ჟურნალისტური გამოძიება: რუსული კომპანიები ინგლისელი მეკობრეების გამოცდილებას იმეორებენ" />

რუსეთის ბიზნეს-ინტერესები სირიაში

ჟურნალისტური გამოძიება: რუსული კომპანიები ინგლისელი მეკობრეების გამოცდილებას იმეორებენ

ფოტო: Facebook  ნავთობისა და მინერალური რესურსების საინისტრო  სირიაში 

გაირკვა, რომ ბრიტანელი მონარქების პრაქტიკას, რომლებიც სამეკობრეო საქმიანობაზე ლიცენზიებს გასცემდნენ, ოცდამეერთე საუკუნის რუსეთში გამგრძელებლები გამოუჩნდნენ. ამის შესახებ წერს რუსული გაზეთი „ფონტანკა“, რომელმაც სირიაში რუსეთის ბიზნეს-ინტერესებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.   

სირია – ბრძოლისა და ბიზნესის ველი

ეს ისტორია დაიწყო 2016 წლის დეკემბერში, როდესაც სირიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მინისტრი მოსკოვში  რუსულ კომპანიებთან რამდენიმე ხელშეკრულების დასადებად ჩამოვიდა. ამ შეთანხმებათა შინაარსი სენსაციურია.

ნათქვამია, რომ რუსული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, ბაშარ ასადის მთავრობის სასარგებლოდ გაათავისუფლონ სირიის ის ტერიტორია, სადაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებია განლაგებული. სანაცვლოდ, ისინი იქ მოპოვებული ნახშირწყალბადების ღირებულებიდან 25- პროცენტიან წილს მიიღებენ. ამავდროულად, მათ საკუთრივ საბრძოლო მოქმედებების საფასურს ცალკე გადაუხდიან.

მოქმედი პირები

ვინ აპირებს სირიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებისთვის ბრძოლას, შემდეგ კი გამარჯვების ნაყოფის მომკას? როგორც ჩანს, საკმაოდ თვალსაჩინო კომპანიები.

კონტრაქტებს ხელი მოეწერა კომპანია „ევრო პოლისთან“, რომელიც ერთ ადამიანს, სახელად ევგენი პრიგოჟინს, ეკუთვნის. მას ჟურნალისტები  მეტსახელით უფრო იცნობენ – „კრემლის მზარეული“.

პრიგოჟინმა ეს იმით დაიმსახურა, რომ მისი კუთვნილი კომპანიები რუსეთის ძალოვანი უწყებებისთვის პროდუქტების მოწოდების გიგანტურ ბაზრზე, პრაქტიკულად, მონოპოლისტები არიან. გარდა ამისა, ისინი სახელმწიფოს პირველი პირების მონაწილეობით გამართულ ყველა ღონისძიებასაც ემსახურებიან.

მაგრამ ევგენი პრიგოჟინის ბიზნეს-ინტერესები ამით არ ამოიწურება. ის კიდევ იმით არის ცნობილი, რომ „ტროლების ფაბრიკის“- ინტერნეტ-ხულიგნების მფლობელია, რომელიც ქსელში რუსი ოპოზიციონერების დაშინებასა და შეურაცხყოფას ეწევა, და ასევე დეზინფორმაციასა და შეთითხნილ სიახლებს ავრცელებს.

გარდა ამისა, მას ეკუთვნის საინფორმაციო ჰოლდინგი, რომელსაც 36-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

რუსეთის მხრიდან სირიასთან შეთანხმებების კიდევ ერთი მონაწილე არის – კომპანია „სტროიტრანსგაზი“. ის ეკუთვნის გენადი ტიმჩენკოს, პუტინის დიდი ხნის ნაცნობს, და КГБ-ს დროინდელ თანამშრომელს.

შემსრულებლები

მაგრამ არც „ევრო პლუსი“ და არც „სტროიტრანსგაზი“ არ არის სამხედრო სტრუქტურა. მათ არანაირი ტერიტორიების გათავისუფლების ძალა არ შესწევთ, რაგინდ დიდ შემოსავალსაც არ უნდა უქადდეთ ეს მათ.

ვინ ითავა ყოჩობა?

აქ სცენაზე ჩნდება ფრიად საგულისხმო სტრუქტურა სახელად „ლოკალური ომებისა და სამხედრო კონფლიქტების ვეტრანთა ინტერესების დაცვის ლიგა“. ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები ისევ იმ ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების სამსახურში მსახურობენ. ამავდროულად, ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან სხვა სტრუქტურას, რომელიც „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ სახელით არის ცნობილი.

“ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“ – არაფორმალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც დონბასში (ნოვოროსიის მხარეს)  და სირიაში (ასადის ხელისუფლების მხარეს) საბრძოლო მოქმედებებშიიღებდა მონაწილეობას. „ვაგნერის კომპანიის“ მოსამსახურეებს არავითარი კავშირი არ აქვთ რუსეთის ფედერაციის არცერთ ძალოვან სტრუქტურასთან, თუმცა სამხედრო დამსახურებებისთვის სახელმწიფო სამხედრო ჯილდოები მიღებული აქვთ.

თანამედროვე ისტორიაში ამ მოვლენებისთვის ანალოგი ძნელად მოიძებნება, – წერს „ფონტანკა“, მაგრამ რაღაც ამგვარი ბოლო დროს 16-17 საუკუნის ინგლისში შეინიშნებოდა. იქ ხელისუფლება კანონიერი მეკობრეობის ლიცენზიებს გასცემდა მათზე, ვინც  მხოლოდ ესპანეთის – დიდი ბრიტანეთის მთავარი მოწინააღმდეგის – დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქურდავდა.


ასევე წაიკითხეთ