ყარაბაღი: სად არის სტატუს-კვო
კონფლიქტის ზონაში არსებულ მოვლენათა მიმოხილვა 2-დან 3 მაისამდე
ინფორმაცია ერევნიდან
დადასტურებული წყაროების ცნობათა შეჯამება
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ გამყოფ ზოლზე აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა იკრიბება და აღინიშნება აქტიური გადაადგილებები.
სომხეთში ამ მდგომარეობას აზერბაიჯანის მხრიდან აქტიური სამხედრო მოქმედებებისათვის მზადების ახალ ეტაპად აფასებენ.
მედიაში ხშირად მოჰყავთ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბადიანის ფრაზა, რომელიც მან ფინელ კოლეგასთან, ტიმო სოინისთან შეხვედრაზე წარმოთქვა: ‘გამყოფი ზოლის მთელ გაყოლებაზე აზერბაიჯანის მძიმე სამხედრო ტექნიკა და ჯარები კონცენტრირდება, მძაფრდება მათი სამხედრო რიტორიკაც. ბაქო ცდილობს, ახალ სამხედრო იერიშს ჩაუყაროს საფუძველი. დიდი ხანია, დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და აზერბაიჯანს წესრიგისკენ მოუწოდოს.’
ედვარდ ნალბანდიანმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ სომხური მხარე ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების განსაახლებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლების წინადადებები უნდა შესრულდეს. კერძოდ, ამ შემთხვევაში იგულისხმება:
• გამყოფ ზოლზე მომხდარი ინციდენტების გამოძიება;
• 1994-1995 წლების სამმხრივი უვადო სამშვიდობო მოლაპარაკებების უპირობო შესრულების გარანტირება;
მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგიანმაც განაცხადა მოლაპარაკებების განახლების სამი პირობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთია ზავის დარღვევის შემთხვევების გამოძიების მექანიზმების შემუშავება. ორი დანარჩენი პირობა კი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მიმართვის გაკეთებასა და აზერბაიჯანისგან აგრესიის არგანმეორების გარანტიის მიღებას გულისხმობს.
‘სომხეთისათვის გონივრული არ არის მოლაპარაკების დაწყება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების გარეშე, რადგან ახლანდელი სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია… ვიდრე ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვიქნებით, სამხედროები კონფლიქტის მოგვარებას საბრძოლო მოქმედებებით შეეცდებიან.’
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2-3 მაისის ღამეს აზერბაიჯანმა ყარაბაღთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ისროდნენ სხვადასხვა კალიბრის მქონე ცეცხლსაასროლი იარაღიდან და 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან.
იმავე წყაროს თანახმად, წინა დღეს, 2 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფაქტობრივად აღარ ირღვეოდა,
სომხურ მედიაში განიხილება მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის განცხადება, რომელშიც სახალხო დამცველმა აზერბაიჯანის მხრიდან სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევებს, აზერბაიჯანული სამხედრო ობიექტების დასახლებულ პუნქტებში განთავსებასა და მათ სამიზნედ გამოყენებას სამართლებრივი შეფასება მისცა. ‘ამდენად, აზერბაიჯანი ვერ ასრულებს საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულებას,’ – განაცხადა ომბუდსმენმა.
სომხურმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს აზერბაიჯანის იმ დასახლებული პუნქტების ფოტოები, სადაც, გავრცელებული ცნობების თანახმად, არტილერია და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული და საიდანაც ‘ძირითადად ღამით, საარტილერიო ცეცხლს უხსნიან სომხურ პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს.’
პოპულარულია, აგრეთვე, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ციტატაც, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის ჯარების მეთაურები ‘მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგსუკან იმალებიან და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ.’
სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერი, ლევონ ტერპ-პეტროსიანი ყარაბაღში ჩავიდა, სადაც მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტს, ბაკო სააკიანს შეხვდა.
თითქმის 10 წელია, რაც ლევონ ტერ-პეტროსიანი ყარაბაღში არ ყოფილა. ბოლოს ამ რეგიონს იგი 2007 წელს, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებამდე ეწვია.
სოციალური ქსელების მიმოხილვა
პირველი ტრენდი: ომი არ დასრულებულა/ დროა, ვაღიაროთ ყარაბაღი
‘სხვა გზა არ გვაქვს – ან ერთად დავმარცხდებით, ან გავიმარჯვებთ. სტრატეგიებისა და ტაქტიკების დრო არ არის. ეს ომი არასდროს დამთავრდება. ასეთია აზერბაიჯანის სტრატეგია. მათ ბევრი რესურსი აქვთ და კიდევ დიდხანს შეუძლიათ სროლა. მათ აინტერესებთ, რამდენ ხანს გაძლებს სომხეთი.’
‘თუ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები კიდევ ერთხელ დაიწყებენ აქტიურ სამხედრო მოქმედებებს, სომხეთმა მაშინვე უნდა აღიაროს არწახი და შეიერთოს. ყური აღარ უნდა ვათხოვოთ სამშვიდობო მოწოდებებს, ვიდრე აზერბაიჯანის ახლანდელი პოზიციის სიღრმეში ახალ ბუფერულ ზონას არ შევქმნით.’
მეორე ტრენდი: აზერბაიჯანი დამნაშავეების გმირებად წარმოჩენას აგრძელებს. ‘საფაროვის სინდრომი’
ფეისბუკის სომეხი მომხმარებლები აზიარებდნენ გმირად შერაცხული ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერის ფოტოს, რომელმაც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მოსამსახურეს, კიარამ სლოიანს აპრილის დასაწყისში,უშუალოდ სამხედრო მანევრების დაწყებამდე მოჰკვეთა თავი.
მესამე ტრენდი: გმირები არიან ჯარისკაცები. ნურავინ შეეცდება, მათი დიდება მიითვისოს.
‘ვისთანაც გსურთ, იმასთან იცრუეთ, მაგრამ არა ჯარისკაცებთან. ვისაც გინდათ, წაუკითხეთ პატრიოტული ტექტსები, მაგრამ სამშობლოს სიყვარულზე ზღაპრებს ნუ მოუყვებით. ამ სიტყვის არმიაში წარმოთქმა უნდა აიკრძალოს. დაივიწყეთ ისინი, ვინც ბაქოში ჩაის სვამდა. ნუ წერთ მათზე. აქ ნამდვილი ომია გაჩაღებული და აქ ნამდვილი ჯარისკაცები იბრძვიან, რომლებიც საკუთარ თავზე არაფერს ამბობენ.’
‘როდესაც ვინმე ამბობს – მოდი, წინ წავიდეთ, დავიპყროთ, ხელში ჩავიგდოთო… მზად თუ არის, რომ სახლში 18-20 წლის მკვდარი ახალგაზრდა მიუსვენონ? ან ფრონტზე წავიდეს და დაიღუპოს?’
‘მხოლოდ მოწინავე ხაზზე მდგომმა ბიჭებმა უნდა განსაზღვრონ,საჭიროა თუ არა იერიში. მათ ამის უფლება მოიპოვეს.’
მეოთხე ტრენდი: აზერბაიჯანში ანტისომხური ისტერიკა გრძელდება
‘ანტისომხური განწყობა იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანელები საკუთარ საზოგადოებაშივე ეძებენ სომხებს. ეძებენ, პოულობენ, და ვერ პოულობენ. იგონებენ – და ყველას, ვისი ბოღმაც აქვთ, სომხებად სახავენ.’
მეხუთე ტენდენცია: საჭიროა თუ არა ცენზურა ომის დროს
‘ცენზურა ვერ იმოქმედებს მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებებზე, რომლებიც წინასწარი განზრახვით ავრცელებენ ცრუ ცნობებს, მაგრამ სამაგიეროდ ცენზურის შემოღება ცუდად აისახება მშვიდობიან დროს ობიექტური ინფორმაციის მიღების საქმეში, კერძოდ – არჩევნებისას.’
მეექვსე ტრენდი: ყარაბაღელი სამხედროები აიძულეს, გაჩერებულიყვნენ.
‘უკვე მეორედ გადაარჩინა რუსეთმა აზერბაიჯანი და ტარტარის მისადგომებთან გაგვაჩერა. აქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა არამხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში, არამედ აპრილის დასაწყისშიც. ამ მიმართულებით აზერბაიჯანელი სამხედროები ტერორისტებივით იქცეოდნენ. ისინი უსწორდებოდნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ, რომ იმ მომენტში, როდესაც პანიკაში მყოფმა აზერბაიჯანელებმა უკან დაიხიეს, ჩვენები გაურკვეველი მიზეზით შეაჩერა ვიღაცამ.’
ექსპერტების შეფასება
აიკაზნ გარგიანი Lragir.am-ის მთავარი რედაქტორი:
‘აპრილის ომმა სიტუაცია შეცვალა… ოთხდღიანმა ომმა არამხოლოდ ორ საზავო ხელშეკრულებას, არამედ შუამავლების მიერ შემოთავაზებულ ყველა წინადადებას დუკარგა აზრი.
ახლა ადეკვატური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ახლად შექმნილი ვითარების შესაძლო ნეგატიური შედეგების ნეიტრალიზაცია მოხდეს, და მეორე მხრივ – გაძლიერდეს სომხური პოზიციები ახალი დიპლომატიისთვის.
არსებობს ასევე სხვა შესაძლებლობაც – მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ნაბიჯს ხელისუფლება ჯერჯერობით ‘მარაგად’ ინახავს. ის, რომ აღიარება მძლავრი ბერკეტია, ოთხდღიანი ომის დროსაც დადასტურდა. სომხეთი ახალ პოლიტიკას ამზადებს.’
სტრატეგიული კვლევების ფრანგული ცენტრის ექსპერტი, კაიც მინასიანი:
‘ზოგი მოსაზრების მიხედვით, ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზები არ არსებობს. მე ვეთანხმები ამ აზრს. სომხური ინტერესებიდან გამომდინარე, ყარაბაღი დამოუკიდებელი უნდა გახდეს და სომხეთს უნდა მიუერთდეს.
საერთაშორისო საზოოგადოებას არ სურს ყარაბაღის პრობლემის პრიორიტეტულ საკითხად განხილვა, რადგან ამ კონფლიქტის მოგვარების საშუალება არ არსებობს. ეს დაახლოებით ისეთივე პრობლემაა, როგორიც ტაივანისა და იერუსალიმის შემთხვევები. საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება სტატუსკვო. უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს – სირია, უკრაინა, ერაყი, ეკონომიკური კრიზისი.
მაგრამ… თანათავმჯდომარეების 24 წლის მუშაობის შედეგია მადრიდის პრინციპები და შედეგიც დავინახეთ ოთხდღიანი ომის სახით. ანუ ამ ვარიანტს ნელ-ნელა მივყავართ ომისკენ.
თუკი სომხეთი ყარაბაღს აღიარებს, შესაძლოა, მას ზოგიერთმა ქვეყანამ მიჰბაძოს და მაშინ აზერბაიჯანი ომს დაიწყებს.
ომის დაწყების ალბათობა ორივე შემთხვევაში დიდია. და რა უფრო სწორი იქნება – ომამდე ყარაბაღის აღიარების გარეშე მისვლა, თუ აღიარებით? დაჩოქილი, თუ წელგამართული?’
ინფორმაცია ბაქოდან
შეჯამება დადასტურებული წყაროებიდან
3 მაისის დილას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ დღე-ღამეში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 116-ჯეწრ დაარღვია.
წინა დღეს პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ტერტერის, აგდამისა და ბარდინის რაიონებში მდებარე სამხედრო ნაწილები მოინახულეს. პრეზიდენტი სამხედრო ნაწილებში არსებულ პირობებს გაეცნო, ჩაიბარა თავდაცვის მინისტრის, ზაჰირ ჰასანოვის ანგარიში და სამხედრო პირების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცეცხლის რეჟიმის შეწყვეტის მიუხედავად, შეხეის ზოლში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.
მედიაში 26-28 აპრილის მოვლენების განხილვას განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ფრონტისპირა სოფლები (ძირითადად აგდამის, ტერტერის, აღდერისა და ფიზულის მიმართულებით ინტენსიურად იბომბებოდა.
მედიასაშუალებებში ორი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საუბრობენ. ერთი მათგანია ფამილ მუსტაფაევი მეორე კი ალი ჰუსეინოვი. დაჭრილია შვიდი ადამიანი.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეო და ფოტორეპორტაჟების მიხედვით ირკვევა, რომ ფრონტისპირა სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები და ფერმები. თუკი დღემდე ფრონტისპირა სოფლები ცუდად იღებდნენ ჩასულ ჟურნალისტებს, ახლა, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები ხელისუფლების სრული ნებართვით, ჭურვებით დანგრეულ სახლებს ათვალიერებენ.
„სერჟ სარგსიანმა მოლაპარაკების განახლებისთვის 3 პირობა წამოაყენა. პირობების დაყენებით პრობლემა ვერ მოგვარდება, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა 29 აპრილს. – სომხეთში სერიოზული განხილვა მიმდინარეობს. ყველა ხვდება, რომ სტატუსკვო მიუღებელია და მისი შენარჩუნება ვერც მოლაპარაკებების დაწყებაში დაგვეხმარება, და ვერც მშვიდობის დამყარებაში.არ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება რაიმე პირობებით. თუკი ერევანში თვლიან, რომ პირობების წამოყენებით პროცესის გაწელვას შეძლებენ, მაშინ მათი მიდგომა ერთობ პრიმიტიული ხასიათისაა’.
ელმარ მამედიაროვმა ისიც აღნიშნა, რომ „რუსეთი კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების ინიციატივით გამოდის“. ამასთან მან რუსეთის მიერ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ქმედებები აისბერგს შეადარა, რომლის ქვედა ნაწილის არ ჩანს.
სოციალური ქსელების მიმოხილვა
პირველი ტენდენცია: ჯავიდ იმამვერდიევი – ხალხის მტერი?
კინოსტუდია „იადდაშის“ დირექტორმა, ცნობილმა „კავეენშიკმა“ („მანსაკანელმა“) ჯავიდ იმამვერდიევმა „ფეისბუკში“ დაწერა კომენტარი, რომელშიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს მშვიდობისკენ მოუწოდა.
«შემთხვევით შევესწარი დისკუსიას და გავოგნდი, როგორი გააფთრებით ასხამენ ტალახს სომხები აზერბაიჯანელებს, რომლებიც, თავის მხრივ, სომხებზე ამბობენ აუგს, – წერს იმამვერდიევი. – მეგობრებო, საკმარისი არაა? უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთში გენოციდი მოხდა, გვახსოვს ხოჯალის შემთხვევა, სუმგაითის ამბები და ჩვენი ისტორიის სხვა საშინელი მომენტები. ეს უნდა ვაღიაროთ, ერთმანეთს უნდა მივუსამძიმროთ და პატიება ვთხოვოთ. დიდი ხანია, ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ, ზოგიერთი ჩვენი მეგობრის ძარღვებში როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული სისხლი ჩქეფს. საზღვარგარეთ მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები ისევ ერთად ეწევიან ბიზნესსაქმიანობას. ნუ ასწავლით ბავშვებს სიძულვილს. ისევ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც საუკუნეების განმავლობაში. მშვიდობითა და ურთიერთგაგებით », -წერს იმამვერდიევი
ამის შემდეგ ეს თემა რამდენიმე დღის მანძილზე აქტუალურობას არ კარგავდა. ამ კამპანიის ხელმძღვანელად საინფორმაციო რესურსი haqqin.az იქცა.
«და რატომ უნდა ინანიებდნენ აზერბაიჯანელები? ხოჯალისთან შედარებით სუმგაითი ბავშვების ცელქობაა».
«არ გამიკვირდება, თუკი ასეთი ადამიანები ხვალ იტყვიან, რომ ყარაბაღი ჭეშმარიტად სომხური მიწაა».
დამაინც, ავტოების მცირე რაოდენობა იმამვერდიევს დაეთანხმა.
“სიძულვილი დამანგრეველია… არ მინდა, რომ ბავშვობიდან ვინმეს სიძულვილს ვასწავლიდეთ ადამიანებს“.
მეორე ტენდენცია: უნდა ვუპასუხოთ
სოციალური ქსელების მომხმარებლები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ფრონტისპირა სოფლები იბომბება და ვერ ხვდებიან, რატომ ვერ ახერხებს აზერბაიჯანის არმია მტრის გაჩუმებას.
«არ უნდა გავჩერებულიყავით, ბოლომდე უნდა გვერტყა!’.
‘ისინი ყველა არხსა და ვებგვერდზე იმას წერენ, რომ ვითომ მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება. ამავდროულად, დაუღალავად ამბობენ, თითოეული ჩვენგანი მთიანი ყარაბაღის მცხოვრებია და დანარჩენი დაკავებული ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი ბუფერულ ზონას წარმოადგენს და მასზე სამხედრო პოზიციების გარდა არაფერიაო. და ეს მაშინ, როცა ჩვენი სოფლები და ქალაქები პირდაპირ ცეცხლის ხაზზე მდებარეობს’.
ექსპერტთა შეფასებები
ილგარ ველიზადე, პოლიტოლოგი:
“ახლა უკვე ნათელი ეფინება რუსი მინისტრის ერევანში ვიზიტის დეტალებს. როგორც ჩანს, ლავროვმა სომხებს მოუწოდა, 5 რაიონი მაინც გაეთავისუფლებინათ. და იმ შემთხვევაში, თუკი ერევნის დარწმუნებას მოახერხებდა, ჩამოვიდოდა ბაქოში იმისთვის, რომ ამის სანაცვლოდ უსაფრთხოებისა და ძალის გამოუყენებლობის გარანტია მიეღო. მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ სომხეთი სხვა გზას ირჩევს, რითაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობას გამოხატავს და დასავლეთს უგზავნის შეტყობინებას, რომ თითქოს სომხეთი დამოუკიდებელი რეგიონული მოთამაშეა. სარგსიანი შეეცდება, განამტკიცოს ეს კურსი, რაც კრემლში არა უბრალოდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, არამედ, შესაძლოა, სომხეთის მიმართ მკაცრი ნაბიჯებიც კი გადაიდგას’.
აზერ რაშიდოღლუ, პოლიტოლოგი:
‘ბაქო კრემლის სამშვიდობო გეგმას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი აზერბაიჯანი რუსეთის ფორპოსტი გახდება.
მოსკოვის მიზნები ნათელია და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გახსნასა და ამ ტერიტორიაზე სამშვიდობოების სახით რუსული ჯარების განთავსებაში გამოიხატება
ამ პირობების მიღება, ფაქტობრივად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რათა აზერბაიჯანზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს.
საქმე ისაა, რომ ზესახელმწიფოებმა რეგიონში გავლენის სფეროები ჯერ კიდევ ვერ გადაინაწილეს. სწორედ ესაა სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი მშვიდობის დამყარების პროცესში.
ამასთან, რუსეთს მძლავრი სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა ჰყავს რეგიონში – როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე სომხეთში. რეგიონში ამ წარმომადგენლობის საპირწონე აქტივებით ვერც აშშ დაიკვეხნის, და ვერც ევროპა. და დასავლეთს აზერბაიჯანში არ ჰყავს სამხედრო ძალები იმისთვის, რომ სიტუაცია აკონტროლოს.
სწორედ ამიტომ შეუძლია რუსეთს, მართოს პროცესები. იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გაუჩნდება, რომ კიდევ გაამძაფროს კონფლიქტი -ყარაბაღში ისევ დაიღვრება სისხლი’.
JAMnews-ის დოსიე:
- 2016 წლის 2 აპრილს, პირველად 1994 წლის ზავის დადების შემდეგ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, შეხების ზოლში სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა. 6 აპრილს ბაქოსა და სტეფანაკერტის თავდაცვიოს სამინისტროებმა საზოგადოებას განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დადეს.
- ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციის პერიოდში აზერბაიჯანის მხრიდან 31 სამხედრო პირი დაიღუპა. ამასთან, სამხედრო კვლევების ცენტს „ხაზარის“ მონაცემებით გარდაცვლილია 93 ადამიანი. „მეიტან ტივიმ“ დაღუპულების თავისი სია გამოაქვეყნა, რომელშიც 87 ადამიანია შესული.
- ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 92 სამხედრო პირი დაიღუპა.
- ინფორმაცია, რომელსაც კონფლიქტის მონაწილეთა ოფიციალური წყაროები ავრცელებენ, ურთიერთგამომრიცხავია და არ იძლევა საშუალებას მივიღოთ პასუხი შეკითხვაზე, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ვინ მოახდინა რეაგირება. ამ შეკითხვაზე პასუხს ჯერჯერობით ვერც საერთაშორისო წყაროები იძლევიან.
- აზერბაიჯანსა და სომხეთ სშორის მთიანი ყარანბაღისათვის სამხედრო კონფლიქტი 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დეფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკად იქცა, რომელსაცსუვერენულისახელმწიფოები (მ.შ. სომხეთიც) არაღიარებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა დამის მიმდებარე ტერიტორიებს (რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ ომის დროს დაიკავა) ოკუპირებულ ზონად თვლის და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
- ეუთოს მინსკის ჯგუფი ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას ხელმძღვანელობს. ის 1992 წელს დაარსდა. 2016 წლის დასაწყისის მდგომარეობით ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან იგორ პოპოვი (რუსეთის ფედერაცია), პიერ ანდრე (საფრანგეთი) 2014 წლის ივნისიდან და ჯეიმზ უორლიკი (აშშ) 2013 წლის 6 აგვისტოდან. მინსკის ჯგუფში შედიან ბელარუსი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, თურქეთიმ სომხეთი და აზერბაიჯანი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა 03.05.2016