"თვითმფრინავის ბიჭებზე" ფილმი 20 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებშია" />

“მძევლები” ანუ როდესაც ფინალი უკვე იცი

"თვითმფრინავის ბიჭებზე" ფილმი 20 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებშია

“მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე გაიმართა. 20 აპრილიდან კი რეზო გიგინეიშვილის ფილმი უკვე საქართველოს კინოთეატრებში გამოდის. კინოსურათს საფუძვლად უდევს თვითმფრინავის გატაცების ტრაგიკული ისტორია, რომელიც 1980-იან წლებში საბჭოთა საქართველოში მოხდა.

“მძევლები” ნამდვილ ამბავზეა. ამბავზე, რომელიც 1983 წლის 18 ნოემბერს მოხდა. ამ დღეს შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ თბილისის აეროპორტში ბათუმის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ტუ-134 გაიტაცა.

გეგმა ასეთი იყო – შეიარაღებულ გამტაცებლებს თვითმფრინავი თურქეთში უნდა დაესვათ, შემდეგ კი იქიდან დასავლეთში გაქცეულიყვნენ. იქ კი დაიწყებოდა კარგი ცხოვრება – თავისუფლება, ამერიკა.

თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. გამტაცებელთა გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც აღმოაჩინეს, რომ რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ კვლავ თბილისის აეროპორტში დაეშვა.

თვითმფრინავი სპეცრაზმმა შტურმით აიღო. ბორტზე, რომელზეც 57 მგზავრი იმყოფებოდა, ორმხრივად გაჩაღებულ სროლას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის – ორი გამტაცებლის. საქმეში წერია, რომ თვითმფრინავს გარედან 108 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

გამტაცებლებს შორის იყვნენ 22 წლის მსახიობი გეგა კობახიძე და მისი სტუდენტი მეუღლე თინა ფეტვიაშვილი. წყვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე ერთი დღით ადრე იქორწინა.

გამტაცებელთაგან ორი თვითმფრინავში სროლისას დაიღუპა. დანარჩენებს კი სასამართლომ უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა მიუსაჯა. სასიკვდილო განაჩენს მხოლოდ თინა ფეტვიაშვილი გადაურჩა – ერთადერთი ქალი გამტაცებლებს შორის. მას 14 წელი მიუსაჯეს.

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ამ თემას 8 წელი უტრიალებდა – მასალებს აგროვებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაღუპულთა ოჯახებში არსებულ არქივებს ეცნობოდა, სცენარის ავტორთან – დრამატურგ ლაშა ბუღაძესთან ერთად ძველ ინტერვიუებს, დაკითხვის ოქმებს სწავლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის ამოცანა დოკუმენტური მასალის შექმნა არ ყოფილა (ფილმში გმირების სახელებიც კი შეცვლილია), ამ შეკრული წრიდან თავის დაღწევა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა. რადგან “თვითმფრინავის ბიჭები” ეს არის თემა, რომელიც ბევრჯერ გამხდარა და გახდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. რომელსაც დღემდე ვერ გაეცა პასუხები და ისეთივე სიმძაფრით იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, როგორც მაშინ, 34 წლის წინ.

რამდენიმე ახალგაზრდას ხედავ. ფრაგმენტულად, ზედაპირულად. მათზე ბევრს ვერაფერს იგებ, ამის დრო აქ არავის აქვს. ლაშა (გიორგი ხურცილავა) და ირაკლი (ვახო ჩაჩანიძე) ძმები არიან, ექიმები. ის კიდევ… არ ვიცი, ოთო ჰქვია (გიორგი ტაბიძე ფილმში მამის, გია ტაბიძის როლს ასრულებს) და შვილი ჰყავს პატარა, მარტო ეგ ჩანს. კიდევ სანდრო (გიორგი გრძელიძე) და კოკა (გიგა დათიაშვილი) არიან. ნიკას (ირაკლი კვირიკაძე) და თინას (თინა დალაქიშვილი) მალე ქორწილი ექნებათ, ემზადებიან. ერთი შეხედვით, დიდი არაფერი ხდება. სახეებს აკვირდები, ცდილობ რაღაცები ამის მიღმა დაინახო, ამოიკითხო.

ფილმის მთავარი გმირები, ნიკა (ირაკლი კვირიკაძე) და თინა (თინა დალაქიშვილი)

რამდენიმე დღე ქორწილამდე, ქორწილი და თვითმფრინავის გატაცება – ფილმში ყველაფერი ამ სამი ძირითადი ეპიზოდის გარშემო ტრიალებს.

არა აქვს მნიშვნელობა, რას უყურებ – ფინალურ სცენას, სადაც სამართალდამცველებს შიშისგან გაფერმკრთალებული, დასისხლიანებული მეამბოხე გამტაცებლები მოჰყავთ, თუ ქორწილის ხმაურსა და ტაშ-ფანდურში მოცეკვავე ბედნიერ ნეფე-პატარძალს – მთელი ფილმის განმავლობაში მოღუშულ, ავის მომასწავებლად ჩახუთულ გარემოში ხარ გამომწყვდეული.

მართალია, ემოციურად და სტილისტურად ფილმი მართლაც ძალიან მძაფრად გადმოსცემს სათქმელს, გამახსოვრდება ეს ინფანტილური, თავდაჯერებული სახეები, რომელზეც ხან სიმამაცე და ხან დაზაფრული შიში წამით გაიელვებს ხოლმე. მაგრამ კონტექსტის გაანალიზების გარეშე ხელში გვრჩება ამბავი ბიჭებზე, რომლებმაც ოთხმოცდარაღაცაში თვითმფრინავის გატაცება სცადეს. სცადეს და მორჩა.

შესაძლებელია, დანაკლისის განცდა სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ ამ უკიდეგანო, მრავალი შრისგან შემდგარი ზღვა მასალის მხოლოდ ერთ ფრაგმენტამდე – გატაცებამდე – დაყვანა, თითქმის შეუძლებელს ხდის მის მთლიანობაში გააზრებას და სურათის ფართოდ დანახვას.

ვინ არის აქ სინამდვილეში მძევალი? ის, ვინც თუნდაც ძალადობრივი გზით ცდილობს მარწუხებიდან თავის დაღწევას თუ ის მშვიდობიანი მოქალაქე, ვინც მძევლად აყვანილი აღმოჩნდა თვითმფრინავში? მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სათაური ორაზროვნად ტოვებს ამ კითხვას, ხაზგასმული ინფანტილიზმის, გმირებში არსებული პანიკური შიშის თუ ფილმის ბოლოში თინას და ნიკას დედას შორის გამართული საუბრის შემდეგ ხვდები, რომ ფილმის ავტორებმა ბოლომდე ვერ მოახერხეს გმირებისგან დისტანცირება. მიუხედავად მცდელობისა, ფრთხილად გაევლოთ ისტორიის ბასრ ზედაპირზე, გარკვეული მითოსური ელფერი ფილმში მაინც იგრძნობა.

ერთი ეპიზოდი მახსენდება: თვითმფრინავი იძულებით თბილისშია დაშვებული, გამტაცებლები მძევლებს არ უშვებენ. ორი მძევალი სისხლისგან იცლება, სხვა დაჭრილებიც არიან. ამ დროს, გადაწყვეტენ, რომელიმე მძევალი ამოირჩიონ და ამბის გასატანად გარეთ გაუშვან. თვითმფრინავში რაღაც მონოტონური ხმები გესმის. უცებ პატარა ხელებს ხედავ, მძევალი ბიჭი სკამზე ზის და სიბნელეში, “ნუ პაგადის” თამაშობს – კალათით კვერცხებს აგროვებს. თან ცრემლები ღაპაღუპით მოსდის.

ყველაზე გამორჩეული მაინც ქორწილის მეორე დღის სცენაა. ნიკას სახლია, საღამოა. ოთახში სტუმრები არიან, ახალგაზრდების გაბედნიერებას აღნიშნავენ და თან აეროპორტში აცილებენ. ნიკას და თინას თაფლობის თვე ეწყებათ, ბათუმში მიდიან. სახლიდან გასვლისას ხედავ ნიკას სახეს, ის თითქოს რაღაცაზე დაფიქრდება და… ტრიალდება, სახლში ბრუნდება. ყველას ჩამოუვლის – ვიღაცას კოცნის, ვიღაცას ჩქმეტს, ვიღაცას რაღაცას ეუბნება, უღიტინებს, მაიმუნობს, მაგიდის ქვეშაც კი გაძვრება. კამერა უკან დაჰყვება და თითოეულ ემოციას აფიქსირებს. ფონად მუსიკა ისმის, უფრო სწორად, რაღაც კაკაფონია, რომელიც სარეპეტიციოდან გამოსულ ჟღერადობას უფრო ჰგავს, არეულს და უსწორმასწოროს. უყურებ ამ ეპიზოდს, ისმენ ამ ხმაურს და ენითაუწერელი შფოთვის განცდა გეუფლება.

იდეალურად შექმნილი კლაუსტროფობიული გარემო და საბჭოთა კავშირი ასე ახლოს, დიდი ხანია, აღარ მინახავს. ეს, უდავოდ, ფილმის მხატვრის, კოტე ჯაფარიძის და ოპერატორის, ვლადისლავ ოპელიანცის დამსახურებაა. კარგია ფილმის სამსახიობო დასიც, განსაკუთრებით, ნიკას დედის როლის შემსრულებელი დარეჯან ხარშილაძე. და კიდევ რიტმი, ფილმის ეს რიტმი, რომელიც 103 წუთის განმავლობაში წამითაც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.

“მძევლები” დრამაა. დრამა კათარზისის გარეშე.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ