რას ლაპარაკობენ სამზარეულოებში ყარაბაღის კონფლიქტზე
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაფერი თანამოსაუბრეების ოსტატობაზეა დამოკიდებული. ყველაზე დახელოვნებულ ორატორებს ბევრი თარიღი და რიცხვი ახსოვთ. იციან, რა თქვა გორბაჩოვმა რომელიღაც დღეს, ან რამდენი სომეხი ცხოვრობდა შუშაში რომელიღაც წელს და ა.შ. ნაკლებად გაწვრთნილი ორატორები კი ემოციებსა და ცნობილ ფორმულირებებს იშველიებენ – მაგალითად, ‘წაეთრიონ ჩვენი მიწებიდან’.
ძალიან იშვიათად მესმის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შესაძლებელია. ყველაზე ხშირად ამბობენ, – ომი არ გვინდა, მაგრამ თუ სამშობლო მოგვიხმობს, მზად ვართ, იარაღსაც დავუდგეთ; იმიტომ, რომ პატრიოტები ვართ, ჩვენი სამშობლო გვიყვარს და მზად ვართ მტრისგან დავიცვათო.
როდესაც ომის დაწყების პერსპექტივა გაჩნდა, აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანში ყველას უნდოდა ომი. ოფისის თანამშრომლები, სოფლის მაცხოვრებლები, ბანკის მოხელეები, დიასახლისები და სტუდენტები – თითქოს ყველა უცებ გამოფხიზლდა და რევანშის მოთხოვნა დაიწყო. აბსტრაქტული ფრაზა ‘ღმერთმა ქნას, მომდევნო ნოვრუზი შუშაში აღვნიშნოთ’ უცებ გვირაბის ბოლოს მბჟუტავ სინათლის სხივად იქცა იმ ბაქოელებისთვისაც კი, ვისაც შუშა თვალითაც არ უნახავს.
ასეთი დამოკიდებულება აკვირვებთ უცხოელებს, განსაკუთრებით – მათ, ვინც სტუმართმოყვარე ყარაბაღი მცირე ხნის წინ მოინახულა და არ უნდათ იმ ადგილას ნანგრევები დახვდეთ, სადაც ასე კარგად უმასპინძლეს. თუმცა, თუ დროს უკან გადავახვევთ, 1988 წელში დავბრუნდებით, როდესაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, ერევანში კი ყარაბაღთან გაერთიანების ძველისძველი იდეა მძლავრ ტალღად იქცა, რომელმაც ადამიანები სამზარეულოდან გამოიყვანა და გააერთიანა.
საგანგებოდ ვარიდებ თავს ზუსტ თარიღებს, სახელებსა და დეტალებს. საკმარისია, არსებით მომენტებს სურათებად ვხედავდეთ. პირველი – ყარაბაღში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ცხოვრობენ, სომხების რაოდენობა მეტია; მეორე – ერევნის ქუჩებში ადამიანების შთაგონებული სახეები, და მესამე – ომი, სისხლი და ნგრევა.
ცხადია, ამქვეყნად ყველაფერი ასე მარტივად არაა. იყო ეროვნებათაშორისი შუღლიც, ერთმანეთისადმი პრეტენზიები, ძალადობაც, საბჭოთა კავშირიც და კიდევ ბევრ სხვა გარემოება, რამაც კონფლიქტის დაწყება და განვითარება განაპირობა. თუმცა ამ სამ სურათზე ერთსა და იმავე კითხვას დავსვამდი – ვითომ ერევნის ინტელიგენციას ვინმეს სისხლი სწყუროდა? ბავშვების, ქალებისა და მოხუცების დახოცვა? არა, რასაკვირველია. კონფლიქტის მთავარი სულის ჩამდგმელი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის თითოეულ წევრს ერთადერთი იდეა შთააგონებდა – ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. სწორედ პატრიოტიზმი ამოძრავებდათ მათ, და არამხოლოდ მათ.
ამჯერად ისტორიამ სხვა მხარეს გაუხვია. ჩვენ – ბაქოელები, შეშინებული და მშიერი საბჭოთა მოქალაქეები აღარ ვართ, რომლებსაც თავი გაჭირვებით გაჰქონდათ. ნავთობის დედაქალაქის კეთილდღეობაში მცხოვრები მოქალაქეები ვართ და, რასაც უნდა ამბობდნენ ახლანდელ ტენდენციებზე, ჩვენი სახელმწიფო კრემლის ვასალი არ არის. თითქოს უცებ გამოვფხიზლდით და აღმოვაჩინეთ, რომ პატარა მეზობელმა სახელმწიფომ ის მიწა წაგვართვა, რომელიც მას არც კი ესაზღვრება! და თან, შვიდი რაიონიც მიიტაცა. როგორ მოხდა ეს?
ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვერსია გვაქვს. სამზარეულოში დავბრუნდეთ და ვნახოთ, იქ რაზე ლაპარაკობენ. სამზარეულოებში ამბობენ, რომ ამაში რუსეთია დამნაშავე; ანდა იმას – თუ როგორ მოგვატყუეს ცბიერმა და ვერაგმა სომხებმა, იმიტომ, რომ ასეთი კეთილები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალი საერთოდ არ არის, რომ ყარაბაღი დავკარგეთ. ისე კი, ამ საკითხზე რაღაც ბუნდოვან შფოთვას მაინც განვიცდით.
სამზარეულოებში ფიქრობენ, რომ ჩვენ უკვე ძლიერი სახელმწიფო ვართ და მზად ვართ რევანშისთვის. თუკი სოციალურ ქსელებს ვენდობით, ტახტზე მჯდომებიც ასევე ფიქრობენ. ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს, პატრიოტები ვართ და, უბრალოდ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ.
ეს ყველაფერი სადღაც უკვე მოსმენილი მაქვს
არგუმენტები ყოველთვის არსებობს. არგუმენტები მათაც კი აქვთ, ვისაც მეზობელი ერის განადგურება, განდევნა, აკუწვა და სისხლში ჩახრჩობა უნდა. ზოგჯერ ეს უბრალოდ ბანალური ‘ამაზე რაღას იტყვი’-ა, როდესაც არგუმენტად გეუბნებიან: ‘მათ ხომ ჩვენი შვილები არ დაინდეს’. არის ჰიტლერისეული თეორიებიც – რომ ეს მეზობელი ერი მიწაზე საერთოდ არ უნდა დადიოდეს, ან იშვიათად ასეთი აზრიც გვხვდება – ‘წაეთრიონ და დავინდობთ.’
რა თქმა უნდა, მათაც აქვთ არგუმენტები, ვისაც კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება სურს. როგორც წესი, არგუმენტები იაფფასიანი, უხამსი პათეტიკითაა შენიღბული. ‘მოწინააღმდეგის განადგურება’ და ‘ტერიტორიების გათავისუფლება’ – ‘ასი ადამიანის მოკვლისა’ და ‘სახლების დაწვის’ ნაცვლად. ამ ლექსიკას საზღვრის ორივე მხარეს ერთნაირად იყენებენ. ასეთი არგუმენტები ყოველთვის უბრალო პოსტულატამდე დადის – გარკვეული რაოდენობის ადამიანი უნდა დაიხვრიტოს, დაიწვას, სიკვდილით დაისაჯოს, ან აფეთქდეს ა)სხვა, ასევე უდანაშაულო, გარდაცვლილების სახელზე; ბ)ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად და გ) იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო გვიყვარს.
იქნებ, ვინმემ გააპროტრსტოს ჩემი ნათქვამი და თქვას, რომ ჩვენს ლტოლვილებს სახლებში დაბრუნება უნდათ. დიახ, უნდათ, მაგრამ ტახტზე და სამზარეულოში მიწის პრაქტიკული ღირებულება, როგორც წესი, მოტივების სიაში მეათეხარისხოვანი ხოლმე.
მთავარია აბსტრაქტული იდეები, მახსოვრობა, სამართლიანობა და სამშობლოს სიყვარული.
მახსოვრობა, როგორც ჩანს, ერთგვარი რუდიმენტია – საგვარეულო შურისძიების თავისებური გადმონაშთი. გამოდის, რომ თუ ორი ხალხი ერთმანეთს მტრობს, მათ ერთმანეთი სრულ განადგურებამდე უნდა ხოცონ, პრინციპით ‘თვალი თვალის წილ’. კონფლიქტის დროს ორივე მხარეს საკმაოდ ბევრი ცხედარი დაგროვდა. რამხელა შესაძლებლობებია! უკმაყოფილო ხართ სოციალური გარემოთი, ხელისუფლების პოლიტიკით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, უმუშევრობით, მაგრამ პროტესტის ღიად გამოხატვის გეშინიათ? არაუშავს, ეს დაგროვილი აგრესია ‘იმ არამზადებისა და მკვლელების’ მიმართ გამოთქმულ მრისხანე შეძახილებად ამოხეთქავს. არასდროს გინახავთ თქვენი თანამოსაუბრე? არაფერია – ყველანი ერთნაირები არიან!
ისტორიული სამართლიანობა საერთოდ სასაცილო ფასეულობაა. სახელმწიფოების საზღვრები და ქვეყნების სახელები ათასწლეულების განმავლობაში იცვლებოდა, იმპერიები იქმნებოდა და ინგრეოდა, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნია, რომ ისტორიული პრეცედენტის გამო, მათი ქვეყნის საზღვრები გაცილებით უფრო ფართო უნდს იყოს, ვიდრე ახლაა. როგორ უნდა განხორციელდეს ეს პრაქტიკაში? არსებობს კი კანონი, რომელიც სომეხ მეცნიერს საშუალებას მისცემს, პლინიუსის ხელნაწერი წარადგინოს, და ამის პასუხად მას ‘ორ ზღვას შუა’ არსებულ ტერიტორიას მისცენ? როგორ გესახებათ?
რაც შეეხება სამშობლოს სიყვარულს, ეს ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე იაფფასიანი პოსტულატია, და ყველაზე პოპულარულიც. ყველას გვიყვარს სამშობლო და ეს გრძნობა თავისთავადია. ამის შესახებ სკოლაში ლექსებს ვკითხულობდით და სიმღერებს ვმღეროდით. სულ ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ აკეთებს ამას უკეთ და ვინ უფრო წარმატებულია ამ საკითხში. მაგრამ რა არის ქვეყნის სიყვარული? ფრონტზე წასვლის სურვილი და მზადყოფნა; ის, რომ მოკლა, ან მოკვდე? ცრემლები ჰიმნის მოსმენისას? მდუმარე თამხმობა ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება? თუ რაიმე სხვა?
მაშინ ასეთი სურათი წარმოიდგინეთ – ტახტზე წევხართ, მაგრამ მაინც გიყვართ სამშობლო. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ სისხლი, ნაწლავები და იმ ადამიანების გვამები, რომლებსაც თქვენსავით უყვარდათ სამშობლო, ან მათ უთხრეს, რომ უნდა ჰყვარებოდათ. თქვენ ხომ ყოველთვის ამბობდით და წერდით, რომ სამშობლოს სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს და თქვენ ამისთვის მზად ხართ? ნუთუ თქვენი სიყვარული მსხვერპლად მხოლოდ გვამებს იღებს? სხვანაირად ვერ მოიმადლიერებთ?
დღეს ფრონტის ხაზზე სიჩუმემ დაისადგურა, სამზარეულოებსა და ტახტებზე კი – გაწბილებამ. ბოლო 4 დღეა, ჩემმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ უგულო და უგრძნობი ადამიანი ვარ, რომელსაც არაფერი გააჩნია წმინდა. სრულიად ვეთანხმები ამ აზრს. ალბათ სწორედ ამიტომ მიხარია, რომ ამაღამ ყარაბაღში არავის მოკლავენ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.