ყარაბაღული დღიური: 2:12 აპრილი
როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყო ყარაბაღში, მე და ჩემი კოლეგები ფრონტისპირა სოფლებისკენ გავეშურეთ. სამი დღის განმავლობაში ბევრი რამ ვნახეთ და გადავიტანეთ. ასე რომ ჩემ მიერ ‘ცხელ კვალზე’ დაწერილი და ფეისბუკში გამოქვეყნებული გზავნილებისგან ეს პატარა დღიური გამოვიდა. დანამდვილებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა – იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც თავად არიან საფრთხის ქვეშ და ჭურვების ხმის გამო ვერ იძინებენ, ძალიან განსხვავდება იმ ადამიანების შთაბეჭდილებებისგან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს დედაქალაქიდან ადევნებს ადევნებს თვალყურს.
აგდამის რაიონი
02.04
აგდამის რაიონში საღამოს ცხრა საათზე ჩავედით. სოფელ გუზანლიში, რომელიც რაიონულ ცენტრად ითვლება (მას შემდეგ, რაც სომხურმა ძალებმა 1993 წელს ქალაქი აგდამი აიღეს), დიდი აურზაური იდგა. ადამიანები ქუჩებში ჯგუფებად იკრიბებოდნენ და ომს განიხილავდნენ – იმას, თუ რომელი რაიონები გათავისუფლდა, რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა, როგორი ჭურვები ჩამოვარდა და როგორ ეხმარებიან რუსები სომხებს ომის წარმართვაში. მაგალითად, შეიძლებოდა, გაგეგონათ ფრაზა ‘სომხური არმია გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან იმართება.’
სოციალურ ქსელებში არმიის წარმატების შესახებ ცნობები სწრაფად ვრცელდებოდა და, ან სიხარულს იწვევდა, ან კი იმედგაცრუებას – თუკი ეს ცნობები ვერ დასტურდებოდა. ფრონტისპირა სოფლებიდან მოსახლეობის გასვლის ამბავი ბაქოში მიწების დაკარგვად აღიქვეს. აგდამში სავსებით ლოგიკურად გვეჩვენებოდა ის, რომ ხალხი საკუთარ კარ-მიდამოს დროებით ტოვებდეს, როდესაც ომია, მძიმე არტილერია გამოიყენება და არავის აქვს იმის გარანტია, რომ მის სახლს ჭურვი ნაცრის გროვად არ აქცევს.
აგდამის რაიონის სოფელ ბანოვშელიში დარჩენილი მოხუცები და ახალგაზრდები პროდუქტების მაღაზიის წინ შეიკრიბნენ. ზოგიერთი ალკოჰოლით ცდილობდა შიშისა და შფოთვის გაქარვებას, მაგრამ გაცილებით მეტი იყო მათი რიცხვი, ვინც არ სვამდა და იმ მამაკაცებს ამუნათებდა, რომლებმაც სოფელი დატოვეს.
აგდამის რაიონმა საკმაოდ ცივად მიგვიღო. როგორც კი დავასრულეთ გადაღებები, დაგვაკავა პოლიციამ, რომელიც რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, რაგუბ მამედოვის მითითებით მოქმედებდა. ძალოვანებმა რაიონის ოლიმპიურ კომპლექსში მიგვიყვანეს, სადაც თავად რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იმყოფებოდა.
გზაში პოლიციის მანქანაში ჩემთან ერთად მჯდომმა რაიონულმა ჩინოვნიკმა მთხოვა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის კითხვებზე პასუხად მეთქვა, რომ გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მომცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ინიციატივით დავუკავებივართ.
‘აქ უნებართვოდ იმყოფებით. აკრედიტაცია არ გაქვთ. შესაძლოა, თქვენი ქმედებებით სამხედრო ოპერაციებს ჩრდილი მიაყენოთ,’ – აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა. ისე ლაპარაკობდა, როგორც ნამდვილ ‘სისტემის თანამშრომელს’ შეეფერებოდა.
მგზავრობით დაღლილებს მასთან კამათის თავი აღარ გვქონდა, და თან მასალებიც უკვე გადაგზავნილი იყო. მივხვდით, რომ ამის შემდეგ გადაღების უფლებას აღარ მოგვცემდნენ.
იმ ღამით აგდამის ოლიმპიური კომპლექსის ერთ-ერთ ნაკლებად მყუდრო ოთახში გაგვაჩერეს, მეორე დღეს კი რაიონი დავტოვეთ.
ფიზულის რაიონი
03.04
3 აპრილს ფიზულისკენ გავეშურეთ. ამ რაიონის ნაწილს სომეხი სამხედროები აკონტროლებენ და ამიტომ გამყოფი ზოლი მას ორად აცალკევებს. აგდამისგან განსხვავებით, ამ რაიონს არმია აკონტროლებდა. ყურადღება მიიპყრო უახლესმა სამხედრო ტექნიკამ, სამხედრო პირების სახეებზე აღბეჭდილმა გაბედულებამ და ზუსტად განსაზღვრულმა, კარგად აწყობილმა მუშაობამ მშვიდობიან მოქალაქეებთან. სოფლებში, სადაც ჩვენ ვიყავით, თავს ომის ეპიცენტრში აღიქვამდნენ. ‘გრადების’ ხმებმა ჩვენც გვაგრძნობინა სამხედრო მოქმედებების სიახლოვე.
ფიზულის მოსახლეობა კამერის წინ ბევრად უფრო თავისუფლად იქცეოდა. ეს ადამიანები, აგდამელებთან შედარებით, ბევრად უფრო ღიად, გულწრფელად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. რაიონის ხელისუფლება გადაღებაში საერთოდ არ გვიშლიდა ხელს.
საღამოს გადავწყვიტეთ, ისევ აგდამის რაიონში დავბრუნებულიყავით.
აგდამის რაიონი
03.04 – 04.04
ამჯერად სომხური პოზიციის პირისპირ მდებარე სოფელში ჩავედით. იმ სახლის პატრონმა, რომელშიც ღამის გასათენებლად გავჩერდით, უსაფრთხოებისთვის თავისი მცირეწლოვანი შვილები მინგეჩავირში გახიზნა.
მასპინძლის ნაამბობით, მის მეზობელს აფეთქებებით შეშინებული თავისი გოგონასთვის დასამშვიდებლად უთქვამს, რომ სინამდვილეში ცაში ბუშტები სკდებოდა და საშიში არაფერი იყო; გოგონას გაჰკვირვებია, – რა ცუდი ხალხია, მათ ადგილას ამდენ ბუშტს არ გავხეთქავდი, ადამიანებს დავურიგებდიო.
დაბინდებისთანავე ჭურვების ხმა უფრო ინტენსიური და საზარელი გახდა. თუმცა, ისე ძალიან დავიღალეთ, რომ ძილმა შიში დაჯაბნა. დაცემული ჭურვები სახლს აზანზარებდა და ჩვენც გაგვეღვიძა. რამინმა, ჩემმა კოლეგამ, დაიჩივლა, – ამ ხმაურში ვერ ვიძინებო. მისმა ნათქვამმა გაგვამხიარულა. აფეთქებები არ გვაშინებდა. სიმართლე გითხრათ, მშვიდად ვიყავი – პირველად მჯეროდა ჩვენი არმიის ასე ძლიერ. როდესაც რიცხვების დასახელება დაიწყეს და გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რამდენი სიცოცხლე მიჰქონდა იმ ხმაურს.
ბაქო
07.04. – 12.04
ბაქოში დაბრუნებისას ჰოსპიტალებს მივაშურე დაჭრილი ჯარისკაცების მოსანახულებლად. ყველაზე მეტად იმ სამხედროებთან მინდოდა ურთიერთობა, ვისიც იმ ღამით ასე ძალიან გვჯეროდა.
აქ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს შევხვდი – მხიარულებს, რომლებიც ნატყვიარ და ჭურვის ნამსხვრევებით მიღებულ ჭრილობებს არაფრად აგდებდნენ, და მათ გვერდით მწოლიარე მსუბუქად დაშავებულ ბიჭებს, რომლებიც გაუცხოებული გამომეტყველებით ერთ წერტილს უყურებდნენ. საინტერესო იყო, რაზე ფიქრობდნენ. მე მათ ადგილას ალბათ ჩემს პირველ ომზე ვიფიქრებდი, სიკვდილზე, რომელიც ასე ახლოს მოვიდა, იმაზე, რომ, ჭრილობის მიუხედავად, ცოცხალი გადავრჩი, და იმ სისხლიან სხეულებზე, რომელიც გარშემო იყო.
ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში ერთ დაჭრილ ჯარისკაცს ვკითხე: ‘თანამოსამსახურეებთან თუ გაქვს ურთიერთობა?’ მისმა პასუხმა გამაოგნა: ‘ცოცხლად დარჩენილებთან?’
მეორედ, როდესაც იმავე ჰოსპიტალში სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად მივედით სამხედროების მოსანახულებლად, ერთმა ოფიცერმა იხუმრა: ‘მეც გარინჩასავით ვითამაშებ (გარინჩა ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო. ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა – ავტ.შენ.). ერთი სული მქვს, გამოვჯანმრთელდე, ფეხზე დავდგე და ჩემს თანამოსამსახურეებს ვაჩვენო, რა არის ფრენბურთი.’ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ ნებისყოფიანი და მამაცი ოფიცრისთვის ფეხი მოუკვეთავთ.
ერთი ჯარისკაცი გამუდმებით იღიმებოდა. როდესაც პალატაში შემოსული ქალს თვალზე ცრემლი შენიშნა, თქვა,- მტირალები ჩემს პალატაში ნუ შემოხვალთო. სულ იმ ამბავს ჰყვებოდა, თუ როგორ გადაარჩინა მეთაურმა ბრძოლის ველზე. საერთოდ კი, ჯარისკაცებთან საუბრისას გაირკვა, რომ ამ ხანმოკლე ომში ყველაზე მეტი გმირობა სწორედ ოფიცრობამ გამოავლინა.
ჰოსპიტალში შემთხვევით გადავეყარე სახალხო არტისტ მალეიქა ასადოვას – ჯარისკაცების დედებს ესაუბრებოდა და ამხნევებდა. და ეს არ იყო კამერების წინ თამაში, რადგან იქ საერთოდ არ იყო კამერები.
ყველა ფოტო თავად ავტორმა გადაიღო აგდამის რაიონში.
სადაი გულიევს პატარა ცხვრის ფარა ჰყავს. დღეს მისმა ერთ-ერთმა ცხვარმა კიდევ ერთი კრავი მოიგო
წყალი აქ არტეზიული ჭებიდან ამოაქვთ
სოფლის მცხოვრები უგულებელყოფს არტილერიის ხმაურს და ცხვრებს მწყემსავს
საშუალო სკოლა. იმ დღეს გაკვეთილები არ ჩატარდა
• აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო დაწყებული დაპირისპირება 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დეფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, რომელსაც მსოფლიოს სუვერენული სახელმწიფოები (მ.შ. სომხეთი) არ აღიარებენ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს (რომლებიც ომის დროის დაიკავეს სომხებმა) საკუთარ მიწებად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას ითხოვს.
• 2016 წელს კონფლიქტის ესკალაცია 2 აპრილიდან 5 აპრილამდე გრძელდებოდა. 5 აპრილს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ სროლები მცირე მასშტაბით მაინც გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
•. ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტის მონაწილეების ოფიციალური წყაროები ავრცელებდნენ, ურთიერთგამომრიცხავი იყო და არ იძლეოდა იმის გარკვევის საშუალებას, თუ ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ვინ უპასუხა მტრის მიერ გახსნილ ცეცხლს. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ტერმინოლოგიასა და პოზიციებს გამოხატავს და, შესაძლოა, რედაქციის დამოკიდებულებას არ გამოხატავდეს.