ყარაბაღის ომის წლებში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ტრაგედია, თავისთავად, ჰოჯალი იყო" />

რა მოხდა ხოჯალიში: ნაწყვეტი თათულ ჰაკოფიანის წიგნიდან „ყარაბაღული დღიური: მწვანე და შავი“

ყარაბაღის ომის წლებში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ტრაგედია, თავისთავად, ჰოჯალი იყო

1994 წლის იანვარში რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი კარაულოვმა გადაცემა „მომენტ ისტინის“ მორიგ სტუმარს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, რობერტ ქოჩარიანს ხოჯალიში მომხდარი ამბების შესახებ დაუსვა  შეკითხვა. აი, რა თქვა ქოჩარიანმა:

“ამ ტრაგედიას სხვა უბედურებებთან ერთად განვიხილავ, რომლებიც, მასშტაბურობით, ალბათ, ხოჯალის ინციდენტსაც კი აღემატება. ვგულისხმობ სუმგაიტის შემთხვევას, ბაქოში მომხდარ დარბევებს, 28 სომხური სოფლიდან სომხების იძულებით დეპორტაციასა და სომხურ სოფელ მარაგას ტრაგედიას”.

“ხოჯალი სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ჩემი აზრით, მხარეებს დასახლებული პუნქტები სამხედრო მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ.  მაგრამ სწორედ ეს მოხდა ხოჯალიში. დასახლების საზღვრებში აზერბაიჯანელებმა ოთხი ქვემეხი და ზალპური ცეცხლის სისტემა „გრადი“ განათავსეს. ამ საბრძოლო საშუალებებით ისინი განუწყვეტლივ ბომბავდნენ სტეფანაკერტს. ხოჯალიში მართლაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა და ამ დასპირისპირების დროს მართლაც დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა”.

როდესაც სერჟ სარგსიანს სთხოვეს, ხოჯალის ამბები მოეყოლა, მან ფრთხილად აღნიშნა:

„ჩვენი აზრით, უკეთესი იქნება, თუკი ამ საკითხზე ხმამაღლა არ ვისაუბრებთ“. დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით სარგსიანმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა „ხელოვნურადაა გაზრდილი“, ამასთან, უკან დახევისას აზერბაიჯანელები სომხებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ.  „მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი. ხოჯალის შემთხვევამდე აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ სომხები მშვიდობიან მოქალაქეებზე ხელს ვერ აღმართავდნენ.  ჩვენ ეს [სტერეოპტიპი] დავანგრიეთ. აი, რა მოხდა. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ  მეომრებს შორის მრავლად იყვნენ ის ბიჭებიც, რომლებსაც თავის დროზე სუმგაითიდან და ბაქოდან გამოქცევა მოუწიათ”.

ომის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საველე მეთაური სამველ ბაბაიანი ასეთ ისტორიას იხსენებს:

“ხოჯალის ოპერაციის დროს მე  აგდამიდან დაწყებული იერიშის მოგერიება და მდინარის კალაპოტის გასწვრივ ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა მევალებოდა. ეს დერეფანი იმისთვის შეიქმნა,  რომ (ხოჯალის) მოსახლეობას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონოდა.  მე შევასრულე ის, რაც მევალებოდა. კორიდორი ღია იყო, მაგრამ უცებ რაღაც უცნაური მოხდა. აგდამის მხრიდან შემოგვიტიეს. მოსახლეობას ჩვენი პოზიციებიდან აგდამისკენ უნდა ემოძრავა. აგდამის მახლობლად მდგარ აზერბაიჯანელ სამხედროებს მოეჩვენათ, რომ სომხები მათკენ მიიწევდნენ, და  სროლა დაიწყეს. არ ვიცი, გამიზნულად მოიქცნენ ასე, თუ არა. სომხებს ხოჯალი არ დაურბევიათ.  საერთოდ ყოველთვის ვტოვებდით ხოლმე კორიდორს მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. სხვა შემთხვევაში, გზებს დავბლოკავდით და ქელბაჯარში 60 ათას ადამიანს მოვკლავდით, მაგრამ მოსახლეობისათვის იქაურობის დატოვების საშუალება რომ მიგვეცა, ოპერაცია რამდენიმე დღით გადავდეთ”.

სალმან აბასოვი, რომელმაც მაშინ ძლივს გამოაღწია ხოჯალიდან, მოგვიანებით  ამბობდა:

“ იმ ტრაგიკულ მოვლენებამდე სომხები რამდენიმე დღის მანძილზე გვაფრთხილებდნენ რადიოთი, რომ ქალაქზე შეტევის განხორციელებას აპირებდნენ და ხოჯალის დატოვებისკენ მოგვიწოდებდნენ.  ხოჯალის თავზე ვერტმფრენები დაფრინავდნენ, მაგრამ არ ვიცოდით, აღელვებდა თუ არა ვინმეს ჩვენი ბედი, აინტერესებდა თუ არა ვინმეს ჩვენი ავანჩავანი. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მიგვიღია დახმარება. მეტიც – ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დროულად გამოყვანა შეგვეძლო, მაგრამ  ამ განზრახვაზე ხელი აგვაღებინეს”.

ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტმა მუთალიბოვმა ჩეხ ჟურნალსტს, დანე მაზალოვას ინტერვიუ მისცა.

რას ფიქრობთ ხოჯალის მოვლენების შესახებ, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვეთ? ხოჯალიელების გვამები აგდამის მახლობლად  იპოვეს. მკვლელები მათ ჯერ ფეხებში ესროდნენ, რომ დევნილები შორს ვერ წასულიყვნენ, შემდეგ კი ნაჯახით კლავდნენ.  29 თებერვალს ჩემმა კოლეგებმა გადაიღეს ეს ცხედრები. 2 მარტს – მორიგი გადაღებისას – აღმოჩნდა, რომ 29 თებერვლის შემდეგ გვამებს სკალპირება ჩაუტარეს. რაღაც უცნაური თამაშია…

 გადარჩენილი ხოჯალიელები ამბობენ, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ თანამდებობა დამეტოვებინა. გარკვეული ძალები პრეზიდენტის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. არ მგონია, რომ სომხებს, რომლებიც მსგავს შემთხვევებში გონივრულად იქცევიან ხოლმე, აზერბაიჯანელებისათვის მათი სიმხეცის დამადასტურებელი საბუთების მიღების საშუალება მიეცათ. სავარაუდოდ, ვიღაცას სურდა, რომ ეს კადრები უმაღლესი საბჭოს სესიაზე ეჩვენებინა და ჩემს პერსონაზე მოეხდინა ფოკუსირება. ჩემ მიერ ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებად აღიქვამდნენ. მაგრამ მთლიანობაში ასეთი სურათი შეიქმნა: სომხებმა მართლაც დაუტოვეს კორიდორი მოსახლეობას. მათთვის სროლას აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, აგდამის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე. იმ პერიოდში აგდამში ჩვენი ჯარები იდგნენ და მათი რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხალხს დახმარებოდნენ. მოსახლეობა მაშინ უნდა გაეყვანათ, როდესაც ქალაქს ჯავშანტექნიკა მოადგა. ყოველთვის ასე იქცეოდნენ. შუშას შემთხვევაშიც იგივე განკარგულება გავეცი – მამაკაცები უნდა დაეტოვებინათ, ქალები და ბავშვები კი უნდა გამოეყვანათ. ესეც ომის კანონია. ობიექტურად და ერთმნიშვნელოვნად ვიქცეოდი, მაგრამ, რატომღაც, ხოჯალიში ჩემი განკარგულებები არ შეასრულეს”.

მოგვიანებით მუთალიბოვი აღნიშნავდა (მართალია, გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ მაინც), რომ სომხებმა მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისთვის შექმნილი კორიდორი დატოვეს.

“25 თებერვლის საღამოს მომხდარის შესახებ აწ გარდაცვლილმა ტოფიკ კერიმოვმა მაცნობა. მაშინ ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ზოგადი ფრაზებით აღმიწერა მომხდარი.  მითხრა, რომ საკუთრივ ხოჯალიში რამდენიმე ასეული ადამიანი დახვრიტეს. პირველ რიგში ყარაბაღის სახელმწიფოს მეთაურს, მავან მკრტიჩიანს (არტურ მკრტიჩიანს) დავურეკე. არ მყავდა ნანახი და არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გვარი ვიცოდი. აღშფოთებულმა შევძახე, – როგორ დახვრიტეთ თითქმის ათასი მშვიდობიანი მოქალაქე-მეთქი, მან კი ასეთი პასუხი გამცა: “რა სისულელეა!  ხოჯალიში არავინ დაგვიხვრეტია. კორიდორი დავტოვეთ და მოსახლეობამ იქაურობა დატოვა. ხოჯალიელების ნაწილი კი ჩვენთანაა,  პროფესიული ტექნიკუმის შენობაში იმყოფებიან. საჭმელს ვაჭმევთ – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვითონ არ გვყოფნის პროდუქტები”.

“არ დავუჯერე. არმენ ისაგულოვი ვიხმე ტელეფონთან. მაშინ ის ყარაბაღის მილიციას ხელმძღვანელობდა. მანაც აღნიშნა, რომ სომეხმა მებრძოლებმა მოსახლეობისთვის კორიდორი დატოვეს. ამიტომ, ინტერვიუს დროს განვაცხადე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიან მოსახლეობას კორიდორი  გამოუყვეს-მეთქი. არ ვამტკიცებდი, რომ კორიდორი არსებობდა. უბრალოდ, ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბარი ვახსენე. სხვათა შორის, უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ პირადად ელმან მამედოვმა იცოდა კორიდორის არსებობის შესახებ”.

27 თებერვალს ბაქოში გამოსული გაზეთები ორი დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ და მხოლოდ „სეხერში“ დაიბეჭდა მასალა, რომლის მიხედვითაც წინა ღამეს ასობით ადამიანი დაიღუპა.

ჟურნალისტი შამილ ალეკპერლი აღნიშნავს:

“თებერვალს აგდამში ვიმყოფებოდი. უკვე ძალიან გართულებული მდგომარეობა იყო ხოჯალიში. რამდენჯერმე შევეცადე, ქალაქში შემეღწია, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ გადავწყვიტე, თავდაცვის ბატალიონების მეთაურებს, შირინ მირზოევსა და ალაჰვერდი ბაგიროვს გავსაუბრებოდი (ორივე მათგანი დაიღუპა და გარდაცვალების შემდეგ ორივე მათგანს აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა). ბატალიონებში ამბობდნენ, რომ ხოჯალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას აპირებდნენ და ასკერანის რაიონის მიმართულებით დერეფანი იყო გახსნილი. მირჩიეს, რამდენიმე  დღე მომეცადა, მაგრამ, რატომღაც ხოჯალის ბლოკადის მოხსნა არავის უცდია. დღემდე არ ვიცი, რატომ არ ჩატარდა ეს ოპერაცია. ქალაქის საბჭოს შენობისკენ გავემართე, სადაც უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილის, თამერლან გარაევისა და ხოჯალის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ელმან მამედოვის სატელეფონო დიალოგს შევესწარი. გარაევი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ „შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“ და დღეს ან ხვალ „ერთად დავლევთ ჩაის ხოჯალიში”.  

ტრაგედიდან რამდენიმე დღეში ხოჯალის მერმა, ელმარ მამედოვმა აღიარა:

„ვიცოდით, რომ დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანისთვის იყო გამიზნული“.

უცნაურია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ქერიმოვმა მუთალიბოვს ტრაგედიის შესახებ 25 თებერვლის საღამოს აცნობა. გამოდის, რომ ცნობები იმის შესახებ, რომ ხოჯალიში მშვიდობიანი ადამიანები დაიხოცნენ ბაქოში მანამ ჩავიდა, ვიდრე ყარაბაღის ძალები იერიშს დაიწყებდნენ. დეზინფორმაციის წყარო არც შინაგან საქმეთა მინისტრ ქერიმოვს მოუძებნია, და არც უშიშროების მინისტრ ჰუსეინოვს. და გაუგებარია, როგორ მოახერხა მუთალიბოვმა 26 თებერვლის დილით სტეფანაკერტში დარეკვა და არტურ მკრტიჩიანთან და არმენ ისაგულოვთან საუბრისას ხოჯალიში მომხდარი მოვლენების  დეტალების დაზუსტება.

26 თებერვლის საღამოს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლებმა (რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ ხოჯალის დაკარგვა მუთალიბოვის გადაყენებას გამოიწვევდა) განაცხადეს, რომ “სომეხი ბოევიკების მიერ ხოჯალის მიმართულებით წამოწყებული იერიში მოგერიებულია და ქალაქს აზერბაიჯანის ძალები აკონტროლებენ”. მაგრამ ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო „სახალხო ფრონტის“ საინფორმაციო ცენტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ “აგდამში დაღუპული ხოჯალიელების გვამებით სავსე ორი სატვირთო მანქანა ჩავიდა”.

ხოჯალიში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები                                 

თებერვლის შუა რიცხვებში, ირანში გამგზავრების წინ, მუთალიბოვმა შუშიში მყოფ რაჰიმ გაზიევს სამშვიდობო შეთანხმების  პირობების დაცვა და სტეფანაკერტის დაბომბვისგან თავის შეკავება უბრძანა. მუთალიბოვი ირანში გაემგზავრა. რამდენიმე საათში  გაზიევმა სტეფანაკაერტის დაბომბვის ბრძანება გასცა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იბომბებოდა ის ტერიტორია, სადაც საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების 366-ე მოტომსროლელი პოლკი  იყო დისლოცირებული. პოლკის მეთაურის, ვიცეპოლკოვნიკ  იური ზარვიგაროვის მიერ მოსკოვში გაგზავნილი უამრავი პატაკი ცხადყოფს, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 „პოლკში, ისევე როგორც ქალაქში, სასმელი წყალი არ არის. ბინები, რომლებშიც ოფიცრები ცხოვრობენ, ყოველდღიურად იბომბება. პოლკის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად რიგითი კოვალიოვი და უმცროსი სერჟანტი ბურკოვეცკი დაიღუპნენ. ლეიტენანტ ზაბელინს კი ნამსხვრევით მიღებული ჭრილობის გამო ფეხი მოკვეთეს“.

გაზიევის ციტატა:

“16 თებერვალს ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, რომ ხოჯალიზე იერიში მზადდებოდა. მაგრამ შუშაში დისლოცირებულმა ჯარებმა შემოტევა „გრადის“ დანადგარებით მოიგერიეს.  25 თებერვალს მორიგად გვაცნობეს, რომ მოწინააღმდეგე ხოჯალის შტურმით აღებას შეეცადა. მაგრამ ხოჯალის მოსახლეობის დასახმარებლად და იერიშის მოსაგერიებლად საბრძოლო მასალები არ გვყოფნიდა. ნისლი იდგა და ამიტომ  „გრადს“ ვერ გამოვიყენებდით… მუთალიბოვს დავურეკე. პრეზიდენტმა მითხრა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ქერიმოვის განცხადებით, ხოჯალიში სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდებოდა. როგორც ვხვდები, ხოჯალიში მუთალიბოვს მახე დაუგეს”.

ხოჯალის ზუტად ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა სომხებისთვის, როგორიც – აზერბაიჯანელებისთვის. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა ყარაბაღის ერთადერთი აეროპორტი, და ეს იყო ერთადერთი გზა იყო, რომლითაც ბლოკირებული არცახი გარესამყაროს უკავშირდებოდა.

უფლებადამცველთა ცენტრ „მემორიალის“ ანგარიშში ნათქვამია:

“1988 წლიდან მოყოლებული, ხოჯალი არაერთხელ გამხდარა კონფლიქტების ეპიცენტრი. აზერბაიჯანის ხელისუფლება დასახლებაში ინტენსიურ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და აქ სომხეთიდან დევნილ აზერბაიჯანელებსა და თურქ მესხებს ასახლებდა, რაც რეგიონში დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის მიზანმიმართულ მცდელობად შეიძლება იქნას აღქმული.  1988  წლიდან 1991 წლამდე ხოჯალის მოსახლეობის რაოდენობა 2135 დან 6300-მდე  გაიზარდა. დასახლებამ ქალაქის სტატუსი მიიღო. იქვე დაიდო ბინა აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების მობილურმა რაზმმა, რომელიც 1990 წლიდან აეროპორტს აკონტროლებდა.  მრავალი დოკუმენტით დასტურდება ის, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები სომხური წარმოშობის მგზავრებისა და მფრინავების მიმართ ძალადობას იჩენდნენ და მათი ღირსების შემლახავ ქმედებებს სჩადიოდნენ”. 

ხოჯალის მხრიდან რეგულარულად იბომბებოდა სტეფანაკერტი და სხვა სომხური დასახლებები. ქალაქის დაკავების    გეგმა არკადი ტერ-თადევოსიანმა შეიმუშავა და მანვე განახორციელა.  ყარაბაღის სამხედრო ძალები ხოჯალიში ოთხი მხრიდან – ნორაგიუხიდან, მეკტიშენიდან, კიატუკიდან და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან – უნდა შესულიყვნენ. სომხური ქვედანაყოფების მეთაურები გააფრთხილეს, რომ მდინარე ყარყარის კალაპოტის გაყოლებაზე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორი უნდა დაეტოვებინათ.

“ ხოჯალის ოპერაციაში 447 სომეხი მებრძოლი მონაწილეობდა. სომხურმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ორი ჯავშანმანქანა და ქვემეხი. ხოჯალის ოპერაციის დროს ჩვენ რვა მებრძოლი მოგვიკვდა, მოწინააღმდეგეს კი – 23″, – წერს ტერ-თადევოსიანი.

ოპერაცია 25 თებერვლის ღამის 12 საათამდე მცირე ხნით ადრე დაიწყო, ანუ მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც მუთალიბოვმა გაიგო, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს. ხოჯალიში დაახლოებით 3000 ადამიანი რჩებოდა, ქალაქის დაცვითი ძალების ხელმძღვანელის, აეროპორტის სპეცრაზმის მეთაურის, ალიფ გაჯიევის ქვედანაყოფში დაახლოებით 160 მებრძოლი ირიცხებოდა.

სხვა აზერბაიჯანულ დასახლებებთან, კერძოდ კი მეზობლად მდებარე აგდამთან (რომელსაც „ეროვნული ფრონტის“ შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ)  კავშირს ხოჯალი  ვერტმფრენების საშუალებით ახორციელდებდა.  შტურმამდე უკანასკნელი რეისი 13 თებერვალს შესრულდა. გაზიევმა დაადასტურა, რომ 25 თებერვალს აგდამში T-72-ის მოდელის 12 ტანკი, ამდენიმე ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ БМ-21-ის ტიპის 4 დანადგარი, 40 ქვემეხი და 2500 ჯარისკაცი იდგა. აზერბაიჯანელ მეთაურებს შეეძლოთ, ეს ძალები ხოჯალისკენ გადაესროლათ  და ამ მანევრით ქალაქში დარჩენილ ძალებს დახმარებოდნენ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ.

ჩინგიზ მუსტაფაევის ვიდეომასალა

ყარაბაღის ომის წლებში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ტრაგედია, თავისთავად, ჰოჯალი იყო. არცერთ სხვა სამხედო ოპერაციას არ მოჰყოლია ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვებისა და ქალების, მსხვერპლი და ტანჯვა. დღემდე საკამათოდ რჩება ის, თუ რამდენი ადამიანი იყო მოკლული. კონკრეტულად, სად დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების  მიხედვით, ხოჯალის ტრაგიკულ ინციდენტს 485 ადამიანი ემსხვერპლა.  ამ სიაში შესულია ყველა, ვინც იმ დღეს დაიღუპა – მ.შ. ის ადამიანები, რომლებმაც ყინვას ვერ გაუძლეს და ჰიპოთერმიით გარდაიცვალნენ. 1992 წლის აპრილში გამოძიების საპარლამენტო ჯგუფის წევრმა, ნამიკ ალიევმა ორგანიზაცია „ჰელსინკი უოჩს“ განუცხადა, რომ აგდამში 213 ხოჯალიელია დაკრძალული. აიდინ რასულოვი ამტკიცებს, რომ სასამართლო ექსპერტიზაზე 300 გვამი გაიგზავნა. გაზეთ „ყარაბაღში“ აღნიშნული იყო, რომ ხოჯალიდან დევნილი ადამიანების დახმარების კომისიამ 476 დაღუპულის ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. 1992 წლის 27 თებერვალს აგდამის იმამმა ამერიკელ ჟურნალისტ თომას ჰოლცს აჩვენა სია, რომელშიც 477 გვარი იყო შეტანილი. იმავე წელს აზერბაიჯანულ გაზეთ „ორდუში“ გამოქვეყნდა სია, რომელშიც 636 მოკლული იყო დასახელებული.

აზერბაიჯანელმა ოპერატორმა აგდამის შემოგარენი პირველად 29 თებერვალს გადაიღო, მეორედ კი – 2 მარტს. რამდენიმე დღის შემდეგ მის მიერ გადაღებული კადრები აზერბაიჯანის პარლამენტის საგანგებო სესიაზე აჩვენეს. ამ მასალაზე ჩანს, რომ იმ ადგილს, სადაც გადაღება მიმდინარეობდა,  „ეროვნული ფრონტის“ ფორმირებები აკონტროლებდნენ. მუსტაფაევს უბრალოდ არ შეეძლო ყარაბაღული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გადაღება. იგი 15 ივნისს, სოფელ ნახიჩევანიკის მახლობლად მოკლეს მაშინ, როდესაც ის მორიგ მასალას იღებდა.

მუსტაფაევის მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ოფიციოზი დარწმუნებულია, რომ ოპერატორი სომხურმა ტყვიამ იმსხვერპლა. ყარაბაღის მხარე კი ამტკიცებს, რომ მუსტაფაევი „სახალხო ფრონტის“ მებრძოლებმა მოკლეს, რათა მას ხოჯალიში მომხდარი არ მოეყოლა.  არსებობს დაუდასტურებელი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ხოჯალიში გადაღებული მასალების გამო, მუთალიბოვმა  ოპერატორს სიფრთხილისაკენ მოუწოდა.

ვაჰიდ მუსტაფაევმა, რომელიც ხშირად მიჰყვებოდა თავის ძმას ფრონტის ხაზზე, აღნიშნა, რომ როდესაც აზერბაიჯანული ბატალიონი სომხურ სოფელ ნახიჩევანიკში შევიდა, ჯარისკაცებმა დასცინეს, – აი, გადაიღებს ჩინგიზი ორიოდე კადრს  და წავაო, – ამბობდნენ სამხედროები. „თუკი ასეთი მამაცი ხარ, ფრონტის ხაზზე გამოგვყევი და იქ გადაიღე“, – უთხრეს ჩინგიზს. ასე დაბრუნდა ჩინგიზი ნახიჯევანიკში, რომელსაც  იმავე „ეროვნული ფრონტის“  შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ.

“ ჩვენები კამერის წინ ყელს იღერებდნენ და ჰაერში დაიწყეს სროლა.  სომხებმა სროლას ნაღმმტყორცნის ცეცხლით უპასუხეს. მრავალჯერ ვნახე ის მასალები, რომლებიც ჩინგიზმა სულ ბოლოს გადაიღო და მივხვდი, რისი გადაღებაც სურდა. ჩემს ძმას უნდოდა, ნაღმის აფეთქების პროცესი გადაეღო. რამდენჯერმე ამოხტა სანგრიდან. ცდილობდა, მოსახერხებელი პოზიცია შეერჩია. ვიდეორგოლში ისმის ფრაზა: „ისევ დამისხლტა ხელიდან!“ უკანასკნელი ნაღმი მის გვერდით აფეთქდა. ჩინგიზი ძირს დავარდა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც  აგდამში ჩამოიყვანეს,  მაგრამ  საოპერაციო მაგიდაზე გადაყვანისას გული გაუჩერდა”, – ამბობს ვაჰიდი.

1992 წლის 3 მარტს ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უჩვენეს ის მასალები, რომლებიც მუსტაფიევმა გადაიღო – ვიდეორგოლში ჩანს მამაკაცი, რომელიც ქვითინით ეხუტება გარდაცლილი ბავშვის ცხედარს. მიცვალებულს წითელ ქურთუკი აცვია. ტალახსა და ნადნობ თოვლში კი პალტოებსა და თავსაფრებში გამოწყობილი ქალები წვანან. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თომას ჰოლცი წერს: „ფირი ჩაირთო და მომდევნო ათმა წუთმა ქვეყნის ისტორია შეცვალა“.

5 მარტს  საბჭოს შენობასთან ათობით ათასი მომიტინგე შეიკრიბა. მომიტინგეები მუთალიბოვის გადადგომას მოითხოვდნენ. იმავე დღეს გაიმართა უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ელმირა კაფაროვა გადადგა. უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარედ ბაქოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, იაკუბ მამედოვი აირჩიეს. მომიტინგეები შენობის პიკეტირებას განაგრძობდნენ და დეპუტატებს შენობის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. მუთალიბოვი მიმდინარე პროცესებს „სახელმწიფო გადატრიალების“ კვალიფიკაციას აძლევს და 6 მარტს თანამდებობას ტოვებს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნის პარლამენტის „ახლად გამომცხვარი“ სპიკერი, იაგუბ მამედოვი, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების  შემსრულებელი ხდება.

იმ დღეებში მომხდარ მოვლენებს მუთალიბოვი ასე აფასებს:

“ ჩემს გადადგომას იძულებითი ხასიათი ჰქონდა. წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი სკრუპულოზურად იყო მომზადებული – მემარჯვენეები და მემარცხენეები პრეზიდენტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გადავწყვიტე, კონფრონტაციაზე არ წავსულიყავი” 

ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ მისი გადადგომის შემდეგ სხვადასხვა ძალა ყარაბაღის თემით დაიწყებდა სპეკულირებას და სამხედრო ესკალაცია გარდაუვალი გახდებოდა:

“სახალხო ფრონტი აცხადებდა, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების უნარი არ გააჩნდათ. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა მოეცათ იმის გარანტია, რომ ამ ამოცანას გადაწყვეტდნენ. ორი გზა არსებობს – ან  გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას (მე ხომ გაუბედაობას მაბრალდებდნენ), ან კომპრომისი უნდა გამოინახოს…დავუშვათ,  მათ ძალების გაერთიანება შეძლეს.  ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს და ძნელია იმის თქმა, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში – მით უმეტეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში აღარავის სურს ომი”.

===========================================================================

აზერბაიჯანში ხოჯალის ტრაგედიაზე  პასუხისმგებლობას სომხურ შეიარაღებულ რაზმებს აკისრებენ. JAMnews-ის რეპორტაჟი ბაქოდან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ