ამ თავსაბურავის ისტორიას მისტიკური შლეიფი გასდევს. ფოტორეპორტაჟი" />

რას წარმოადგენს და როგორ მზადდება აზერბაიჯანული თავსაფარი „ქიალაღაი“

ამ თავსაბურავის ისტორიას მისტიკური შლეიფი გასდევს. ფოტორეპორტაჟი

ქიალაღაი ქალის ტრადიციული თავსაფარია, რომელიც აბრეშუმით მზადდება. ეს თავსაბურავი „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რეპრეზენტაციულ სიაშია შეტანილი.

რითია გამორჩეული ქიალაღაი? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ტიპის თავსაფრის დასამზადებლად მხოლოდ ნატურალური აბრეშუმი და ბუნებრივი საღებავი გამოიყენება.

ქიალაღაი თხელი, ნაზი და, ამავდროულად, ძალიან გამძლე კვადრატული ქსოვილია, რომლის თითოეული გვერდის სიგრძეც 160, ან 150 სანტიმეტრია. ასეთი კვადრატი იდეალურია თავისა და მხრების ლამაზად დასაფარად. ორნამენტების დატანის მეთოდი არ განსხვავდება იმ წესისგან, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოყალიბდა – თითოეული გამოსახულება გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს და დაშიფრული აზრის „წასაკითხად“ გამოიყენება.

ქიალაღაის მხოლოდ აზერბაიჯანში, კერძოდ კი ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში მდებარე ქალაქებში მზადდება – იქ, სადაც მეაბრეშუმეობაა განვითარებული.

ისმაილის რაიონში მდებარე სოფელი ბასკალი ქიალაღაის სამშობლოდ მიიჩნევა.  ამ დასახლებაში ექსკურსიებზე ჩამოდიან და თავსაბურავების დამზადების პროცესს აკვირდებიან.

ბასკალის აბრეშუმის ცენტრი „ქიალაღაი“ კერძო საამქროა, რომელიც ჯალილ ეფენდიევს ეკუთვნის. მისი თქმით, ადრე ბასკალში ყველა ორსართულიან სახლებს აშენებდა, იმიტომ რომ პირველ სართულზე აბრეშუმს ართავდნენ, მეორეზე კი – ღებავდნენ. ანუ სოფლის თითქმის ყველა მოსახლე ქსოვილის რთვა-ღებვის ოსტატი იყო.  

“ამ საღებავს თრიმლის ტოტიდან ვიღებთ. თრიმლს მოწითალო მერქანი აქვს. ტოტებს ვაჭრით, ქვაზე ვაწყობთ და გულდასმით ვნაყავთ. ამის შემდეგ წყალში ვყრით და ერთი საათის მანძილზე ვხარშავთ. ასე მზადდება საღებავი, რომელსაც სხვა ფერების მისაღებადაც ვიყენებთ”, – ამბობს ოსტატი ნიზამი.

ჯალილ ეფენდიევის თქმით, ქიალაღაიზე გამოსახულებები ყოველთვის სიმბოლიკის გათვალისწინებით დაიტანება:

“არ შეიძლება ორნამენტების ალალბედზე დატანა. თითოეულ ნახატს კონკრეტული მნიშვნელობა გააჩნია. მაგალითად, თავსაფრის პერიმეტრის გასწვრივ გამოსახული მთები წუთისოფელს, მატერიალურ სამყაროს განასახიერებს, შუა ნაწილზე გამოსახული ორნამენტი მიღმიერი სამყაროს სიმბოლოა”.

როგორც წესი, ქიალაგაიზე ყვავილები, ფრინველები და მზე გამოისახება ხოლმე. ქიალაღაის მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ – მეტწილად მასში დაშიფრული სიმბოლოების გამო. ოსტატებს სჯერათ, რომ ქიალაღაის ადამიანის დაცვის, განკურნებისა და მისთვის წარმატების მოტანის უნარი აქვს.

:ჯალილ ეფენდიევი:

იმ სივრცეში, სადაც ქიალაღაი იღებება, ყველას არ ვუშვებთ. როდესაც ბავშვი ავადმყოფობს, ღებვისთვის განკუთვნილ ოთახში შეგვყავს და ამის შემდეგ მოზარდი თავს უკეთესად გრძნობს ხოლმე“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ