რატომ ანიჭებენ უპირატესობას ყარაბაღელი სტუდენტები ყარაბაღულ უმაღლეს სასწავლებლებს" />

პატრიოტულად, იაფად და უსაფრთხოდ

რატომ ანიჭებენ უპირატესობას ყარაბაღელი სტუდენტები ყარაბაღულ უმაღლეს სასწავლებლებს

 ანჟელიკა ზახარიანი ახალგაზრდა პოლიტოლოგია. მან ბაკალავრიატიცა და მაგისტრატურაც სტეფანაკერტში, მისი სახლის მახლობლად მდებარე არცახის უნივერსიტეტში დაამთავრა.

“მშობლებმა არ გამიშვეს ერევანში სასწავლებლად. შორიცაა, და ძვირიც ჯდება,- ამბობს ანჟელიკა, – და მეც არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე. ეს ერთადერთი სასწავლებელია ყარაბაღში, სადაც პოლიტიკური ფაკულტეტი არსებობს.”

2016 წელს არცახის უნივერსიტეტში 487 სტუდენტი ჩაირიცხა. ბევრ მათგანთან  საუბრის შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამი მიზეზითაა გამოწვეული – ყარაბაღში სწავლა უფრო იაფია, უფრო უსაფრთხო და უფრო პატრიოტულია.

მოდით, სამივე არგუმენტი განვიხილოთ.

პირველი არგუმენტი

ყარაბაღში სწავლა უფრო იაფია

ანჟელიკას ოჯახმა მის განათლებაში წელიწადში 250 ათას დრამს [დაახლოებთ $530] იხდიდა.  ეს საკმაოდ საგრძნობი თანხაა ოჯახისთვის, მაგრამ გოგონას რუსეთში, ან თუნდაც ერევანში მსგავს ფაკლტეტზე რომ ესწავლა, გაცილებით მეტი დაუჯდებოდა. დასავლეთის ქვეყნებში სწავლა კი წელიწადში ათობით ათასი დოლარი დაჯდებოდა.

მთლიანობაში ანჟელიკა 6 წელიწადს სწავლობდა – 4 წელი ბაკალავრიატის დასასრულებლად დასჭირდა, 2 წელი კი – მაგისტრატურის. მისი განათლება ოჯახს 3 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა. ყარაბაღის მასშტაბებით, ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ობიექტურად კი ნამდვილად ხელსაყრელი ინვესტიციაა.

JAMnews-ის მიერ სტეფანაკერტში ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგების მიხედვით (ამ კვლელვის ობიექტები ახლანდელი სტუდენტები და ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც მცირე ხნის წინათ დაასრულეს სწავლა), სასწავლებლის არჩევისას ფინანსები მთავარი არგუმენტია.

დავიდ პაშიანმა ერევნის კონსერვატორია დაამთავრა, სამხედრო დირიჟორის სპეციალობით. წელს იგი სტეფანაკერტში, “მესროპ მაშტოცის” სახელით ცნობილ უნივერსიტეტში ეკონომიკის მათვის სამაგისტრო კურსზე ჩაირიცხა.

“მე, ფაქტობრივად, მეორე პროფესიას ვიღებ და ამისთვის წელიწადში 330 ათას დრამს ვიხდი [ დაახლოებით $700]. ვიცი, რომ ამ უნივერსიტეტის დიპლომით ბევრი სპეციალისტი მეზობელ სახელმწიფოებში, ან დასავლეთში კარგ სამსახურს პოულობს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს დავიდი.

მას პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძებნა სურს; და თუკი ყარაბაღში ვერ იპოვის სათანადო ადგილს, იგი მზადაა, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმატა იმ აბიტურიენთა რიცხვმა, რომლებიც მათემატიკის ფაკულტეტის ინფორმატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებზე აბარებენ.

“წელს ამ სპეციალობაზე 82 ადამიანი ჩაირიცხა – ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს. სავარაუდოდ, ყველა მათგანი იპოვის სამსახურს სტეფანაკერტში – თუნდაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც ასეთი სპეციალისტები ყოველთვის სჭირდებათ.”

ამჯამად სტეფანაკერტში სამი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს – უკვე ნახსენები არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ორი კერძო უმაღლესი სასწავლებელი – “მესროპ მაშტოცი” და “ნარეკაცი”.

ამას გარდა, ქალაქში სოფლის მეურნეობის კოლეჯი, სამედიცინო ტექნიკუმი და რამდენიმე პროფესიული ტექნიკუმიც არსებობს.

არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ცხრა ფაკულტეტსა და 29 სპეციალობას სთავაზობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია სომხური ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობები. მთლიანობაში უნივერსიტეტში დაახლოებით 3 ათასი სტუდენტი სწავლობს.

ყველა სტუდენტი იღებს სტიპენდიას 5 ათასი დრამის ოდენობით. სოფლებიდან ჩამოსულებს 10 ათას დრამი ერიცხებათ. განსაკუთრებულად ნიჭიერი სტუდენტები “პრეზიდენტის” სტიპენდიას იღებენ, რომელიც 25 000 დრამით განისაზღვრება.

ამას გარდა, ყარაბაღში არსებული ნებისმიერი სასწავლებლის  სტუდენტს უფლება აქვს, განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუკი ის მრავალშვილიან, ან სოციალურად დაუცველ ოჯახში გაიზარდა. მსგავსი შეღავათებით სარგებლობენ ასევე  თადარიგის ოფიცრების შვილები და ის ახალგაზრდები, რომელთა ერთი ან ორივე მშობელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია.

მეორე არგუმენტი

შინ სწავლა უფრო უსაფრთხოა

“სწავლების მეთოდების” ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების მეხუთე კურსის სტუდენტი, ილონა არუთიუნიანი ამბობს, რომ მშობლებმა სწავლის გასაგრძელებლად ერევანში წასვლა აუკრძალეს და თავადაც გადაწყვიტა, სკოლის დამთავრების შემდეგ სტეფანაკერტში დარჩენილიყო.

“არ მინდოდა, მშობლები და მშობლების სახლი დამეტოვებინა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ახლა ვნანობ – დიდ ქალაქში მეტი შესაძლებლობაა.”

ყარაბაღში არსებული ტრადიციების  მიხედვით, მშობელთა უმრავლესობა ქალიშვილებს სასწავლებლად სახლიდან შორს არ უშვებს.

გამონაკლისის სახით, ზოგიერთი გოგონა მაინც ტოვებს მშობლიურ სახლს და საცხოვრებლად  სხვაგან გადადის. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ბელა აგაჯანიანი, რომელმაც სკოლის დამთავრების შემდეგ არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და მაღალი ქულები მიიღო. ბელას ერევანში სწავლა შესთავაზეს. მამამისი ამ პერსპექტივამ მაინცდამაინც არ მოხიბლა, მაგრამ დათანხმდა. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი  ითამაშა იმან, რომ დედაქალაქში გოგონას უფროსი და ცხოვრობს.

როგორც წესი, ჭაბუკ აბიტურიენტებს მსგავსი პრობლემები არ უდგებათ – მშობლები მათ ნაკლებად მეურვეობენ და უფრო მეტად ენდობიან.

 მესამე არგუმენტი

ყარაბაღში სწავლა საკუთარი რესპუბლიკის მხარდაჭერას ნიშნავს

 ალექსანდრ ბრუტიანი უნივერსიტეტ “მესროპ მაშტოცის” ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

“მშობლები მზად იყვნენ, დამმხმარებოდნენ. შემეძლო, სწავლა ერევანში, ან რუსეთში გამეგრძელებინა, მაგრამ მე გადავწყვიტე, განათლება ყარაბაღში მიმეღო, – ამბობს ბრუტიანი, – პირველ რიგში, მიყვარს ჩემი მხარე და მიმაჩნია, რომ ეს რეგიონი უნდა განვითარდეს. ამას გარდა, მშობლებისა და მეგობრების დატოვება არ მინდოდა. მიმაჩნია, რომ თუ მართლა გინდა სწავლა, ამას სახლშიც მოახერხებ.”

“მესროპ მაშტოცი” პირველი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ყარაბაღში ომის შემდეგ დაარსდა. ეს სასწავლებელი 1997 წელს გაიხსნა. აქ 11 ფაკულტეტია. წელს სასწავლო პროცესს ახალი სპეციალობა, “კავკასიამცოდნეობა” დაემატა და შესაბამის ჯგუფში 20 სტუდენტი მოხვდა.

აქ სწავლის საფასური 220 ათასი დრამიდან 400 ათას დრამამდე მერყეობს [დაახლოებით $450-800]. სტუდენტები სტიპენდიებს არ იღებენ.

მსგავსი სიტუაციაა კერძო უნივერსიტეტ “ნარეკაციშიც”, სადაც 12 ფაკულტეტია. ამასთან, ამ სასწავლებელთან ფუნქციონირებს კოლეჯიც, სადაც სწავლის საფასური უნივერსიტეტში სწავლის ფასებს უახლოვდება და  260 ათასი დრამიდან 420 ათას დრამამდე მერყეობს.

ნარინე პეტროსიანი არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. “მისაღებ გამოცდებზე მაღალი ქულები მივიღე და ამიტომ უფასოდ ვსწავლობ. მშობლები წინააღმდეგნი არ იყვნენ, სწავლა სომხეთში გამეგრძელებინა. მე თვითონ გადავწყვიტე, განათლება ყარაბაღში მიმეღო.”

“ზოგიერთს სურს, ჯერ აქ მიიღოს განათლება, და შემდეგ შეეცადოს, საზღვარგარეთ გაემგზავროს, – ამბობს გოგონა, – მე სხვა გეგმები მაქვს. პირველი მაგისტრატურის დასრულებას აქ, არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ, მეორეს კი ერევანში დავამთავრებ. მინდა, კარგი ბუღალტერი გავხდე და ყარაბაღში არსებულ რომელიმე კომპანიაში დავიწყო მუშაობა.”

 

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ