საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, სვანეთი კავკასიურ შვეიცარიად ექცია. რა გამოვიდა აქედან?" />

როგორ იცვლებოდა სვანეთი

საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, სვანეთი კავკასიურ შვეიცარიად ექცია. რა გამოვიდა აქედან?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წელს, ათი თვის ჯამური მონაცემებით, საქართველოს 5,406,188 საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.1%-ით მეტია. წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობა მატულობს.

საქართველოს ხელისუფლება ტურიზმს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად აცხადებს. სვანეთი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

თუმცა, ყოველთვის ასე იყო. JAMnews-ის ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ იცვლებოდა წლიდან წლამდე საქართველოს ეს კუთხე.

თუ სვანეთში წასვლა გადაწყვიტეთ, იმ გზის გავლა მოგიწევთ, რა გზასაც თითქმის ყველა ზღაპრის თავმოყვარე გმირი გადის – ცხრა ზღვა და ცხრა მთა უნდა გაიაროთ.

დედაქალაქიდან აქ მიკრო-ავტობუსები გადიან და თბილისთან ახლოს მდებარე ნატახტრის აეროდრომიდანაც თვითმფრინავები დაფრინავენ. შეგიძლიათ ზუგდიდამდე მატარებლითაც გაემგზავროთ, იქიდან კი სვანეთამდე ორი საათიღა უნდა მანქანით.

ბევრი ტურისტი ასეც იქცევა. რატომაც არა, თუ დანიშნულების წერტილამდე კიდევ ერთ უცხო ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი. ზუგდიდში თუ ზურგჩანთიან ადამიანს დაინახავთ ე.ი. უეჭველი მთისკენ აქვს გეზი.

საქართველოს ეს მთიანი რეგიონი რუსეთსა და ასევე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს ესაზღვრება.

მე და დათომაც (ვიდეო-ოპერატორი) სვანეთისკენ წასასვლელად ეს გზა ავირჩიეთ. ზუგდიდში შევხვდით ერთმანეთს და მისი მანქანით მთებზე  გველივით შემოხვეულ გზას გავუყევით. ხედები ისეთია, სუნთქვა გეკვრის. შუა საუკუნეში ქვისგან ამოყვანილი სვანური კოშკები მთებში ისე ჩასობილან, როგორც ხის ჩხირები ალაფურშეტის მდირულად გაწყობილ მაგიდაზე.

პირველი სვანური სოფელი, ხაიში, ზუგდიდან 70 კილომეტრში გხვდება.

ზურგჩანთიანი ტურისტი გზაში არ დაგვინახავს, თუმცა ხაიშის შესასვლელში, ხიდთან, შემოდგომის აჭრელებული ტყეების ფონზე ორი წითელპომადიანი გოგონა შეგვხვდა. ისინი გზის პირას ისხდნენ,  გვერდზე ბუკლეტებასხმული სტენდი მოედგათ.

ერთ-ერთი ბუკლეტის სათაური ასე ჟღერდა: “სად არის ღვთის სამეფო?”

“მგონი აქ, სვანეთში”, – გულში გავიფიქრე ჩემთვის, ირგვლივ გადაშლილი წარმოუდგენელი ხედების შემყურემ.

“ესენი იეღოვას მოწმეები არიან. სამეგრელოში და სვანეთში ბევრი იეღოველია”, – მიხსნის დათო, რომელიც ზუგდიდელია და აქაურობასაც ჩემზე უკეთ იცნობს.

მესტია: კრიმინალური ქრონიკიდან თანამედროვე კურორტამდე

მესტიამდე რომ ჩავაღწიეთ, უკვე საღამოვდებოდა. მკრთალად განათებულ ნისლში მხოლოდ რამდენიმე აჩქარებულნაბიჯიანი ტურისტს მოვკარით თვალი, რომლებმაც თავი თბილად განათებულ სასტუმროს შეაფარეს.

ჩვენც მათ მივბაძეთ და დაბნელებამდე რომ მოგვესწრო, პირველივე შემხვედრ სასტუმროში დავბინავდით.

ფართო ეზოში ოთხიოდე წლის ბავშვი შემოგვეგება, რომელიც ენაწყლიანი მოსაუბრე გამოდგა:

“დილით დედას ბაღში მივყავარ. იქ ვთამაშობ. მერე უკან მოვყავარ სახლში. ზოგჯერ ვტირი,” – მოგვიყვა ის თავის ცოტა დღის წესრიგს.

მხოლოდ მეორე დღეს გავიგეთ, რომ სასტუმრო, სადაც ღამე გავატარეთ, ლამის ისტორიული ყოფილა – წლების წინ, როდესაც სვანეთში მხოლოდ თავზეხელაღებული ტურისტები თუ ბედავდნენ ამოსვლას, ამ  სასტუმროს ადგილას პირველი გესთჰაუსი ყოფილა.

ახლა სასტუმრო “სვანეთს” 21 ნომერი აქვს. ეზოში სამშენებლო სამუშაოებია – საუნას აკეთებენ.

დილის გარბენიდან სამი უკრაინელი გოგონა დაბრუნდა. საუზმეზე ინდოელ წყვილსაც მოვკარით თვალი.

“საქმეს არ ვუჩივით. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის”, – გვეუბნება ნინო ჯაფარიძე, სასტუმროს მეპატრონე.

ამ სასტუმროს ისტორია, რომელსაც ნინო გვიყვება, ძალიან ჰგავს იმ გზას, რომელიც ბოლო ათწლეულებში სვანეთმა გაიარა, ვიდრე კრიმინალური ბუდიდან ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად გადაიქცეოდა.

ნინო ჰყვება, რომ ბიზნესი 1998 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც სვანეთი ქართულ საინფორმაციო საშუალებებში მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკაში ხვდებოდა. “სვანეთის გზაზე ავტობუსი დააყაჩაღეს”; “სვანეთში ბიზნესმენი გაიტაცეს”; “კრიმინალურმა ავტორიტეტმა სვანეთის მთებს შეაფარა თავი” – ეს 90-იანი წლების ქართული პრესის ჰედლაინებია.  

 “სასტუმროს შენება, რომ დავიწყეთ, თავიდან დაგვცინოდნენ და როგორც გიჟებს, ისე გვიყურებდნენ. წარმოშობით მესტიიდან ვარ, სკოლა აქ დავამთავრე და შემდეგ თბილისში გადავედით. ბნელი და საშიში წლები იყო, მაგრამ უკვე მაშინ ვხვდებოდით, რომ დრო შეიცვლებოდა და ტურიზმის განვითარებისთვის აქ დიდი პოტენციალი იყო; თანაც, თბილისში სამსახურიც არ გვქონდა,” – იხსენებს ნინო. 

ნინოს სასტუმროს მშენებლობის პროცესი წლები გაგრძელდა. სასტუმროს რეინვესტიციით აშენებდნენ. მერე გაფართოება გადაწყვიტეს და ბანკს მიადგნენ:

“ბანკში გაკვირვებულები გვიყურებდნენ, როდესაც სასტუმროს მშენებლობისთვის სესხს ვითხოვდით. თანაც სად? მესტიაში! ჩვენს ცხვირწინ  ყველა ბანკის კარი ცივად იხურებოდა”.

ნინომ პირველი სესხის აღება მხოლოდ 2007 წელს მოახერხა. ტურისტების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა, ახალი გეგმები და პერსპექტივებიც გაჩნდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ბევრი რადიკალური რეფორმა წამოიწყო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული და საპოლიციო იყო.

იმ პერიოდში დღე არ გავიდოდა, საინფორმაციო საშუალებებში ბორკილებდადებული რომელიმე ბიზნესმენი ან ჩინოვნიკი არ ეჩვენებინათ, რომელიც შევარდნაძის  ეპოქაში ეკონომიკას აკონტროლებდა; ან რომელიმე საშუალო ან დაბალი რგოლის სახელმწიფო მოხელე არ დაეპატიმრებინათ, რომელმაც ქრთამი აიღო. პირდაპირ ეთერში აკავებდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც.

2004 წლის ზაფხულში დაწყებულმა საპოლიციო რეფორმამ ქუჩაში დატოვა 13 ათასამდე ავტოინსპექციის თანამშრომელი. მათი ადგილი კონკურსით შერჩეულმა ახალგაზრდა კადრებმა დაიკავეს. შეიცვალა საბაჟო სამსახური, გაჩნდა იუსტიციის სახლები, სადაც პასპორტის თუ ნებისმიერი სხვა საბუთის აღება ქრთამის გადახდის გარეშე, ძალიან მოკლე დროში და კომფორტულად შეიძლებოდა.

ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ეკონომიკის გამოცოცხლებას. 2006 წელს ქვეყნის ბიუჯეტი, 2003 წელთან შედარებით, 8-ჯერ გაიზარდა, პირდაპირმა უხცოურმა ინვესტიციებმა კი, 2007 წელს 2 მილიარდს გადააჭარბა.

შემდეგ იყო ომი.

როდესაც 2008 წლის აგვისტოში, გაგანია ტურისტული სეზონის დროს, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო, ცხინვალიდან 400 კილომეტრში – მესტიაში, ნინოს სასტუმრო გადავსებული იყო ტურისტებით. დაჯავშნილი იყო შემდეგი რამდენიმე კვირაც. 

იმ წელს სეზონი ჩავარდა. ან ვის ეტურისტებოდა.

“გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. გვეგონა, რომ ისევ დავბრუნდებოდით იმ ბნელ ეპოქაში, რომლისგანაც ძლივს დავაღწიეთ თავი,” – იხსენებენ სვანეთში.

ომის შემდეგ ტურისტებისა და ინვესტიციების ნაკადმა საქართველოში მართლაც იკლო, თუმცა ბევრი პრობლემის მიუხედავად, ბნელ ეპოქაში ქვეყანა მაინც არ დაბრუნდა.

2010 წელს მესტიაში სტუმრობისას სააკაშვილმა პირობა დადო, რომ სულ მალე სვანეთს კავკასიის შვეიცარიად გადააქცევდა. სვანეთში სათხილამურო ტრასების მშენებლობა დაიწყო, ამავე წელს გაიხსნა ახალი აეროპორტი. რაც მთავარია, ამავე პერიოდში აღდგა ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაც, რომელიც პირველად 1950 წელს დაიგო და მას მერე არავის შეუკეთებია. დაიწყო აგრესიული სარეკლამო კამპანია – სვანეთზე იღებდნენ საიმიჯო კლიპებს და ტურისტებს ეპატიჟებოდნენ.

სხვადასხვა ისტორული პერსონაჟით მდიდარ სვანურ ფოლკლორში ადგილი მოეძებნა სააკაშვილსაც – მესტიის ცენტრიდან აეროპორტისკენ მიმავალ ხიდს აქ “მიშას ხიდს” ეძახიან.

ნახევარი მილიონი ტურისტი, როგორც ამას სააკაშვილი ვარაუდობდა, სვანეთს ჯერ არ ჰყავს და შვეიცარიამდეც ბევრი უკლია.  

სვანეთის შესახებ გადაღებული გაპრიალებული კლიპების მიღმა ბევრი პრობლემა იმალება  – ადამიანებს აქ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. განსაკუთრებით რთული ზამთრის პერიოდია, როდესაც ჩამოთოვს და გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩაიკეტება.

 სვანები ჩივიან, რომ ლამაზი ბუნება კარგთან ერთად, ცუდ საქმესაც აკეთებს:

“აქ ჟურნალისტები იმიტომ ჩამოდიან, რომ ლამაზი ბუნება გადაიღონ და ტურისტებს დაელაპარაკონ, ჩვენთვის არავის სცხელა,” – ამბობენ სვანეთში. 

ნინო ამბობს, რომ სვანეთში, ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ადგილობრივებს მენტალური და ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაც უწევთ.

“სტუმრთმოყვარე ოჯახში გავიზარდე, ზაფხულს აქ ვატარებდი და აქაურობა ბაბუაჩემის და მამაჩემის მეგობრებით იყოს სავსე. როცა სასტუმროს ბიზნესი დავიწყე, თავდაპირველად ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის სტუმრისთვის ფულის გამორთმევა. ასევე გამიჭირდა მიმტანის და დამლაგებლის როლში ყოფნა, რაც ასევე მიწევდა. თავიდან ესეც რთულად გადასალახი იყო ჩემთვის, საბჭოთა მენტალობის პროფესიით ექიმისთვის,” – ჰყვება ნინო, რომელიც ახლა არათუ თაკილობს სტუმრების მომსახურებას, არამედ სულ იმაზე ფიქრობს, როგორ შეუქმნას მათ კომფორტი.

“რძის გადასამუშავებელი საწარმოს გახსნა მინდა. მინდა, რომ ჩემს სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით გავუმასპინძლდე,” – ამბობს ის.

სექტემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში სვანეთში სტუმრობისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სვანეთში მალე ლენტეხი–მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ. გვირაბი აშენდება, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის.

უკვე მიმდინარეობს ამ გზის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები, – აღნიშნა პრემიერმა, – ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც. შედეგად, სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და, რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს“.

აქ თამარი ცხენს აბამდა

მესტიაში უზარმაზარი ძაღლები გვხვდებიან. კეთილები კი არიან, მაგრამ თუ მაინცდამაინც ძალიან გეშინიათ, შეგიძლიათ წარმოთქვათ შელოცვა – “აქ თამარმა გაიარა” და ძაღლი არ მოგეკარებათ.

თამარი ვინმე თავზეხელაღებული ადგილობრივი ამორძალი არ გეგონოთ, რომლის დანახვაზეც ძაღლებს ელეთ-მელეთი მოსდით. ის საქართველოს ქალი-მეფეა, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში მეფობდა. თუმცა, სვანეთში ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ საუკუნეებსა და ეპოქებს შორის ზღვარი წაშლილია და ისტორიულ პერსონაჟებზე ხშირად ისე ლაპარაკობენ, როგორც კარის მეზობლებზე.

თუ ისტორია გაინტერესებთ, ეს ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდეთ. აქ თავს იყრის ყველაფერი – ძველი, ქვით ნაგები კოშკები, შუა საუკუნეების ტრადიციები, წარმართული ადათ წესები და ქრისტიანული სალოცავები.

ზემო სვანეთი, რომელიც 1996 წელს იუნსეკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, ერთი დიდი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, აქ ჩამოსული ტურისტები კი იმ ჰოლივუდური კომედიის გმირს ემსგავსებიან, ვის გარშემოც ექსპონანტები ცოცხლდებიან. 

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, მოგიყვებიან, რომ ჩვ.წ.აღ. მესამე ათასწლეულში სვანეთში იყო მაღაროები, სადაც სპილენძს და რკინას მოიპოვებდნენ. არგონავტების მითიც სვანეთთანაა დაკავშირებული. აქაურ მდინარეებს  ოქრო ჩამოჰქონდა და ოქროს მოპოვების ის მეთოდი, რომელიც სტრაბონს აქვს აღწერილი , მხოლოდ სვანეთში გვხვდება. 

მესტიაში კიდევ ერთი მუზეუმია, რომელსაც ცოლ-ქმარი მარგიანები უძღვებიან. აქ შენარჩუნებულია ის გარემო, რომელშიც საუკუნეების წინ სვანები ცხოვრობდნენ.

მუზეუმის გიდი უკრაინელი ქალია – ლარისა მარგიანი. ის რუსულად ლაპარაკობს და გატაცებით ჰყვება, როგორ ცხოვრობდნენ ძველი სვანები. ლარისა გვაჩვენებს, სად იჯდა უხუცესი, რომლის სიტყვასაც თემში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდ; გვიხსნის, რომ ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მბრუნავი ბორჯღალო მოუხელთებელი და შეუჩერებელი დროის სიმბოლოა; გვაჩვენებს სარდაფში მოწყობილ დილეგს, სადაც დამნაშავეებს აგდებდნენ; ჰყვება სისხლის აღების წესზე.

“ცოტა კი აფრთხობთ ტურისტებს ის, რასაც ვუყვები, განსაკუთრებით, სისხლის აღების ტრადიცია… მაგრამ მე რომ საღსა და უვნებლეს მიყურებენ, მშვიდდებიან,” –  იცინის ლარისა.

სასაუბრო თემებს ისე ცვლის, ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია მისი პირადი ისტორია და რომელი სამუზეუმო ექსპონატებთან დაკავშირებული ამბავი.

“მე სიყვარულით გავთხოვდი.  თავდაპირველად  რუსეთში ვცხოვრობდით, ჩემი ქმარი მურადი აქაურ წესებზე რომ მიყვებოდა, ეს ცოტას მაფრთხობდა კიდეც. თავიდან გამიჭირდა აქ ცხოვრება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ აქ ჩემი სახლია”, – ამბობს ის და თავისი სამი შვილის ფოტოს გვაჩვენებს.   

ლარისამ და მურადმა წელს საკუთარი სასტუმროც გახსნეს. აქ ყველა ნომერი სხვადასხვა ფრადაა შეღებილი –  იისფერი, მწვანე, ლურჯი… გვერდზე კაფეა ვერანდით, სადაც ტრადიციული სვანური კერძებით გაგიმასპინძლდებიან. 

მზარეულ ქალს სვანურ სამზარეულოზე ვეკითხები. დაღლილი ჩანს. წუხელ თითქმის არ მიძინია, მეზობელს ქორწილში ვეხმარებოდიო, მეუბნება.

სვანურ კერძს – ქნაშს კანაფისგან აკეთებდა ბებიაჩემი. კანაფის თავაკებს დანაყავდა და ხარშავდა. მერე კი სანელებლებით შეაზავებდა და დააგუნდავებდა. სატირალისთვის ამზადებდნენ ძირითადად. ბებიაჩემი სიკვდილის წინ სულ იწყევლებოდა, იმან არ გაიხარა, ვინც ეს მცენარე აკრძალაო. სიმინდებში რგავდა, რომ არ ეპოვნათ“. 

თავგადასავლების მოყვარულები

ტურიზმის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელს, დათო ხერგიანს ვეკითხები, ვინ არის  ტურისტი, რომელიც სვანეთში ჩამოდის.

“ის ახალგაზრდაა, ზურგზე უზარმაზარი  ზურგჩანთა აქვს მოკიდებული. უყვარს ფეხით სიარული, ექსტრიმი, მძაფრი შთაბეჭდილელები და აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა,” –  მპასუხობს ის.

დათო, თბილისელია, პროფესიით ტურ-ოპერატორი. რამდენიმე წელია, რაც ქალაქურ ცხოვრებაზე უარი თქვა და  ოჯახთან ერთად სვანეთში გადმოსახლდა.

ამბობს, რომ წელს სტუმრები რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან იყვნენ. ბოლო დროს ხშირად ჩამოდიან პოლონეთიდანაც:

“ცოტა ხნის წინ ამერიკელი ბიჭები იყვნენ, ჰაიკერები. მათ აქვთ ორგანიზაცია – ტრანსკავკასიური მაგისტრალი. მთელ კავკასიაში 3000 კმ აქვთ მონიშნული რუკაზე, 20-მდე დაცული ტერიტორია სამი თვის განმავლობაში უნდა გაიარონ. მაგარი ბიჭები არიან”.

სვანეთში ყველაზე პოპულარული მარშუტია მესტია-უშგული. ამბობენ, რომ უშგული ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ეს სოფელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.

ის, რომ სვანეთი ამ ეტაპზე მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა მიმზიდველი, ეს ბევრ პრობლემაზე მიუთითებს, ამბობს დათო.

“ასაკოვანი ხალხი აქ ჩამოსვლისგან თავს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სერვისი უკეთესი უნდა გვქონდეს. ასაკოვანი ხალხს მეტი კომფორტი სჭირდება, ფულსაც მეტს ხარჯავენ, ამიტომ მათი მოზიდვა აუცილებელია,” – ფიქრობს ის.

სამთო ტურიზმის ალგორითმის სვანური ვერსია ბოლომდე დასრულებული არ არის – ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახლა იქმნება. ერთადერთი საბაგირო ჯერჯერობით ჰაწვალის მთაზე ფუნქციონირებს. აქვეა სამი სათხილამურო ტრასაა. ზათმრის სეზონისთვის, წესით, კიდევ ოთხი საბაგირო უნდა ამუშავდეს.   

სათხილამურო ტურიზმის გარდა, სვანეთი ალპინისტებისთვისაც სამოთხეა. აქ არის უშბა – იდუმალებით მოცული ოთხთავიანი მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 4700 მეტრია. უშბას ქართველი მთამსვლელები დღემდე ალპინისტობის საზომად მიიჩნევენ. მის ციცაბო კალთებზე არაერთ გამოცდილ ალპინისტს დაუსრულებია სიცოცხლე. სირთულის მიხედვით, უშბას უმაღლესი მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული.

სვანეთში ახლა უშბას “მორჯულებაზე”  და მის უფრო ფართო მიზნებისთვის გამოყენებაზეც ფიქრობენ.

უშბის პლატო იდეალურია, აქ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება სრიალი. წარმოიდგინეთ – აგვისტოში უშბაზე ისრიალებთ და მერე აქვე, ყურის ძირში, ანაკლიაში ზღვაზე გაირუჯებით… ადრეც იყო ასეთი გეგმა უშბასთან დაკავშირებით. სასტუმრო უნდა აშენებულიყო, რომელსაც ვერტმფრენი მოემსახურებოდა. ტურისტები ისრიალებდნენ და 20 წუთში ზღვაზე ჩავიდოდნენ. ახლაც შეიძლება ამის გაკეთება,” – ამბობს მალხაზ უდესიანი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.

მალხაზი, ისევე როგორც ნინო ჯაფარიძე და დავით ხერგიანი,  თბილისიდან სვანეთში გადასახლდა. მამა-პაპისეული სახლი სასტუმროდ გადააკეთა. აქ თითქმის მთელი წელი სეზონიაო, – ამბობს. მისი სასტუმრო “ჩუბუ” პირველივე წელს ზაფხულში მოგებაზე წავიდა.

“ახლა 50-ე ადგილზე ვართ საქართველოში, ოქროს გადამხდელებში. “მერიოტის” გვერდით მოგვიხსენიებენ. გაფართოებასაც ვაპირებთ,” – ამაყობს მალხაზი.

კაფე ლეილა

კაფე “ლეილა” მესტიის ცენტრშია. საღამოს აქ დასაჯდომ ადგილს ვერ ნახავ. უმეტესობა ტურისტია.

ერთი მაგიდას თინეიჯერი მოცეკვავეები იკავებენ, რომელებსაც კონცერტი ჰქონდათ მესტიაში, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე.

რამდენიმე ტურისტს ვაკვირდები. მინდა, მათი აზრი მოვისმინო. ტომასი და რენატა უნგრეთიდან ჩამოვიდნენ; სულ ორი დღეა, საქართველოში არიან.

“გაგვიმართლა, აქ რომ მოვხვდით. დღეს მნიშვნელოვანი საღამოა ჩვენთვის – ხვალ უშგულში ვაპირებთ წასვლას და ვემზადებით შთაბეჭდილებებისთვის”…

ჩემს ყურადღებას ორი შუახნის მამაკაცი იქცევს. ერთი მეორეს ინგლისურად ელაპარაკება, მეორე – რუსულად პასუხობს. ზოგჯერ სათქმელს პანტომიმის საშუალებით განასახიერებენ. ინგლისურად მოლაპარაკე მამაკაცი ხმამაღლა აგრძელებს: “ორი წელია, ამ რეგიონში ვმუშაობ, ყველაფერი მომწონს: სტუმართმოყვარეობა, საჭმელი, ღვინო, ადამიანები, დამოკიდებულება, ტრადიციები… ყველაფერი ერთის გარდა – ტრანსპორტი არის კატასტროფა”.

მეორე მამაკაცი – ბატონი ანატოლი, ანუ კოლია, რუსია, სვანეთში სამოგზაუროდ ჩამოვიდა:

“საქართველოში უკვე მეორედ ვარ. პირველად სამი წლის წინათ ვიყავი ყაზბეგში და მერე სამი წელი ვოცნებოდი სვანეთზე და, უკვე მეათე დღეა, აქ ვარ. აქ ყველაფერი მომწონს – ბუნება, ხალხი. ნამდვილი სამოთხეა”.

 მე მათთან ერთად წითელ ღვინოს ვსვამ, მადლობას ვუხდი და გარეთ თოვლში გამოვდივარ.  

 


ასევე წაიკითხეთ