აქციის სასტიკი დარბევა" />

მსგავსი შემთხვევა ერევანს არ ახსოვს

აქციის სასტიკი დარბევა

17 ივლისს შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორია დაიკავა და ერთი თვის წინათ დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება მოითხოვა. “დამფუძნებელი პარლამენტის” ლიდერი, ჟირაირ სეფილიანი იარაღის უკანონოდ შეძენის, გადატანისა და შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

17 ივლისს დაჯგუფება სასნა ცრერის (ითარგმნება, როგორც “შლეგები სასუნიდან”) მოითხოვდნენ, რომ მათთან მიეყვანათ სეფილიანი და განაცხადეს, რომ მხოლოდ ჟირაირის ბრძანებებს დამორჩილდებოდნენ. ამას გარდა, დაჯგუფების წევრები მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომასაც. დაჯგუფებისა და მათი მოთხოვნების მხარდაჭერა გადაიქცა მოძრაობად, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჰყავს.

2016 წლის 29 ივლისის 14:00-დან 2016 წლის 30 ივლისის 14:00-მდე

თავიდან მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრესკლუბ “ასპარეზის” ხელმძღვანელის, ლევონ ბარსეგიანის წინააღმდეგ აღძღული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. იგი პოლიციამ 27 ივლისს დააკავა მას შემდეგ, რაც ბარსეგიანმა დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებისა და მათი მოთხოვნების  მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ლევონ ბარსეგიანს ბრალად  “ცივი იარაღის ტარება” დასდეს.

 29 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ექსპერტიზა ჩაატარა და დაასკვნა, რომ დასაკეცი დანა, რომელიც ჟურნალისტს უპოვეს, ცივი იარაღი არ არის. 16:30-ზე, როდესაც ლევონ ბადასიანი პრესკონფერენციაზე გამოვიდა და საზოგადოებას თავისი დაკავებისა და განთავისუფლების წვრილმანებზე ელაპარაკებოდა, გავარდა ხმა, რომ პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე სროლის ხმა გაისმა.

შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, ვარუჟან ავეტისიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელებმა ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი “მარტოხელა მგელის” მეტსახელით ცნობილი არაიკ ხანდოიანი დაჭრეს. ავეტისიანის თქმით, პოლკის ტერიტორიას უპილოტო თვითმფრინავმა გადაუფრინა. ხანდოიანმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ამ მოწყობილობიდან ბომბი ხომ არ ჩამოვარდა, და სწორედ ამ მომენტში დაიჭრა ის სნაიპერის ტყვიით.

 ჟირაირ სეფილიანმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ საპროტესტო ტალღის აგორებით “სასნა ცრერის” წევრებმა თავიანთი მისია შეასრულეს, ახლა კი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უნდა ეზრუნათ. სეფილიანის განცხადებით, შეიარაღებულ დაჯგუფებას საკმარისი ძალა აქვს საიმისოდ, რომ პოლიციას სერიოზული დარტყმა მიაყენოს.

თუმცა, 20:00-ზე ერებუნის სამედიცინო ცენტრში შეიარაღებული ჯგუფის კიდევ ორი წევრი მიიყვანეს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მხოლოდ არაიკ ხადოიანი არ იყო დაჭრილი.

  ამ დროს თავისუფლების მოედანზე, ხელისფლების შეცვლისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგი მიტინგი მიმდინარეობდა. მომიტინგეება ისიც აღნიშნეს, რომ დაუშვებელია მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დათმობა. ჩვეულებისამებრ, საკოორდინაციო ჯგუფის გამოსვლის შემდეგ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

ხალხმრავალი მსვლელობის ბოლო პუნქტად დაჯგუფება “სასნა ცრერის” მიერ დაკავებული პოლიციის პოლკის მიმდებარე ტერიტორია იქცა. აქ დემონსტრანტებს ელოდათ პოლიცია, რომელიც ამ შემთხვევაში კატეგორიული აღმოჩნდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილეს, რომ მათი დემონსტრაცია უკანონო იყო და მომიტინგეებს მოსთხოვეს, დაშლილიყვნენ.

დაკავებული პოლკის ტერიტორიიდან სროლის ხმა ისმოდა. ვერავინ ამბობდა დარწმუნებით, თუ რა ხდებოდა. თუმცა, აქციის მონაწილეები ვარაუდობდნენ, რომ ეს სროლა “სასნა ცრერის” წევრების მათდამი მისალმების ნიშნად იყო.

პოლიცია აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ აქცია უკანონოა და მოითხოვდა, რომ დემონსტრანტები დაშლილიყვნენ. მოთხოვნის შესასრულებლად გამოიყო 5 წუთი. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არ დაიშლებოდნენ, მაგრამ ყველაფერს იღონებედნენ იმისთვის, რომ შეტაკება და პროვოკაცია არ მომხდარიყო.

დაახლოებით 22:30-ზე გაისმა სროლის ხმა და უამრავი პოლიციელი შეკრებილ ხალხში შეიჭრა. ისინი ყველას იჭერდნენ და ძალიან მოკლე დროში აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. პოლიცია უკიდურესი აგრესიულობით გამოირჩეოდა და ამჯერად არც ჟურნალისტები დაინდო.

მათ სცემდნენ, ართმევდნენ და ულეწავდნენ კამერებსა და ჩამწერ მოწყობილობებს. ბევრი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები აკეთებდნენ. მოვლენების გაშუქებაში მონაწილე პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალება დაზარალდა.

JAMnews-ისთვის მომუშავე ფოტოგრაფს ერთი კამერა წაართვეს და დაულეწეს. ამის გამო, 29 ივლისის მოვლენებს არა საკუთარი, არამედ სააგენტო Photolure-ის ფოტომასალით წარმოგიდგენთ.

ომბუდსმენმა არმან ტატოიანი გამოვიდა მოწოდებით, სასწრაფოდ მიეცეს განმარტება  სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტებს.

პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი, აშოტ არაგონიანი, განვითარებული მოვლენების პარალელურად, თავის “ფეისბუქვერდზე” ჩანაწერებს აკეთებდა. აი, რა დაწერა მან ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის შესახებ:

“პოლიციამ განსაკუთრებული საშუალებები გამოიყენა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიის გარშემო არსებული ზონის გარღვევას  ცდილობდნენ. მოხდა შეტაკება, რომლის შედეგადაც, სამწუხაროდ, მასმედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. წინასწარი მონაცემების მიხედვით, დაზიანებულია ტექნიკა. მასმედიასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ განიხილება და გამოვლინდება საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რასაც დამატებით გაცნობებთ.”

არაგონიანმა ისიც აღნიშნა, რომ დაკავებული პოლკის ტერიტორიიდან გასროლის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

“როდესაც მომიტინგეები შეეცადნენ, უსაფრთხოების ზონას მიახლოვდებოდნენ და ღობე გაერღვიათ, საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიიდან სხვადასხვა მიმართულებით გახსნეს ცეცხლი პოლკის ტერიტორიის გარეთ მყოფმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.”

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლკის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია იგეგმება და ამ ოპერაციისთვის საზღვარგარეთიდან რამდენიმე სნაიპერია მოწვეული, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მაღალჩინოსნები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერი მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის კეთდებოდა, რაზეც მოსახლეობა პასუხობდა, რომ მოქალაქეებს უკვე თავად პოლიციისგან სჭირდებოდათ დაცვა.

ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ერევნის სამედიცინო დაწესებულებებში 60 დაშავებული გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტურნერნ იაგლანდმა სომხეთში მძევლების აყანის ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა: “ყველას, ვინც ამ საშიშ სიტუაციასთან აქვს კავშირი, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაყარონ იარაღი და დემოკრატიულ მეთოდებს დაუბრუნდნენ. კონფლიქტი პოლიტიკური დიალოგით უნდა გადაწყდეს.”

ღამით პარლამენტის დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა თავის “ფეისბუკგვერდზე” დაწერა: “მკაცრად ვგმობ პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონასტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ უკანონო ქმედებებს. მოვითხოვ პოლიციის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციელთა რიგები გაარღვიეს, აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს.” 

სოციალურ ქსელებში

ამ ღამით ერევანში არც ისე ბევრ ადამიანს ეძინა. მრავალი მოქალაქე განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკში აფასებდა.

პირველი ტენდენცია: აუცილებელია მომხდარის სამართლებრივი შეფასება და დამნაშავეების დასჯა 

“ვერ ვმშვიდდები. ჟურნალისტების წიააღმდეგ უხეში ძალის გამოყენებაში დანაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ. ვინ აანაზღაურებს მათ მორალურ და მატერიალურ ზარალს ვინ აგებს პასუხს ხელკეტებით დაზიანებულ ზურგებზე, პიროტექნიკის საშუალებებით დაწვარ სახეებზე, ხელებსა და ფეხებზე, დალეწილ ფოტოაპარატებსა და ვიდეოკამერებზე? დარწმუნებული ვარ – არავინ.”

მეორე ტენდენცია: ეს იყო ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია

“აქ უბრალოდ კი არ არბევდნენ მიტინგს, არამედ ანგარიშსწორებით იყვნენ დაკავებულები. შეადარეთ იმას, თუ როგორ არბევენ აქციებს სხვა ქვეყნებში. დემონსტრანტებს მახეში არ იმწყვდევენ.”

მესამე ტენდენცია: ხელისუფლებამ საბოლოოდ მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია 

“როგორც ვხვდები, ხალხისათვის ხელისუფლების გადადგომა აღარ იქნება საკმარისი. აუცილებელი გახდა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს იმ დანაშაულებს, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს.”

“131 დეპუტატიდან ალბათ მხოლოდ ხუთი ან ექვსი პარლამენტარი დაგმობს შექმნილ სიტუაციას. დანარჩენები შვებულებაში არიან. ეროვნულო კრებავ, უკაცრავად… პარტიებით სავსე ეროვნულო გვამო,  კიდევ რამდენი დაჭრილი გჭირდებათ იმისთვის, რომ ენა ამოიდგათ?” 

ექსპერტთა მოსაზრებები

სერგეი მინასიანმა (კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე) ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს არსებული პრობლემა:    

“პირველი ვარიანტი, რომლის იმედიც შეიარაღებული დაჯგუფების მხარდამჭერების უმრავლესობას აქვს და რომელიც ყველაზე ნაკლებად რეალისტურია, არის ხელისუფლების მშვიდობიანი (რეალურად კი არც ისე მშვიდობიანი) შეცვლა, რომლის შემდეგაც სომხეთი ახალ შვეიცარიად გადაიქცევა, ან შესაძლოა, აქტიური სამოქალაქო დაპირისპირების, ან სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდეს…

მეორე ვარიანტი უფრო რეალისტური, მაგრამ ნაკლებად ოპტიმისტურია სომხეთის საზოგადოებისათვის. ხელისუფლება მეტ-ნაკლებად უსისხლოდ (ან ძალიან მცირე დანაკარგებით) შეძლებს სიტუაციის დარეგულირებას, რის შემდეგაც განხორციელდება იმ მოლოდინების ნაწილი, რაც აქვს საზოგადოებას. მაგალითად, შეიძლება გადადგეს მთავრობა და აღმასრულებელი (ერთი წლის შემდეგ კი საკანონმდებლო) ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ახალი სახეები გამოჩნდნენ. ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული, გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებშიც გატარდეს. საზოგადოებაში  უკიდურესი უკმაყოფილება დარჩება, მაგრამ მაინც მოითმენს უკეთესის იმედით.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხელისუფლება სიტუაციის მოგვარებას შეძლებს, ყველაზე რეალისტური იქნება მესამე და ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტური ვარიანტი, როდესაც ხელისუფლება ამ ყველაფრიდან დასკვნებს არ გააკეთებს და მხოლოდ რაღაც დეკორატიული რეფორმები გატარდება. სავარაუდოდ,  სახელისუფლებო ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ არსებითი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და საკადრო ცვლილებები არ მოხდება.

ამის შედეგად შეიძლება ვივარადოთ, რომ მსგავსი მოვლენები უახლოეს მომავალში კიდევ მოხდება, მაგრამ ეს მოგვიანებით და სხვა ადამიანების მონაწილეობით შეიძლება განმეორდეს.”

გამოქვეყნდა: 30.07.2016


ასევე წაიკითხეთ