალაცია სწორედ მათ დაიწყეს.

რევანშისტული განწყობები აზერბაიჯნს აქვს – ომი მან წააგო. ამ თვალსაზრისით, პრობლემაც თავადვეა – მათ რომ არ ესროლათ,ბუნებრივია, სომხები არ ისროდნენ.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მანდატის გაფართოება ასევე ვერ უშველის ამ პრობლემას. თანთავმჯდომარეები, მხარეების ნაცვლად, კონფლიქტს ვერ მოაგვარებენ. ლაპარაკია იმაზე, თუ რა გზით შეიძლება დაეხმარონ მათ კონფლიქტის გადაჭრაში. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ მიმართულებით რაიმე სერიოზული წინსვლა შეიძლება მოხდეს.’

каз

ინფორმაცია ბაქოდან

დადასტურებული ცნობების შეჯამება

დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტომ АПА-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხურმა მხარემ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ბომბავდა აზერბაიჯანულ პოზიციებს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 120-ჯერ დაარღვია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2016 წლის 8 აპრილს, ბაქოს დროით 15:00-ზე, მიღწეულია შეთანხმება გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით. ამ მომენტიდან 20:00-მდე ორივე მხარეს გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების ძებნა იგეგმებოდა.

8 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილხამ ალიევი და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.

შეხვედრის შემდეგ ალიევმა და მედვედევმა პრესისთვის გააკეთეს განცხადება. რუსეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ შეშფოთებულია ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობით და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს კონფლიქტი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. ANN.az-ის (რომელიც სააგენტო ТАСС-ს ეყრდნობა) განცხადებით, მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე დადებული კონტრაქტების შესაბამისად გააგრძელებს აზერბაიჯანისათვის იარაღის მიწოდებას.

‘სომხეთი უსამართლოდ აბრალებს აზერბაიჯანს კონფლიქტის ესკალაციას, – განაცხადა ილხამ ალიევმა, – უბრალოდ, ჩვენს მიწებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ვიცავთ. აზერბაიჯანს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს და ჩვენ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ.’

დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელმარ მამედიაროვი და ედვარდ ნალბანდიანი ესწრებოდნენ. მათი ორმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. როგორც ზოგიერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალება იუწყება, მინისტრებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

8 აპრილს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტი განიხილა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, ვლადიმირ პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრეს.

‘სწორედ სომხეთია ის ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, საერთო სამართლის პრინციპებისა და გაერო-ს შინაგანაწესის მიუხედავად, ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება სომხეთის არმია, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ხაკმეთ გაჯიევმა იმის საპასუხოდ, რომ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირების განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ყარაბაღი დამოუკიდებელ მხარედ მიიღებს მონაწილეობას. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთისა და ახერბაიჯანის მხარეებს შორის დაიდო. შეხვედრაზე სომხეთი ოკუპანტად იყო წარმოდგენილი და მომავალშიც ასე იქნება. ყარაბაღში აზერბაიჯანული და სომხური თემები არსებობს. აზერბაიჯანს ყოველთვის ჰქონდა ამ ორ თემს შორის დიალოგის დაწყების სურვილი.’

თურქეთის პრემიერმინისტრმა, ახმეთ დაუთოღლუმ გააკეთა განცხადება, რომელიც აზერბაიჯანში აღფრთოვანებით მიიღეს. ‘ანკარა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერ საფრთხეს საკუთარი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვამს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრია, სხვა თანათავმჯდომარეები (ისეთები, როგორიცაა რუსეთი) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ანკარის მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან.’

ANS PRESS-მა 8 აპრილს გამოაქვეყნა რეპორტაჟი სოფელ თალიშიდან, რომრლიც აზერბაიჯანმა დაიკავა.

აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა ლალეტეპის სიმაღლეებიც დაიკავეს.

ვიდეორგოლში სამხედროები განმარტავენ, რომ სოფელ თალიშის აღების წყალობით, სოფელი თაფღარყოინლუ აღარ დაიბომბება.

флბაქო, 2016 წლის 8 აპრილი

სოციალური ქსელების მიმოხილვა

პირველი ტრენდი: პუტინ, წადი

‘არა რუს ‘სამშვიდობოებს’ ყარაბაღში. მოშორდით სამხრეთ კავკასიიდან, მისტერ პუტინ!’

‘დროა, ყველა გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რას წარმოადგენს რუსეთი.’

‘რუსეთი არასდროს წავა სომხების წინააღმდეგ! თამაშს გააგრძელებს და შეეცდება, ყველა აკონტროლოს. გაყინული კონფლიქტი ზეწოლისა და ქვეყნებით მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა.’

‘ომი, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და რუსეთს კონფლიქტში ჩარევის რაიმე იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.’

მეორე ტრენდი: მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა გიყვარდეთ სამშობლო.

ბევრმა მომხმარებელმა საკუთარი კონფლიქტისგან გულის გადსაყოლებლად იმაზე დაიწყო მსჯელობა, ვინ პატრიოტია, და ვინ – არა.

‘ბაქოს ქარები საშუალებას არ გვაძლევს, რომ ყველა აივანზე მცენარეები გავახაროთ. აი, ჩვენ ქარის პირველივე დაქროლვამ ყველაფერი გაგვინადგურა. მაგრამ აივნებისთვის ბევრად უკეთესი მოსართავი გვაქვს – ჩვენი დროშა. აუცილებლად არ არის 28 მაისს (აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის) ხომ არ უნდა დაველოდოთ, რომ დროშა გამოვკიდოთ. ამის გაკეთება ახლავე შეუძლია ყველას. ჩემი ძველი დროშა გახუნდა, გზად უზარმაზარი დროშა ვიყიდე და აივანზე გამოვკიდე.’

‘შენ ვიზე მუშაობ? ასე მგონია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში აზერბაიჯანის ჭეშმარიტი შვილი არ დაიწყებდა იმის წერას, რასაც შენ წერ.’

მესამე ტრენდი: კმარა სისხლი

‘თქვენთვის ადვილია ლაპარაკი, ჩემი შვილი კი სამხედრო მოსამსხურეა, და მშვიდობიანი მოლაპარაკებით რაიმეს მიღწევა ჩემთვის ციური მანანასავითაა (აღარაფერს ვამბობ ჩემს ცოლზე).’

‘ასე რატომ ცახრობთ, თითქოს ფეხბურთის მატჩზე იყოთ? თქვენ არ გესვრიან და ამიტომაც გგონიათ, რომ ეს საფეხბურთო მატჩია ან საჭადრაკო შეხვედრა.’

მეოთხე ტრენდი: ხელისუფლება ცინიკურად გვიყენებს.

‘რატომ არ გზავნის ჩვენი მდიდარი სამშობლო ფრონტის ხაზზე პროფესიონალურ არმიას, ან დაქირავებულ სამხედრო შენაერთებს? ნუთუ იმდენად ღარიბი ქვეყანა ვართ, რომ ამის საშუალება არ გვაქვს? თუმცა რა ძალა ადგათ, როდესაც მათ განკარგულებაში საზარბაზნე ხორცია! არ ურჩევნიათ, ეს თანხები თავად მოიხმარონ, საკუთარი საჭიროებისთვის?!’ 

‘თუ ჯარისკაცების გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე ყვავილების დღესასწაულს დაემთხვა, აღნიშნავენ, თუ არა? აბა, გამოიცანით!’

მეხუთე ტრენდი: ჯერ არაფერი დამთავრებულა.

‘აი, პასუხიც: მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ულტიმატუმს უყენებს. გამოდის, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ.’

‘სომხების დრო წავიდა. კოსოვო-შმოსოვოს ყველა ვარიანტი, რომლებიც ადრე შევთავაზეთ სომხეთს, თავხედურად უარყვეს. ახლა, 2 აპრილის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა საკუთარი ძალების იწამეს და მიწას ისეთი ძალით ეჭიდებიან, როგორც არასდროს. ფესვებს გაიდგამენ და მტერს მიწის თითოეული გოჯისთვის გაგლეჯენ.’

ექსპერტების მოსაზრებები

აზერბაიჯანის უფლებათა დაცვის ცენტრის დირექტორი, ელდარ ზეინალოვი:

‘სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვის ელემენტარული წესია ის, რომ შუამავალი ნეიტრალური უნდა იყოს. ამ სტატუსით კი მინსკის ჯგუფის ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის. მინსკის ჯგუფის შემთხვევაში თავიდანვე (მაშინ, როდესაც შუამავლების არჩევა ხდებოდა) დაიშვა შეცდომა.

მინსკის ჯგუფის ფორმატის ცვლილების გარეშე, მოლაპარაკებებში გარღვევა ვერ მოხდება, რაზეც ოცდაორწლიანი გამოცდილება მეტყველებს. მინსკის ჯგუფის სასარგებლოდ, საკუთარ ინიციატივებზე ჯერ 1996 წელს გაერომ, შემდეგ კი 2001 წელს ევროსაბჭომ თქვა უარი. ამდენად, დღეს ეუთო სამშვიდობო პროცესის მონოპოლისტია. 22 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფს შეეძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმი შეექმნა და მოეფიქრებინა, თუ როგორ შეიძლება მხარეების გამყოფ ხაზზე მდგარი მძიმე ტექნიკის გაყვანა.

ამას გარდა, მინსკის ჯგუფმა, ფაქტობრივად, უარი თქვა არასამთავრობო ძალების სამშვიდობო პროცესში ჩართვაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს უამრავი იდეა აქვთ, ოფიციალური მომლაპარაკებლები კი იდეების დეფიციტს განიცდიან. თუმცა, მოსაზრებების გაცვლა არ ხდება. მეტიც, როგორც ჩანს, მინსკის ჯგუფი მოლაპარაკებების სტრატეგიაში მხარეებს შორის ნდობის შექმნის ზომებს საერთოდ არ იღებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლები რომელიმე მხარის სამხედრო მოკავშირეები არ უნდა იყვნენ. ეს ელემენტარული წესია. ამიტომ, რეალურად არა მინსკის ჯგუფს, არამედ რუსეთს და, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუსმენენ.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში რუსეთი დამნაშავეა იმაში, რომ მხარეებს იარაღი მიჰყიდა. ევროპელები ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეეებისათვის იარაღის მიყიდვისგან თავს იკავებენ. ინგლისელებმა სომხებს რამდენიმე სნაიპერული შაშხანა მიჰყიდეს, რამაც სკანდალი გამოიწვია. ამ შემთხვევაში, ჩვენ იარაღი მოგვყიდეს, უფულო სომხებს კი კრედიტით გადასცეს. ანუ სცენაზე დემონსტრაციულად დაკიდეს ორი იარაღი. ჟანრის წესების მიხედვით, ერთმა მაინც უნდა გაისროლოს.

ახლა ისინი, როგორც ყოველთვის, შემოგვთავაზებენ, რომ მეგობრულად ვიცხოვროთ და ყველაფერი ისევ თითქმის უშედეგოდ დასრულდება; ზუსტად ისე, როგორც 2014 წლის ივნისში, როდესაც მსგავსი აჟიოტაჟი იყო. თუმცა, მაშინ საზღვრები სომხეთმა გააფართოვა. იმ შემთხვევაში ობიექტი ლიაქია-დაღის მთა იყო, ახლა კი ლიალია-თეფეს სიმაღლეზეა საუბარი. მხოლოდ ესაა განსხვავება.’

დევნილი უფლებადამცველი მათანათ აზიზოვა:

‘1. აზერბაიჯანს სრული სამართლებრივი და მორალური უფლება აქვს, დაიბრუნოს თავისი მიწები და ეს ტერიტორიები უკანონო სამხედრო ფორმირებებისგან გაწმინდოს.

2. მესმის მათი, ვინც საზოგადოებას ომისკენ მოუწოდებს. დაგროვების ეფექტმა შედეგი გამოიღო. სახეზეა ძალიან ძლიერი ემოციური აფეთქება

3. იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც ომის წინააღმდეგია. მათ მოსაზრებებს მათი პრინციპები განსაზღვრავს. ზოგი იარაღის გამოყენების მომხრეა, ზოგი კი ნებისმიერი ადამიანის, როგორც მეგობრის, ისე მტრის, მოკვლის წინააღმდეგია.

4. ფრთხილი და, ერთგვარად, უნდობლობით განმსჭვალული დამოკიდებულება მაქვს იმ აზრის მიმართ, რომ ეს ყველაფერი ალიევისა და სარგსიანის მოლაპარაკებების შედეგია.

5. სიხარული მიპყრობს, როდესაც მიწის თითოეული ნაგლეჯის დაბრუნების შესახებ ვიგებ, მაგრამ გული მისკდება, როდესაც დაღუპული ჯარისკაცების შესახებ იუწყებიან. ორმაგი გრძნობაა – გიხარია მიწის დაბრუნება, არ გინდა ომი, მაგრამ წარმატებული ოპერაციები გახარებს.

6. ჩემთვის სახალხო დემოკრატიისა და სამშვიდობო მოღვაწეობის ცნებები მაშინ მოკვდა, როდესაც კოლეგების (სომხეთის მშვიდობის მაშენებელთა ელიტის) მხრიდან ჩემი ხალხის ამოწყვეტის მოწოდებები მოვისმინე (ამასთან, ისინი აზერბაიჯანელებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ფორმით მოიხსენიებდნენ).

7. უთანხმოების მიუხედავად, ჯერ კიდევ მყავს მეგობრები სომხეთიდან და ჩვენ ერთად დავუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.’

დემონსტრაცია ბაქოშო, 2016 წლის 6 აპრილი

JAMnews–ის დოსიე:

JAMnews-ის მიერ მომზადებული 7 აპრილის მოვლენების მიმოხილვა

• ინფორმაცია, რომელსაც კონფლიქტის მხარეთა ოფიციალური წყაროები ავრცელებენ, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა პასუხს კითვაზე – თუ რომელმა მხარემ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, და რომელმა იმოქმედა საპასუხოდ. ამ კითხვას ჯერჯერობით ვერც საერთაშორისო წყაროები პასუხობენ.

• შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და საომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, 1991 – 1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დე–ფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკად არსებობს, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის – არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.

• ეუთო-ს მინსკის ჯგუფი – ეუთო-ს წევრი ქვეყნების კავშირი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შვიდობიანი გზების ძიების პროცესს ხელძღვანელობს, 1992 წელს შეიქმნა. 2016 წლის დასაწისიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან: იგორ პოპოვი (რუსეთის ფედერაცია), 2014 წლის ივლისიდან პიერ ანდრე (საფრანგეთი), და 2013 წლის 6 აგვისტოდან ჯეიმზ უორლიკი (აშშ). მინსკის ჯგუფში შემდეგი ქვეყნებია წარმოდგენილი: ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი და თურქეთი, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი.

ყდის ფოტო: ყარაბაღი. 1992-1994 წლების ომის შემდეგ დარჩენილი სამხედრო მანქანები. გევორგ ყაზარიანის არქივიდან.

სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

გამოქვეყნებულია 09.04.2016


ასევე წაიკითხეთ